დეტალური ინფორმაცია ენერგეტიკული ბირჟის შესახებ – უდიდესი პერსპექტივა, რისკები და გამოწვევები რომელიც მას თან ახლავს

ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც დაფუძნდა სახელმწიფოს მხრიდან (დაფუძნებულია სახელმწიფო კომპანიების – საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის 50-50%-იანი თანამონაწილოებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბრძანების საფუძველზე) იქნება პლატფორმა, სადაც ენერგიის ყიდვა/გაყიდვა მოხდება. მცირე, დიდი ჰესები, ქარის ელექტროსადგური, იმპორტორები და ა.შ. დარეგისტრირდებიან აღნიშნულ ბირჟაზე და შესთავაზებენ საკუთარ ენერგიას მომხმარებლებს. მომხმარებლებიც თავის მხრივ ასევე დარეგისტრირდებიან ელექტრონულ პლატფორმაზე და იყიდიან ელექტროენერგიას.

ენერგეტიკული ბირჟის დაარსება უდავოდ პოზიტიური მოვლენაა ენერგობაზრის ლიბერალიზაციის კუთხით. აღნიშნული საშუალებას მოგვცემს ცივილიზებული ფორმით მოხდეს ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა. შესაბამისად, ენერგეტიკული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც სავარაუდოდ, ინვესტიციებზეც მოახდენს გავლენას, რადგან გარემო უფრო კონკურენტული გახდება, ეს კი აუცილებელია, რათა ხარისხი და ფასები უფრო ნორმალური და კარგი იყოს. თუმცა, ისევე როგორც ყველაფერს მასაც ახლავს გარკვეული რისკები.

სწორედ ხსენებულ საფრთხეებსა და ასევე შესაძლებლობებზე „ენერგონიუსი“ ენერგეტიკული ბირჟის გენერალურ დირექტორს ირინა მილორავას ესაუბრა.   

ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად ბევრი დადებითი მხარისა, ისეთ დეფიციტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ენერგეტიკული ბირჟის დაარსებას და ზოგადად ბაზრის ლიბერალიზაციას თან ახლავს ძალიან დიდი რისკები. მაგალითად მოჰყავთ ის, რომ სანამ ისრაელმა დამატებით 30%-იანი სარეზერვო სიმძლავრეები არ შექმნა, მანამდე ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია არ გარისკა. რა რისკების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს ენერგოსექტორი და რა ღონისძებების გატარებაა საჭირო, რომ სწორად მოხდეს მათი შეფასება და გამოვლენილი საფრთხეების წარმატებით დაძლევა?

აღნიშნულ რეფორმას, ისევე როგორც ნებისმიერ ახალ რეფორმას, მითუმეტეს ასეთ მასშტაბურს და კომპლექსურს, აუცილებლად ექნება გამოწვევები და ამას არავინ უარყოფს. როდესაც გამოწვევევბზე ვსაუბრობთ, რამოდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი.  ჩვენ გეოგრაფიულად არ ვართ ერთიანი ევროპული ენერგეტიკული სივრცის ნაწილი, გვაქვს მცირე ზომის ენერგეტიკული ბაზარი, ბაზარზე წარმოდგენილები არიან მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების სუბიექტები, სისტემა არის სეზონური, რაც ნიშნავს იმას, რომ წლის უმეტეს პერიოდში სისტემა დეფიციტურია და ელექტროენერგიის სიჭარბე მხოლოდ ზაფხულის პერიოდში გვაქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ კარგად უნდა განვითარდეს ტრანსსსასაზღვრო ვაჭრობა, თუმცა, მეზობლებთანაც არ გვაქვს ჰარმონიზებული კანონმდებლობა, შესაბამისად ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა ჯერ-ჯერობით ვერ განხორციელდება იმ წესით, როგორც ეს ხდება ევროპის ქვეყნებში.

მაგრამ, აღნიშნული გამოწვევა დღესაც გამოწვევაა. შესაბამისად, ამ სექტორის არსებულ რეგულირებაში დატოვება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გამოწვევები, საფრთხეები და პრობლემები თავისთავად გადაწყდება და გაქრება. მთავარია, სწორად გავიაზროთ, როგორ ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს ახალ მოდელში. ის რომ პატარა ბაზრის და დეფიციტური სისტემის პირობებში იქმნება საბალანსო ენერგიის და დამხმარე მომსახურებების ბაზარი, შექმნის საკმარის რეზერვებს ზუსტად იმისთვის, რომ რეალურ დროის დეფიციტი იქნას მოხსნილი. საჭირო რეზერვების შექმნას საბაზრო ურთიერთობებსა და სწორ საფასო სიგნალებზე დაყრდნობით სწორედ ლიბერალური ბაზარი უზრუნველყოფს.

როდესაც ვსაუბრობთ ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციასა და კონკურენციაზე, სინამდვილეში რას ვაკეთებთ? ვქმნით თანამედროვე საბაზრო ინსტრუმენტებს, ვახდენთ არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებას, ველოსიპედს არ ვიგონებთ, მივდივართ იმ გზით, რაც გაიარა ყველა ევროპულმა ქვეყანამ, რა თქმა უნდა, იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომელიც აქვს ჩვენს ქვეყანას. მთავარი, ჩემი გადმოსახედიდან, არის ის, რომ კონკურენტული სავაჭრო პლაფტორმებისა და ვაჭრობის გამჭვირვალე წესების შექმნით სწორი საფასო სიგნალები გვქონდეს ენერგეტიკული სექტორისთვის.

თქვენ ახსენეთ საფასო სიგნალები. ერთ-ერთ მთავარ საშიშროებად ხასიათდება არასწორი საფასო სიგნალების გაშვება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების უკონტროლო ზრდა. რა ნაბიჯები იდგმება ხსენებული რისკის შესამცირებლად?

ლეგიტიმური შეკითხვაა. სწორი საფასო სიგნალს განსაზღვრავს ის წესი, რომლის მიხედვითაც ყალიბდება ბირჟაზე ფასი. დღეს, მაგალითად საბალანსო ელექტროენერგიაზე ფასი ყალიბდება ენერგეტიკის მინისტრის მიერ დამტკიცებული ბაზრის წესის გათვალისწინებით, სადაც პირდაპირაა გაწერილი, თუ რომელი სადგური რა ფასად ყიდის ელექტროენერგიას. რა მოდელზე გადავდივართ? გადავდივართ მოდელზე, სადაც გენერაციის ობიექტებს, მომხმარებლებს, ტრეიდერებს და მიმწოდებლებს საშუალება ექნებათ, რომ ბირჟაზე საკუთარი პროდუქციისთვის დაასახელონ ფასი, ანუ თავად განსაზღვრონ რა ფასად უღირთ ელექტროენერგიის გაყიდვა და, მეორე მხრივ, თავად განსაზღვრონ, რა ფასად უნდათ ელექტროენერგიის ყიდვა. იმ წერტილში, სადაც მიწოდებისა და მოთხოვნის მრუდები გადაიკვეთება, ყალიბდება საბაზრო ფასი.

მაგრამ რადგან პატარა ბაზარი გვაქვს, გამოწვევა დიდია – შესაძლებელია საქმე გვქონდეს მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე სუბიექტებთან, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული გავლენა ბაზარზე. თუმცა, ეს არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ეს არის განვითარებული ბაზრების პრობლემაც. გუშინდელი კონფერენციაც სწორედ იმას ემსახურება (გულისხმობს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ ორგანიზებულ ონლაინ საერთაშორისო კონფერენციას „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“), რომ კარგად მოვემზადოთ ბირჟის გაშვებისა და თავისუფალი ფასწარმოქმნისთვის. ამ პირობებში საკვანძო როლი მარეგულირებელ კომისიას ენიჭება, რომელსაც ბაზრის მონიტორინგის ფუნქცია გააჩნია. მარეგულირებელი კომისიაა ის ორგანო, რომელმაც სწორად და დროულად უნდა შეამჩნიოს, მოიკვლიოს და გამოავლინოს ბაზარზე მანიპულირების შეთხვევები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თქვენ ალბათ ხშირად გექნებათ მოსმენილი, რომ მარეგულირებელი კომისიის ფუნქციები ახლა მოდელში მცირდება, რადგან სრული დერეგულირების პირობებში ვეღარ დაადგენს ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფებს, სინამდვილეში პირიქითაა, მარეგულირებელი კომისიის ფუნქციები იზრდება კონტროლისა და მონიტორინგის კუთხით, ანუ მას ექნება ზუსტად ის ფუნქციები, რაც აუცილებელია ენერგეტიკული ბაზრების სწორად ფუნქციონირებისათვის.

მეორე სერიოზულ პრობლემად ექსპერტები მიიჩნევენ საქართველოში საათობრივი ტარიფების არქონას, რაც მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის ვაჭრობის პროცესს, განსაკუთრებით რეგიონალური და საერთაშორისო მასშტაბით. რამდენად შეიძლება შეუწყოს ხელი ენერგეტიკულმა ბირჟამ საათობრივი ტარიფების ჩამოყალიბებას საქართველოში?

ახალი რეფორმის ერთ-ერთი მთვარი სიახლე სწორედ ყოველთვიური ვაჭრობიდან საათობრივ ვაჭრობაზე გადასვლაა. საბითუმო ბაზრის ყველა სეგმენტზე და, რა თქმა უნდა, ბირჟაზეც ვაჭრობა მოხდება საათობრივ ბაზაზე და, შესაბამისად, ფასებიც ყოველსაათობრივად ჩამოყალიბდება. ბირჟა არის მოკლევადიანი პროდუქტების ბაზარი და იგი ბაზრის მონაწილეებს სწორედ ყოველსაათობრივი პოზიციების დაბალანსებაში დაეხმარება. მაგალითად, მომხმარებელი გეგმავს, რომ მომდევნო თვეში იგი სტაბილურად მოიხმარს 100 მეგავატ ენერგიას ყოველსაათობრივად და ამისთვის მან გენერაციის ობიექტთან გააფორმა ორმხრივი ხელშეკრულება მთელი თვის მოხმარებაზე. თუმცა, ელექტროენერგია ისეთი პროდუქტია, რომ შეუძლებელია ზუსტად მოხდეს როგორც გენერაციის, ასევე მოხმარების დაგეგმვა. თუ მომხმარებელი ხედავს, რომ მომდევნო დღეს მას სჭირდება მოხმარების გაზრდა დამატებით 20 მეგავატით, ბირჟა არის სწორედ ის ადგილი, სადაც შესაძლებელია ასეთი მოკლევადიანი პროდუქტის – ერთი დღის ენერგიის ყიდვა. ანალოგიური შესაძლებლობა აქვს გენერაციის ობიექტებსაც – თუ სადგურს გაზრდილი წყალმოდინების გამო შეუძლია მომდევნო დღეს დაგეგმილზე მეტი ენერგიის გამომუშავება, ეს ენერგიაც შეუძლია შესთავაზოს ბირჟას განაცხადის განთავსების გზით.

და რას გვაძლევს საათობრივი ფასი? საათობრივი ფასი სწორ სიგნალს აძლევს გენერატორს, თუ რა ტიპის სადგური უნდა ააშენოს. ის ხედავს დღის რომელ მონაკვეთში ან სეზონზე აქვს სისტემას დეფიციტი და ცდილობს ისეთი გენერაციის ობიექტი შესთავაზოს ქვეყანას და  სისტემას, რომელიც იქნება მოქნილი და ზუსტად დეფიციტურ პერიოდში შეძლებს ელექტროენერგიის გენერაციას. საათობრივი ფასწარმოქმნა ხელსაყრელი და მომგებიანია მომხმარებლებისთვისაც – თუ მოხმარებლის ტექნოლოგიური ციკლი იძლევა საშუალებას, რომ პიკურ საათებში, როდესაც ძალიან მაღალია მოხმარება და, შესაბამისად, ელექტროენერგიის ფასიც, არ მოიხმარონ მეტი ენერგია და პროდუქცია გამოუშვან, მაგალითად, ღამის საათებში, სადაც დაბალია ელექტროენერგიის  ფასი, ასეთი ქცევა საშუალებას მისცემს მათ შეამცირონ ენერგიის გადასახადი.

საათობრივი ვაჭრობის მთავარი გამოწვევა კი მაინც აღრიცხვის საკითხებს უკავშირდება, რაც მნიშვნელოვან ინვესტიციას მოითხოვს. ვგულისხმობ იმას, რომ აღრიცხვის კვანძები არამხოლოდ საათობრივად აღრიცხვის  საშუალებას უნდა იძლეოდეს, არამედ აუცილებელია ამ მონაცემების პერიოდული გადაცემა აღრიცხვის ერთიანი ავტომატიზებული სისტემისათვის.

ჩვენ ვიწყებთ საათობრივ ვაჭრობას საბითუმო ბაზარზე, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოიწვევს სატარიფო ცვლილებებს საცალო ბაზარზეც. შესაბამისად, საცალო ბაზარიც ნელ-ნელა უნდა გადავიდეს საათობრივ ვაჭრობაზე. თუმცა, საცალო ბაზარზე შეიძლება ჩამოყალიბდეს არა ყოველსაათობრივი, არამედ ღამის ფასი, პიკის ფასი, უქმე დღეების ფასი და, შედეგად, საცალო ბაზარზეც სწორად აისახება საბითუმო ბაზრიდან წამოსული საფასო სიგნალები.

ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში 2020 წლის 1-ელი სექტემბრიდან ფუნქციონირებს, სადაც დაახლოებით 35-დან 40 კომპანია მონაწილეობს. რა არის აღნიშნული პროცესის მიზანი და რამდენად წარამტებით ხდება მისი რეალიზება?

სატეტსტო რეჟიმი მიმდინარეობს რამოდენიმე ეტაპად. როდესაც ჩვენ მივირეთ დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის ლიცენზია, მარეგულირებელმა კომისიამ დაგვავალა, რომ სატესტო რეჟიმში გვემუშავებინა ბაზრის ეს სეგმენტები. პირველი ეტაპი არის მონაწილეების რეგისტრაცია. სატესტო რეჟიმში მონაწილეობა შეუძლიათ არა მხოლოდ ბაზრის არსებულ მონაწილეებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. სწორედ ასეთი მესამე პირებისაგან არის ძალიან მაღალი დაინტერესება. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ის პირები არიან, რომლებიც მომავალში აპირებენ ბაზრის ახალი სეგმენტებისა და შესაძლებლობების ათვისებას. ახალი ბაზრის პირობებში ჩნდებიან ახალი მონაწილეებიც – ტრეიდერები და მიმწოდებლბები, რომელთა ძირითადი საქმიანობა ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვაა, ბუნებრივია, ვაჭრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა და მასთან დაკავშირებული რისკების საკუთარ თავზე აღების ფასად.

სატესტო რეჟიმის პირველი ეტაპი ითვალისწინებს ბაზრის მონაწილეების მიერ სავაჭრო პლატფორმასთან ურთიერთობის აუცილებელი, მინიმალური უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მარტივი პლატფორმაა, მონაწილეს უნდა შეეძლოს მასზე განაცხადის სწორად განთავსება. ჯერ-ჯერობით, სატესტო რეჟიმში ვაჭრობა ზუსტად ამ ამოცანის გათვალისწინებით მიმდინარეობს. ბირჟის გუნდი სატესტო რეჟიმის მონაწილეებს აძლევს დავალებას კონკრეტული პირობებისა და მოცემულობების მითითებით და მონაწილემ სწორედ ამ პირობების გათვალისწინებით უნდა განათავსოს სწორი განაცხადი პლატფორმაზე. აღნიშნულ დავალებებს რეალურ მოცემულობასთან შეხება არ აქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, ამ ეტაპზე დავინახოთ, როგორ იქცევა მონაწილე დავალებით გათვალისწინებულ მოცემულობაში. მომდევნო სატესტო ვაჭრობის წინ, ჩვენ ჯერ ვაჯამებთ წინა სატესტო ვაჭრობის შედეგებს, მონაწილეებთან ერთად განვიხილავთ კონკრეტულ განაცხადებს და ვაკეთებეთ შეფასებებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ საწყის ეტაპზე ვაწყდებოდით ძირითადად მექანიკურ შეცდომებს. მაგალითად, თუ ბირჟაზე ენერგია შეთავაზებულია გასაყიდად, იგი უარყოფითი ნიშნით უნდა აღინიშნოს განაცხადში. თუმცა, იყო შემთხვევები, როდესაც სადგურმა, რომელსაც უნდოდა გაეყიდა ელექტროენერგია, განაცხადში შესაბამისი რაოდენობა დადებითი ნიშნით ასახა. თითქოს მექანიკური შეცდომაა, მაგრამ სწორედ ასეთი მექანიკური შეცდომის გამო ბაზარზე ფასი ჩამოყალიბდა არასწორად და არალოგიკურად, რადგან სადგურმა განაცხადა, რომ სურს ელექტროენერგიის ყიდვა, როცა სინამდვილეში მისი გაყიდვა სურდა და ამ განაცხადით ბაზარზე მოთხოვნა ენერგიაზე გაიზარდა. სწორედ ეს იყო პირველი ეტაპის მიზანი, რომ მონაწილეებს ტექნიკურად სწორი შეთავაზება გაეკეთებინათ სავაჭრო პლატფორმაზე. მეორე ეტაპზე უკვე ვმუშაობთ იმაზე, რომ მონაწილეებმა განაცხადის ტექნიკურად სწორად განთავსებასთან ერთად, ვაჭრობის სწორი სტრატეგია შეიმუშაონ და საუკეთესო ალტერნატივა შესთავაზონ ბაზარს. ასე, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით პროცესს და ვცდილობთ მასიმალურად დავეხმაროთ მონაწილეებს რეფორმასთან დაკავშირებული სიახლეების ათვისებაში.

ბირჟა არა არის ერთადერთი სეგმენტი ენერგეტიკული ბაზრის – დღით ადრე, დღიური და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის პარალელურად ფუნქციონირებს საბალანსო ბაზარი, სადაც ხდება სისტემის რეალურ დროში დაბალანსება.  სწორედ ბაზრის ამ სეგმენტთანაა დაკავშირებული საბალანსო ელექტროენერგიის და საჭირო რეზერვების შესყიდვა. ზოგადად, ბაზრის ეს სეგმენტი ძალიან კომპლექსურია და მის გამართულ ფუნქციონირებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი რეფორმის წარმატება. ჩვენი სურვილია, რომ დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ უკვე ორივე ბაზრის ერთობლივი ტესტირება, რაც მონაწილეებს ვაჭრობის და რეალურ დროში დაბალანსების სრული ციკლში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. რომ წარმოიდგინოთ, რა პროცესზეა საუბარი – მონაწილე შემოდის ბირჟაზე, ყიდულობს ან ყიდის ელექტროენერგიას, შემდეგ ინფორომაცია ნავაჭრი მოცულობების შესახებ ბირჟის მიერ მიეწოდება საბალანსო ბაზარს. ბირჟაზე ვაჭრობის დასრულების შემდეგ დაიწყება ვაჭრობა საბალანსო ბაზარზე, რეალურ დროში მოხდება სისტემის დაბალანსება საბალანსო ბაზრის ოპერატორის მიერ და ბოლოს დაითვლება ბაზრის მონაწილეების უბალანსობა და მასთან დაკავშირებული საფასური.

ჩვენი ამოცანაა, რომ ბაზრის ყველა სეგმენტის სატესტო რეჟიმი რეალურ მაჩვენებლებს დაეფუძნოს – გვინდა, რომ მონაწილეებმა ყველაფერი გააკეთონ ისე, თითქოს უკვე გაშვებულია ორივე ბაზარი და განათავსონ რეალური განაცახდები, რეალური ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, როგორც ჩვენ, ასევე ბაზრის მონაწილეებმა ყველა ინფორმაცია უნდა მიიღონ ახალი ბაზრებიდან, მათი ვაჭრობის შედეგებით დაწყებული, უბალანსობის საფასურის დარიცხვით დასრულებული. პრაქტიკულად, ყველა პროცესი გაიტესტება, ფინანსური ანგარიშსწორების გარეშე.  ველოდებით, რომ ამ პერიოდში უფრო ნათლად გამოჩნდება, თუ რაიმე სერიოზულ ხარვეზთან ან პრობლემასთან გვაქვს საქმე. რაც მთავარია, აღნიშნულ რეჟიმი უნდა გაგრძელედეს მინიმუმ თვენახევარი, რათა ჩვენ დავინახოთ, თუ რა არ მუშაობს, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, მაგალითად, ბირჟის სავაჭრო პლატფორმიდან დროულად და სრულად მიდის თუ არა ინფორმაცია  საბალანსო ბაზრის პლატფორმაზე.

2021 წლის 1-ელი ივლისიდან ბირჟაზე ვაჭრობას შეძლებენ როგორც იურდიული ასევე ფიზიკური პირებიც, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია მიღებულითუმცა, როგორც ცნობილია, ბაზარზე გასვლა ყველა მსურველისთვის ერთბაშად არ მოხდება. რა პრიცნიპით მოხდება ხსენებული პროცესის რეალიზება?

პირველი ივლისიდან უნდა გაეშვას ბაზრის სამი სეგმენტი – დღით ადრე ბაზარი, ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი და საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი (დღიური ბაზრის გაშვება დაგეგმილია მოგვიანებით – 2022 წლის 1 ივლისამდე). სწორედ პირველი ივლისიდან გადავდივართ ახალ მოდელზე, რაც გულისხმობს საათობრივ ვაჭრობას, თვითდისპეტჩირებას, ბირჟის, ორმხრივი ხელშეკრულების ბაზრისა და საბალანსო ბაზრის ამოქმედებას. პარალელურად, საცალო მომხმარებლების ნაწილი გავა თავისუფალ ბაზარზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელთა გარკვეული კატეგორია ვეღარ ისარგებლებს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ და „თელასის“ რეგულირებული ტარიფებით. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი ასევე საცალო ბაზარზე – უნდა მოხდეს არსებული განაწილების ლიცენზიატების საქმიანობების გაყოფა (ე.წ. „ანბანდლინგი), რაც გულისხმობს სამართლებრივად მათ ჩამოშორებას მიწოდების საქმიანობისაგან. შესაბამისად, საცალო ბაზარზე უნდა გაჩნდნენ თავისუფალი მიმწოდებლები, რომლებიც სწორედ ბაზარზე გასულ საცალო მომხმარებლებს შესთავაზებენ ელექტროენერგიას თავისუფალ ფასად. თუმცა, ეს პროცესი ერთბაშად არ მოხდება და  მოსახლეობა, მცირე ბიზნესი და, გარდამავალ ეტაპზე, გარკვეული კატეგორიის მომხარებელი ჯერ-ჯერობით მაინც დარჩებიან უნივერსალური მიმწოდებლის ქვეშ, რომელიც ამ მომხმარებლებს რეგულირებულ ფასად მიაწვდის ელექტროენერგიას.  

რაც შეეხება თავისუფალ ბაზარზე გასული მომხმარებლების ახალ შესაძლებლობებს – მათ შეეძლებათ აირჩიონ მიმწოდებელი და ელექტრეონერგია მიიღონ ამ მიმწოდებლის მიერ შეტავაზებული ფასით. საცალო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ საკმარისი რაოდენობის თავისუფალი მიმწოდებლების გაჩენაა, რამაც ბაზრის ამ ნაწილში კონკურენციის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით იმ ახალ მონაწილეებს, რომლებიც დღეს მოქმედი ბაზრის მონაწილეები არ არიან, მაგრამ ჩართულები არიან სატესტო რეჟიმი. ვფიქრობთ, რომ სწორედ მათთვის იქნება საცალო ბაზარზე საქმიანობა და თავისუფალი მიმწოდებლის ინსტიტუტი ყველაზე მეტად საინტერესო. მათ მიეცემათ შესაძლებლობა იყიდონ საბითუმო ბაზარზე (ბირჟაზე, ორმხრივი კონტრაქტების შედეგად) ელექტროენერგია, რათა შემდეგ უკვე თავისუფალ ბაზარზე გასულ მომხმარებელს შესთავაზონ ის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ რომ ის მომხმარებელი, რომელიც აკმაყოფილებს მსხვილი მომხმარებლისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, უფლებამოსილი იქნება ივაჭროს როგორც საცალო ბაზარზე და მიიღოს ელექტროენერგია თავისუფალი მიმწოდებლისაგან,  ასევე საბითუმო ბაზარზე და ელექტროენერგია შესიყიდოს როგორც ბირჟაზე, ასევე ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე.

რაც შეეხება მომხმარებელთა ეტაპობრივად გასვლას თავისუფალ ბაზარზე, ეს ვადები გაწერილია „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებით – პირველი ეტაპი იქნება წელს, ივლისის თვეში. ამ ეტაპზე დაგეგმილია მაღალი ძაბვის იმ მომხმარებლების გასვლა ბაზარზე, რომლებიც თვეში მოიხმარენ არანაკლებ 0.4 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიას. შემდეგ, 2022 წლის წლის პირველ ივლისამდე უნდა მოხდეს მაღალი ძაბვის ყველა მომხმარებლის და საშუალო ძაბვის იმ მომხმარებელთა გასვლა ბაზარზე, რომელიც თვეში მოიხმარენ არანაკლებ 1 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიას. ბაზრის სრულად გახსნა დაგეგმილია 2026 წლის 1 ივლისამდე, თუმცა, მოსახლეობა და მცირე ბიზნესი კვლავ რჩება უნივერსალური მიმწოდებლის ქვეშ.

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბაზარზე კონკურენციის განვითარების ხელშეწყობისათვის, მომხმარებელთა ბაზარზე გასვლის პარალელურად, კონცეფციით ასევე დაგეგმილია გენერაციის ობიექტების დერეგულირება და მათი საჯარო მიწოდების ვალდებულებისაგან გათავისუფლებაც.

ანუ, აღნიშნული ქმედებით ხდება შედარებით მცირე მომხმარებლების დაცვა?

კი, ესეც ევროპული მიდგომა გახლავთ, იმისათვის, რომ სახელმწიფომ დაიცვას შედარებით „მგრძნობიარე მომხმარებელი“. ევროპული რეგულაციები იძლევა შესაძლებლობას, რომ ამგვარი დაცვა მოსახლეობასთან ერთად შეეხოს მცირე ზომის საწარმოებს. რაც შეეხება მცირე საწარმოს კრიტერიუმებს, მას დაადგენს საქართველოს მთავრობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთი ბიზნესი ისარგებლებს უნივერსალური მიმწოდებლის მომსახურებით, რაც ასევე რეგულირებული ფასით სარგებლობის შესაძლებლობასაც გულისხმობს. თუმცა, ეს არ ართმევს შესაძლებლობას ამ კატეგორიიის მომხმარებელებს, მათი სურვილის შემთხვევაში, გავიდნენ კონკურენტულ ბაზარზე და აირჩიონ თავისუფალი მიმწოდებელი. 

სერტიფიცირების საფეხურის გავლასაც რომ შევეხოთ. ვის შეეხება აღნიშნული და რა მოთხოვნების დაკმაყოფილება და პროცედურების გავლა იქნება აუცილებელი?

ბაზრის წესებით ჩვენ დაგვევალა, რომ ის მონაწილე, ვინც გადაწყვეტს ბირჟაზე ვაჭრობას, იყოს კვალიფიციური მონაწილე. ამ მიზნით, ჩვენ დავგეგმეთ სასწავლო კურსი, რომელიც საწყის ეტაპზე ითვალისწინებს აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას შესაბამისი მსურველისათვის, შემდეგ ეტაპზე მარტივი საგამოცდო კურსის გავლას და, წარმატების შემთხვევაში, შესაბამისი სერთიფიკატების გაცემას. საგამოცდო მასალა მოიცავს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესებს, ეკონომიკის ზოგადი საფუძვლების ცოდნას და სავაჭრო პლატფორმის ინსტრუქციის ცოდნასა და პლატფორმაზე ვაჭრობის აუცილებელი უნარების შემოწმებას.

აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია როგორც იურდიულ, ისე ფიზიკურ პირსაც?

დიახ, აღნიშნული კურსის გავლა შეუძლია როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებსაც. დასწრება თავისუფალი და უფასოა. მონაწილე პირებს ეს აძლევს საშუალებას, რომ საქმიანობა გააგრძელონ უკვე როგორც ბირჟის მონაწილე იურდიული პირების სავაჭრო წარმომადგენლებმა ან თავად გახდნენ ტრეიდერები ან მიმწოდებლები; ამიტომ, ბუნებრივია, რომ ძალიან მაღალია დაინტერესება არა მხოლოდ ბაზრის მონაწილეებისაგან. განსაკუთრებით მაღალია იმ მომხმარებლების ინტერესი, რომლებიც ამ წლის ივლისის თვეში უნდა გავიდნენს ბაზარზე – ამ მომხმარებლებთან ჩვენს გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც დეტალურად ვაცნობთ ბაზრის ახალი მოდელით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას იმისთვის, რომ სწორად შეაფასონ რისკები და გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. საწარმომ, იმისთვის, რომ არჩევანი გააკეთოს საცალო და საბითუმო ბაზარზე ვაჭრობას შორის,  აუცილებელია, რომ ზუსტად იცოდეს, რა მოლოდინები, შესაძლებლობები და რისკები ახლავს მის ამ არჩევანს. მაგალითად, საწარმოს, რომლის ძირითადი საქმიანობა არ არის ელექტროენერგიით ვაჭრობა, ლოგიკურია, რომ არ სურდეს საბითუმო დონეზე ელექტროენერგიით ვაჭრობაში აქტიურად ჩართვა და ერჩივნოს უშუალოდ მომწოდებელმა შესთავაზოს პროდუქტი. თუმცა, იმისთვის, რომ შეძლოს შეაფასოს, რამდენად სამართლიანია მიმწოდებლის მიერ შეთავაზებული ფასი, უნდა იცოდეს სად და როგორი წესით ხდება ამ ფასის ფორმირება.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply