ყველაფერი ნამახვანის შესახებ – მითები და რეალობა

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ ნამახვანი ჰესი საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია, ვინაიდან ჰესების მშენებლობა, როგორც ადგილობრივი ელექტროსისტემისთვის, ასევე იმპორტის ჩანაცვლების მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საქმეში ჩახედული ექსპერტების თქმით, ნამახვანჰესი ჩვენი ენერგეტიკის ერთ-ერთი საკვანძო პროექტია, რომელიც იმპორტზე დამოკიდებულების შემცირებაში დაგვეხმარება. მისი გამომუშავება საქართველოს ელექტროენერგიის წლიური მოხმარების დაახლოებით 12 პროცენტს შეადგენს.

ნამახვანი ჰესის დადგმული სიმძლავრე 430 მგვტ იქნება და შეძლებს 1,5 მლრდ კვტსთ ელექტროენერგიას გამომუშავებას.

სპეციალისტები ამბობენ, რომ ნამახვანჰესის ექსპლუატაციაში შესვლა გააძლიერებს საქართველოს ენერგო სისტემას, რაც შესაძლებელს გახდის დამატებით ახალი ქარისა და მზის ელექტროსადგურების აშენებას.

ნამახვანი ჰესის პროექტს ნორვეგიულ-თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ ახორციელებს, რომლის უკანაც დგას ნორვეგიასა და თურქეთის წამყვანი კომპანიების მრავაწლიანი საინჟინრო გამოცდილება.

რა სარგებელი მოაქვს ნამახვან ჰესის პროექტს?

  • 800 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რაც პოსტპანდემიურ პერიოდში უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისთვის;
  • 1600 – ზე მეტი საქართველოს მოქალაქის დასაქმება. ამასთან, დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი ხეობის მოსახლეები იქნებიან;
  • რიონის ხეობის განვითარების 5-მილიონიანი ფონდის ფორმირება, რომლითაც დაფინანსდება ხეობის მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტები. ფონდის ფინანსების ხარჯვის პროცესს ასევე გაუწევენ მონიტორინგს ხეობის მცხოვრებნი.
  • ინვესტორი კომპანიის მხრიდან ადგილობრივი მეღვინეობისა და მეთაფლეობის მხარდაჭერა;
  • ოპერირების პერიოდში დაახლოებით 120 მლნ აშშ დოლარზე მეტი ქონების გადასახადის გადახდა ადგილობრივ ბიუჯეტში, რომლითაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და სოციალური პროგრამების დაფინანსება მოხდება;
  • ქუთაისი (ჭომა) ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 28 კილომეტრიანი ნამოხვანი-ალპანას მონაკვეთის მშენებლობა, რომლის ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს და რომელიც დასრულებისთანავე საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადაეცემა;
  • პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი ოჯახებისთვის გადახდილი მიწისა და ქონების კომპენსაცია, რომელიც ამ მომენტისთვის ჯამურად 35 მილიონამდე ლარს შეადგენს.
  • მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების განხორციელება, რომელთა მიზანი საპროექტო არეალში მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებაა.

პროექტის ავტორები ამბობენ, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არაერთი მითი გაავრცელა, ზოგმა შეგნებულად, ზოგმა გაუთვიცნობიერებლად. მათ შორის:

მითი 1

რიონის ხეობა მთავრობამ თურქებს გადასცა?

რეალობა – სახელმწიფოს “მთელი რიონის ხეობა” თურქული კომპანიისათვის არ გადაუცია. ინვესტორთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ხვდება ჰესის ზემოქმედების არეალში, ის კონკრეტული ტერიტორია, სადაც უშუალოდ შენდება და განთავსდება ჰესის ნაგებობები, ან მოყვება დატბორვის ზონაში, გადაეცემა ინვესტორს კონკრეტული მიზნით, რაც გულისხმობს აღნიშნულ ტერიტორიებზე ჰესისა და კაშხლის მშენებლობას. მიწები დაყოფილია ორ კატეგორიად, მიწები, რომელთა რეგისტრაცია დასაშვებია კერძო საკუთრებაში და მიწის ნაკვეთები, რომელთა საკუთრების უფლებით რეგისტრაცია დაუშვებელია (მდინარის კალაპოტი). ამ უკანასკნელი კატეგორიის მიწებთან მიმართებით, გამოყენებულ იქნა აღნაგობის უფლება.

მითი 2

ინვესტორი კომპანია პროექტის ასაშენებლად თურქეთის მოქალაქეებს დაასაქმებს და ხეობაში ეროვნებით თურქებს ჩამოასახლებს.

რეალობა – ინვესტორი კომპანია „ენკა რინიუებლზი“ საინჟინრო და ენერგეტიკულ სექტორებში ავტორიტეტული და მაღალი რეპუტაციის მქონე ნორვეგიული და თურქული კომპანიების შვილობილი კომპანიაა. პროექტის მშენებლობაზე 2000 ადამიანის დასაქმებაა განსაზღვრული, მათგან აბსოლუტური უმრავლესობა 80 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება. ამასთან, მათგან დიდი ნაწილი სწორედ რიონის ხეობის მოსახლეები იქნებიან. უკვე დღეს „ენკა რინიუებლზი“ ხეობის უმსხვილესი დამსაქმებელია.

მითი 3

ინვესტორმა კომპანიამ ისე აიღო მშენებლობის ნებართვა, რომ არ ჩაუტარებია კვლევები ხეობაში.

რეალობა – კომპანია „ენკა რინიუებლზის“ დაკვეთით ჩატარდა არაერთი კვლევა, რომელთა შედეგადაც ნამახვანი ჰესი დააკმაყოფილებს ყველა თანამედროვე მოთხოვნებს უსაფრთხოების მიმართულებით. კერძოდ, ინვესტორის დაკვეთით კომპანიამ „პიეტრანჯელიმ“ (იტალია) განახორციელა:

  • ძირითადი დიზაინის გადამოწმებისა და საბჭოთა კავშირის დროინდელი ადრეული კვლევების შესწავლა
  • ტოპოგრაფიული გამოკვლევა
  • ბათიმეტრია
  • გეოლოგიური გამოკვლევები
  • ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევები
  • გეოფიზიკური კვლევები
  • სოციალური და ეკოლოგიური კვლევები და ა.შ.

გარდა ამისა, გლობალურმა საინჟინრო კომპანიებმა Stucky Ltd (შვეიცარია) და Temelsu int – მა (თურქეთი) გადაამოწმეს პროექტი და ჩაატარეს დამატებითი კვლევები, გეოდეზიური გამოთვლები, საინჟინრო სამუშაოები და ნახაზები.

ნამახვანი ჰესისთვის ჩატარებული კვლევები გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე საქართველოში არსებულ მსგავს პროექტებზე ადრე განხორციელებული ნებისმიერი სხვა კვლევა.

მითი 4

ნამახვანი ჰესი გათვლილია 5-ბალიან მიწისძვრაზე და გამსკდარი კაშხლიდან წყალი 19 წუთში დატბორავს ქუთაისსა და დასავლეთ საქართველოს 17 მუნიციპალიტეტს.

რეალობა – გრავიტაციული კაშხალი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის. 1963 წლიდან მსოფლიოში არ დაფიქსირებულა 100 მეტრზე მაღალი ბეტონის კაშხლის ნგრევის არც ერთი შემთხვევა.

იმის გათვალისწინებით, რომ ნამახვანი წარმოადგენს ბეტონის გრავიტაციულ კაშხალს და უსართხოების უმაღლესი სტანდარტებია გათვალისწინებული, ყველაზე ძლიერი, მიწისძვრაც კი ვერანაირ ზიანს ვერ აყენებს კაშხლის კორპუსს და მისი ჩამონგრევის ალბათობა არ არსებობს. ნამახვანის კაშხალი გაუძლებს ყველაზე მაღალი აჩქარების სიმძლავრის მიწისძვრას. არსებული საინჟინრო სეისმური კვლევები გადამოწმებულია საერთაშორისო კონსულტანტებისა და კომპანიების მიერ. მაგალითად, Stucky– მ (შვეიცარიაში დაფუძნებული საერთაშორისო საინჟინრო კომპანია) ჩაატარა ანალიზი სასრული ელემენტის მეთოდით და კაშხლის კორპუსის მოდელირება მიწისძვრისას. უკეთესი ნამახვანისთვის ინიციატივის მიხედვით, მთავრობასთან შეთანხმებით ინვესტორი კომპანია არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას მანამ, ვიდრე არ მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის ვალიდაცია. იმისთვის, რომ გამოირიცხოს ნებისმიერი ეჭვი, ამ კვლევებისთვის სახელმწიფო თავად დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, მათ შორის ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს, მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველ სპეციალისტებს.

ასევე დაგეგმილია შეიქმნას დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან და მათ შორის, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. საბჭო ზედამხედველობას გაუწევს პროექტს იმისთვის, რომ საბოლოოდ გამოირიცხოს მის უსაფრთხოებაზე რაიმე ეჭვები.

მითი 5

ნამახვანჰესის მშენებლობა გამოიწვევს კარსტული მღვიმეების დატბორვას და განადგურებას.

რეალობა – ქვემო ნამახვანი ჰესის ტერიტორიაზე კარსტული მღვიმეები არ მდებარეობს. ჰიდროგეოლოგიური გამოკვლევების თანახმად, კარსტულ მღვიმეებს არანაირი სართხე არ ემუქრება.

მითი 6

საქართველოს არ სჭირდება ახალი ჰესების მშენებლობა, რადგან დენის მოხმარება საქართველოში არ იზრდება.

რეალობა – 2009-2019 წლებში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად დაახლოებით 5%-ით იზრდება. ეკონომიკის ზრდასთან ერთად ხდება ელექტროენერგიაზე მოთხოვნის ზრდა. რეალური მშპ-ს 1 %-იანი ზრდა, ყველაზე პესიმისტური გათვლებით, ენერგიის მოხმარებას ზრდის მთლიანი მოხმარების 0.59%-ით. საქართველოში მშპ-ის ზრდის პარალელურად, ყოველთვის დადებითი იყო ელექტროენერგიის მოხმარების ტენდენციები.

პროგნოზირებული ენერგოდეფიციტის დასაძლევად, საქართველოს სასიცოცხლოდ აუცილებლად ესაჭიროება მის ხელთ არსებული ენერგეტიკული რესურსების, განსაკუთრებით კი ჰიდრორესურსების ათვისება.

მითი 7

ახალი ჰესების მშენებლობა საჭირო არ არის. უნდა მოხდეს არსებული ჰესების რეაბილიტაცია, შედეგი იგივე იქნება.

რეალობა – ძველი ჰესების რეაბილიტაცია (ზოგიერთი მათგანი დაახლოებით 70 წლისაა), ვერ მოახდენს გავლენას საერთო გენერაციის ზრდაზე და ასევე დაკავშირებულია გარემოზე ზემოქმედების რისკებთან.

მითი 8

ელექტროენერგიის იმპორტი უფრო მომგებიანია ქვეყნისთვის, ვიდრე ნამახვანჰესის აშენება, რომლის ტარიფი იმპორტულზე მეტია.

რეალობა – ნამახვანი ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის პირველი წლის შესასყიდი სახელშეკრულებო ფასი შეადგენს 6.2 აშშ ცენტს, რაც თავის მხრივ, იმაზე დაბალია, ვიდრე სხვა რიგი სადგურების ტარიფი. ამასთან, აღნიშნული ფასი დადგენილია სექტემბერ-აპრილის პერიოდისთვის და არ წარმოადგენს წლიურ საშუალო შეწონილ ტარიფს. ზაფხულის ფასების გათვალისწინებით, ნამახვანი ჰესის საშუალო შეწონილი წლიური ფასი ოპერირების დაწყების წლისთვის  1 კვტ სთ-ზე  4.91 აშშ ცენტს შეადგენს. ყოველწლიური 3 პროცენტიანი ესკალაციის მიუხედავად, ჰესის ოპერირების პირველი 10 წლის განმავლობაში საშუალო შეწონილი ფასი – 5,3 ცენტი იქნება.

ნამახვანი ჰესის საშუალო შეწონილი ტარიფი ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაახლოებით იგივეა, რაც ბოლო წლების იმპორტირებული ელექტროენერგიის საშუალო ფასი. თუმცა, ნამახვანი ჰესის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი წარმოადგენს ე.წ. დღიური რეგულირების სადგურს და შეუძლია დააკმაყოფილოს პიკური მოხმარება დილის და საღამოს საათებში.

სწორედ დღის ამ პერიოდში (პიკური მოხმარების დროს) ფიქსირდება ყველაზე მაღალი ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში – ფასები მერყეობს 7,8 აშშ ცენტის ფარგლებში რუსეთში და 9-11 აშშ ცენტის ფარგლებში თურქეთში, რაც 50-დან 100 პროცენტამდე მეტია ნამახვანი ჰესის საშუალო შეწონილ ფასზე.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ ნამახვანი ჰესი ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით გადაიხდის 30 მილიონ ლარს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ გადასახადების სახით მიღებული შემოსავლის გამოკლების შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული ტარიფი 1 კვტ. სთ – ზე კიდევ ერთი ცენტით შემცირდება.

ამდენად, საუბარი იმაზე, რომ ნამახვანი ჰესის ტარიფი თითქოსდა მაღალია, დამანგრეველია და აძვირებს ჩვენს ელექტროენერგიას, საფუძველს მოკლებულია.

ნამახვანის მსგავსი  სადგურების არსებობა მნიშვნელოვნად შეამცირებს მეზობელ ქვეყნებზე დამოკიდებულების და მათგან შესასყიდი რესურსის ფასებზე, პოლიტიკური მიზნებისთვის  მანიპულაციების რისკებს, რაც ქვეყნისთვის ფასდაუდებელია

მითი 9

ინვესტორი კომპანია გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან.

რეალობა – ნამახვანი ჰესის პროექტის ფარგლებში კომპანია, მხოლოდ ქონების გადასახადის სახით, ოპერირების განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის. ხელშეკრულების თანახმად, ინვესტორი გათავისუფლებულია ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება გზების მშენებლობისათვის. გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის სიკეთეს, რომელიც მშენებლობის დასრულებისთანავე უსასყიდლოდ დაუბრუნდება სახელმწიფოს. ყველა სხვა შემთხვევაში ინვესტორი იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.

წყარო: “პრაიმტაიმი”

Leave a Reply