2020-2021 წლებში სახელმწიფომ კომუნალური სუბსიდიის სახით ნახევარ მილიარდ ლარამდე გასცა. სემეკის მონაცემებით, მხოლოდ ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით პერიოდში, 267 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, რაც თავდაპირველად გამოყოფილ ბიუჯეტზე, 165 მილიონ ლარზე, ბევრად მეტია. ზამთრის განმავლობაში, სუბსიდიას ელექტროენერგიის ნაწილში ყოველთვიურად 1 მილიონზე მეტი, გაზის 900 000-მდე, ხოლო წყლის ნაწილში 600 000-ზე მეტი მომხმარებელი იღებდა.
როგორც სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნა, 2020-2021 წლებში კომუნალურ სუბსიდიაზე უარი მცირე რაოდენობის მომხმარებელმა თქვა.
„ სუბსიდირების ორივე ეტაპის ფარგლებში უარი ჯამში 10 000-მა მომხმარებელმა თქვა, რაც პროგრამაზე მნიშვნელოვან ფინანსურ გავლენას ვერ იქონიებდა. მთლიანობაში, გასული წლის გაზაფხულზე და ნოემბერ-თებერვალში, პროგრამაზე 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა“,- აცხადებს გიორგი ფანგანი.
აღსანიშნავია, რომ სემეკმა პროგრამის მიღმა დარჩენილი მომხმარებლებისგან არაერთი საჩივარი მიიღო, როგორც კომისიაში აცხადებენ, 1 000-მდე საჩივარი შევიდა და სუბსიდია ყველაზე გაიცა, ვისაც ეკუთვნოდა. ამასთან, სემეკი კვლავ აგრძელებს განაცხადების მიღებას და მათ ინდივიდუალურ განხილვას. თავის მხრივ, ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ პროგრამის მიღმა დარჩენასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართონ.
რაც შეეხება საკითხს, გაგრძელდება თუ არა კომუნალური სუბსიდირება, რომელსაც თვის განმავლობაში ელექტროენერგიის 200 კვტსთ-მდე და ბუნებრივი გაზის 200 კუბურ მეტრამდე მომხმარებლები იღებდნენ, სემეკში აღნიშნავენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მთავრობის პრეროგატივაა. ენერგოომბუდსმენი კი აცხადებს, რომ საკმარისი ფინანსური რესურსის ნაკლებობის გამო, მთავრობის მხრიდან პროგრამის გაგრძელების მზაობა არ არსებობს.
მართალია, პროგრამას სოციალური დატვირთვა ჰქონდა, თუმცა დიდი გავლენა მოახდინა ქვეყანაში ფასების საერთო დონის ოფიციალურ მაჩვენებელზე. საქსტატმა დეკემბრიდან ინფლაცია კომუნალური სუბსიდიის გათვალისწინებით დაითვალა, რამაც პროდუქტებზე ფასების ზრდის მიუხედავად, ინფლაცია მნიშვნელოვნად შეამცირა. კერძოდ, 2020 წლის დეკემბერში და მიმდინარე წლის იანვარში წლიური ინფლაციის დონე ეროვნული ბანკის მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელზე ნაკლები იყო, თებერვალში კი 3.6% შეადგინა. შესაბამისად, იმ ფონზე, რომ თებერვალში კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამა დასრულდა, სავარაუდოა, რომ ქვეყანაში ინფლაციის დონე გაიზრდება. ამის საპასუხოდ, ეროვნულმა ბანკმა უკვე გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა.