თბილისის ქუჩების განათება 1850-იანი წლებით თარიღდება. განათება ჯერ სანთლებით, შემდგომ კი ნავთისა და გაზის ფანრების საშუალებით ხორციელდებოდა, რომლებიც თუჯის ბოძებზე იყო დამაგრებული.
იმ პერიოდის თბილისში ფუნქციონირებდა სადენებისა და ელექტრომოწყობილობების ორი მთავარი მიმწოდებელი კომპანია: „სიმენსი და ჰალსკე” და „შუკერტი და კომპანია”. „სიმენსის” პირველი ფილიალი მთელი რუსეთის იმპერიის მასშტაბით, პირველად თბილისში, 1860 წელს გაიხსნა და მას კომპანია „სიმენსის” დამფუძნებლის, ვერნერ ფონ სიმენსის უმცროსი ძმები – ვალტერ და ოტო სიმენსები ჩაუდგნენ.
ელექტროგანათება უკვე ფეხს იკიდებდა პარიზსა და ბერლინში, ამიტომ 1884 წლის 20 ნოემბერს, გამოჩენილმა ეკონომისტმა და საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ ქალაქის საბჭოში შეიტანა წინადადება, რომლის მიხედვითაც, თბილისის ქუჩების განათება ნავთის ფანრების ნაცვლად, ბუნებრივი აირით, ან ელექტროენერგიით უნდა განხორციელებულიყო. თუმცა საზოგადოება კიდევ რამდენიმე წელი ბჭობდა დედაქალაქის განათების საშუალებებზე. რომელი აერჩიათ – აირი თუ ელექტროენერგია.მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს თბილისის ქუჩები პირველმა თბოელექტროსადგურმა გაანათა.
1887 წელს, ილია ჭავჭავაძის მოთხოვნით, ქალაქ თბილისის დრამატული თეატრის გასანათებლად თბური ძრავები დამონტაჟდა. სამუშაოები შვედურმა კომპანია “ბლანშე”-მ ჩაატარა.განათდა რამდენიმე ადმინისტრაციული შენობაც, მათ შორის სათავადაზნაურო ბანკი.
1895-96 წლებში კი, ძმები თამამშევების ქარვასლასა და სახაზინო თეატრში ორი ელექტროსადგური ამუშავდა. იმავე პერიოდში ამუშავდა პირველი საქალაქო ელექტროსადგურიც. მეოცე საუკუნის დასაწყისში, თბილისის მსხვილ შენობებს უკვე საკუთარი ელექტროსადგურები ჰქონდათ. თბილისში ათასამდე ქუჩის განათების ფანარი ფუნქციონირებდა, მათ შორის – 54 ელექტრონათურა.