რამდენიმე დღის წინ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ წლიდან წლამდე იზრდება იმპორტირებული ელექტროენერგია და პროგნოზების მიხედვით ყოველ წელს მინიმუმ 100 მეგავატის სიმძლავრის ჰესი მაინც უნდა შენდებოდეს. მაშინ, როცა ქვეყნის მოსახლეობა ყოველწლიურად იკლებს, რატომ მოვიხმართ საქართველოში უფრო და უფრო მეტ ელექტროენერგიას, რომელსაც უცხოეთში ვყიდულობთ, თანაც საკმაოდ ძვირად და რატომ უძვირდება დენი მოსახლეობას?
იმ შემთხვევაშიც კი, როცა ქვეყანაში მოსახლეობის რაოდენობა იკლებს, შეიძლება ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდოს. მაგალითად, იმიტომ, რომ მრეწველობა იზრდება, ფაბრიკა-ქარხნები შენდება, მზარდია ტურიზმის სექტორი. თუმცა 2020 წელს, მაშინ, როცა ქვეყნის ეკონომიკა ძირითადად, ხოლო ტურიზმი აბსოლუტურად გაჩერდა, ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის იგივე იყო, რაც 2019 წელს. ამასთან საჭირო გახდა დენის ყიდვა/იმპორტიც, დენი კი გაძვირდა.
„ბათუმელებმა“ გაარკვია, თუ რა ოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა მოსახლეობამ [მხოლოდ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა] ბოლო ორ წელში. აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა ქსელში მთლიანად მიწოდებული ელექტროენერგიის საშუალოდ 20 პროცენტს მოიხმარს.
„ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და „თელასის“ მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული მონაცემებით, 2019 წელს საქართველოს მოსახლეობამ ჯამში 2,4 მილიარდი კილოვატსაათი დენი მოიხმარა, 2020 წელს კი – 2,56 მილიარდი. მთლიანობაში კი ქვეანაში 12.1 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია გაიხარჯა.
იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა საწარმო და კომერციული ობიექტის უმეტესობა გაჩერებული იყო, ქვეყანამ 1,6 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია შეისყიდა საზღვარგარეთ, ანუ 2020 წელს იმპორტი 1,5 მილიარდი კვტსთ-ით მეტი იყო დენის იმ ოდენობაზე, რაც მოსახლეობამ დამატებით მოიხმარა ამავე წელს. დენის იმპორტი კი მაშინ ხორციელდება, როცა ქვეყანაში მისი დეფიციტი იქმნება.
საქართველოში ელექტროენერგიის დეფიციტი დროში იმ პერიოდს ემთხვევა, რაც ქვეყანაში კრიპტოვალუტის წარმოება დაიწყო. ვირტუალური ვალუტის წარმოება ბევრ ენერგიას მოითხოვს, მწარმოებლები კი სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეღავათებით და დენში გაცილებით დაბალ ფასს იხდიან. კრიპტოვალუტის მწარმოებლები არც გადასახადებს იხდიან ბიუჯეტში.
კრიპტოვალუტის წარმოება არალეგარულადაც ხდება, რაც დენის მოხმარებას კიდევ უფრო ზრდის. იზრდება დენის იმპორტიც, „გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“ კი, ხელისუფლების სტრატეგია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაა.
საქართველოში 2019 წელს მომხმარებლებს მთლიანობაში 12.7 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია მიეწოდა, 2020 წელს კი, თითქმის ამდენივე – 12.1 მილიარდი კვტ/სთ. ეს მონაცემი ცხადყოფს, რომ საწარმო დაწესებულებების გაჩერების მიუხედავად მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა უმნიშვნელოდ შემცირდა. ასევე უტყუარი მონაცემებით, 2014 წლამდე ანუ იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანაში არავინ არაფერი იცოდა ბიტკოინებზე, საქართველო სტაბილურად მოიხმარდა მაქსიმუმ 9.6 მილიარდ კვტ/სთ ელექტროენერგიას.
მსოფლიო ბანკის 2018 წლის მონაცემებით, საქართველო კრიპტოვალუტის [ბიტკოინის] წარმოებით მესამე ადგილზეა მსოფლიოში. ერთი ბიტკოინის ფასი კი [რომელიც საკმაოდ ცვალებადია] დღეს, 15 მარტს, coinmarketcap-ის მონაცემებით, 58,5 ათასი აშშ დოლარია.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის [ესკო] მონაცემები – როგორ იზრდება ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა:
მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგია საქართველოში / წყარო: ესკო
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, „ბოლო 10 წლის განმავლობაში ქართული ენერგეტიკის განვითარება ვერ ეწეოდა ეკონომიკის ზრდის ტემპებს, დიდწილად კამპანიის გამო – „არა ჰესებს“. მისივე თქმით, „2020 წლის მონაცემებით, მთელი ჩვენი მოხმარების 2% არის მაინინგით [კრიპტოვალუტის წარმოებით] დაკავებული კომპანიების მოხმარება“.
ეს მინისტრმა 9 მარტს საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით კი, კრიპტოვალუტის წილი მთლიან მოხმარებაში 2018 წელს 8.5%, ხოლო 2019 წელს 8.6 პროცენტი იყო. შესაბამისად, ნარმანიას მონაცემებით, კრიპტოვალუტის წარმოებაში თითოეულ ამ წელს საქართველოში 1.069 და 1.097 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია დაიხარჯა.
თავის მხრივ დავით ნარმანიასგან განსხვავებული მონაცემები აქვს მსოფლიო ბანკს, რომელიც ენერგოდეფიციტს არა უშუალოდ ეკონომიკის ზრდას, არამედ მაინინგს უკავშირებს. 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, „კრიპტოვალუტის მოპოვებამ [წარმოებამ] დიდი გავლენა მოახდინა საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებაზე, რის გამოც ქვეყანა გადაიქცა წმინდა ექსპორტიორიდან ელექტროენერგიის წმინდა იმპორტიორად. საქართველოს ელექტროენერგიაზე მოთხოვნის წილი, რაც კრიპტოვალუტის მაინინგს [წარმოებას] სჭირდება, 10%-დან 15%-მდე მერყეობს“.
გამოდის, რომ 2018 წელს საქართველოში არა 1.069, არამედ 1.887 მილიარდ კილოვატსაათზე მეტი ელექტროენერგია იხარჯებოდა კრიპტოვალუტის წარმოებაზე [ანუ 378 მილიონი კვტ/სთ-ით მეტი დენი, ვიდრე ქვეყანამ იმავე წელს „დეფიციტის შესავსებად“ იყიდა].
კონკრეტულად რამდენი ელექტროენერგია იხარჯება კრიპტოვალუტის საწარმოებლად, ამის ზუსტად ციფრს ვერავინ გეტყვით, რადგან ქვეყანაში ამ მონაცემებს ოფიციალურად არავინ ითვლის. რამდენი პირი ეწევა მაინინგს ქვეყანაში, ოფიციალურად აღრიცხული არ არის. ზოგადად კი, კრიპტოვალუტას აწარმოებს სხვადასხვა საწარმოო, მათ შორის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებშიც, ასევე, აწარმოებენ ფიზიკური პირები.
მაინინგის არალეგალურად მოპოვების ფაქტები გამოვლინდა სვანეთში, სადაც მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის. შესაბამისად, დენის საფასურს იქ არც კრიპტოვალუტის მწარმოებლები იხდიან. ამიტომაც მიიჩნევა, რომ სვანეთი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული ზონაა ამ ბიზნესისთვის.
„მესტიაში, განსაკუთრებით ბოლო ერთ წელიწადში, კატასტროფულად გაზრდილია ელექტროენერგიის მოხმარება. ამის მიზეზი არის ადგილზე გახსნილი კრიპტოვალუტის მწარმოებელი პუნქტები, რომლებიც იტაცებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას“, – განაცხადა კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2 თვის წინ.
სემეკშიც ადასტურებენ, რომ ქვეყანაში ბიტკოინს ბევრი აწარმოებს, თუმცა ამ სფეროს თავად არ არეგულირებენ.
„ბიტკოინის მწარმოებელი არის სპეციფიკური მომხმარებელი. იყო საუბარი, რომ მათ მიეღოთ უფრო ძვირადღირებული ენერგია, მაგრამ არ არსებობს განსაკუთრებული მიდგომა – რომ ბიტკოინმა ძვირიანი ელექტროენერგია მოიხმაროს და გადაიხადოს, ხოლო სხვამ უფრო ნაკლებფასიანი. მოქმედი კანონმდებლობა რაიმე მსგავსი რეგულაციების დაწესებას არ ითვალისწინებს.
რაც შეეხება სვანეთს, იქ მოსახლეობა დენის ფულს არ იხდის. ამიტომ დაიწყეს ბიტკოინის წარმოებაც. ამასთან, 5-6-ჯერ გაიზარდა მოხმარება იმასთან შედარებით, ვიდრე ეს ჩვეულებრივ დროს იყო. ქსელმა ვერ გაუძლო დატვირთვას, დაზიანდა ტრანსფორმატორები და ასეთი მომხმარებლები „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ჩახსნა ქსელიდან. თუმცა, ვინც იხდის გადასახადს, მას დენის მიწოდებას კანონით ვერ შეუწყვეტ… დღეს ბიტკოინის ბევრი მწარმოებელია, რომლებიც სახლებში არიან და მაგათი აღრიცხვა ცოტა რთულია“, – ამბობს გოჩა შონია, სემეკის წევრი.
„რამდენით გაიზარდა მოხმარება კრიპტოვალუტის [ბიტკოინის] წარმოებით, ამის ზუსტად დათვლა შეუძლებელია, რადგან ეს ერთ-ერთი გაუმჭვირვალე ბიზნესია… ფაქტია, რომ 2015 წლის მონაცემებით, საქართველო იყო დენის ექსპორტიორი, დღეს კი ვართ სერიოზული დეფიციტის წინაშე. ვინაიდან ოფიციალური მონაცემებითაც ეკონომიკის ზრდა არ ყოფილა, მოხმარების გაზრდას მე ვუკავშირებ ტურიზმს და მეორე ფაქტორი არის ბიტკოინის წარმოება. თუმცა შარშან ეკონომიკა გაჩერდა, ბოლო 9 თვეს ტურიზმი საერთოდ არ გვქონია და რატომ უნდა ყოფილიყო საჭირო იმპორტი, შედეგად კი, დეფიციტური ჩვენი ენერგობალანსი, თუ არა ბიტკოინის წარმოება? ტურიზმისა და ბიტკოინის გარდა, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის სხვა მიზეზს ვერ ვხედავ“, – ამბობს ვალერი ჩეჩელაშვილი, „რონდელის ფონდის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.
ესკოს მონაცემებით, საქართველოში 2019 წელს იმპორტირებული იყო 1,62 მილიარდი კილოვატსაათი ელექტროენერგია, 2020 წელს კი, პანდემიის პირობებშიც, თითქმის ამდენივე – 1,61 მილიარდი:
ელექტროენერგიის იმპორტი საქართველოში / წყარო: ესკო
საქართველოში კრიპტოვალუტის მხსხვილი მწარმოებლები თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში საქმიანობენ და ასევე იმ მუნიციპალტეტებში, სადაც მოსახლეობა გათავისუფლებულია დენის გადასახადისგან, ან შეღავათებია დაწესებული, მაგალითად ქვეყნის მთის რეგიონებში. მთიან რეგიონებში კი ელექტროენერგიის გადახდაზე შეღავათები სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარება. საქართველოში 1797 დასახლებულ პუნქტს აქვს მაღალმთიანის სტატუსი. კრიპტოვალუტის წარმოებისთვის მოხმარებულ დენზეც, ასეთ ადგილებში გაცილებით ნაკლებს იხდიან.
ინდუსტრიულ ზონაში კომპანიები არ იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს [დღგ], არც მოგებისა და ქონების გადასახადებს. დღგ-ს გარეშე ელექტროენერგის შეძენისას კი, დენის ფასი ამ კომპანიებს 18%-ით უმცირდებათ.
წყარო: “ნეტგაზეთი”