ენერგეტიკოსების განმარტებით, საქართველო წლების განმავლობაში მზარდ ენერგოდეფიციტს განიცდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა ელექტროენერგიის მოთხოვნას საკუთარი რესურსებით (ქვეყნის შიგნით მოქმედი გენერაციის წყაროებით) ვერ იკმაყოფილებს და იმპორტს საჭიროებს.
საბჭოთა პერიოდში საქართველო დღევანდელთან შედარებით, მეტ ელექტროენერგიას მოიხმარდა, მაგრამ ამ მოთხოვნას როგორც შიდა გენერაციით (ჰესები და თბოსადგურები), ისე იმპორტით იკმაყოფილებდა. მაშინ ფაქტობრივად, ქვეყანა რუსეთთან ერთიან სისტემაში მუშაობდა და შესაბამისად, დეფიციტს რუსეთიდან იმპორტით ივსებდა.
“საქართველო მდიდარია განახლებადი ენერგორესურსებით, განსაკუთრებით – ჰიდრორესურსით, რომლის 80% წლების განმავლობაში აუთვისებელი რჩება. არადა, განახლებადი რესურსების სწორი ათვისება აუცილებელია ენერგოდეფიციტის აღმოსაფხრელად და ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” – აცხადებენ ს.ს. საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში.

„საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, მისი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოდამოუკიდებლობას. თითოეული ქვეყანა ცდილობს მაქსიმალურად მიაღწიოს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნებისგან, რომლებიც არ არიან ბოლომდე კეთილმეზობლურად განწყობილი,” – ასე ფიქრობს ეკონომისტი, ლადო პაპავა და დასძენს, რომ საქართველოსთვის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას.
საქართველოს შიდა გენერაციის 78% – ჰესებზე, 21% – იმპორტირებულ ბუნებრივ აირზე მომუშავე თბოსადგურებზე, ხოლო 1% ქარის ელექტროსადგურზე მოდის. ამგვარად, ქვეყნის ელექტროენერგიის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია.