ენერგეტიკის სფეროში საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი და დიდი პროექტი ხორციელდება. მათ შორის არის ხუდონჰესი, რომელიც თავის აქტუალობას არ კარგავს. დარგის ექსპერტების ერთი ნაწილი ხუდონის აშენებას უალტერნატივოდ მიიჩნევს, ხოლო სხვადასხვა გარომოსდაცვითი ორგანიზაციები მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგებიან აღნიშნული ჰესის აშენებას. ასევე ერთ–ერთ მნიშვნელოვან პრობლემად ადგილობრივი მოსახლეობის საკითხი დგას, რადგანაც ჰესის აშენებისთვის გარდაუვალია იმ ფართობების დატბორვა, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს. სწორედ ამიტომ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობრივი პოზიცია სრულიად გასაგები და მისაღებია, თუმცა, მეორეს მხრივ, არსებობს სახელმწიფო ინტერესი. სწორედ ასეთი სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია ხუდონჰესი. ამ დრომდე არსებობს ბევრი კითხვის ნიშანი მშენებლობის დაწყების ზუსტ ვადებთან დაკავშირებით, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროშიხუდონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკმაოდ დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებენ. ხუდონჰესის პერსპექტივების შესახებ ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი საუბრობს
ენერგეტიკის მინისტრის ბოლო განცხადებებით ხუდონის მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც გარემოზე ზემოქმედების დასკვნა მომზადდება. ვინ ამზადებს, რა ეტაპზეა და როდის დამთავრდება აღნიშნული დასკვნა?
კომპანიის მხრიდან გარემოზე ზემოქმედების შეფასების აქტის მზადება საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. კომპანია აქტიურად თანამშრომლობდა გარემოს დაცვის სამინისტროსთან და საკმაოდ მოცულობითი სამუშაოები უკვე ჩატარებულია. მომზადებულია არაერთი შუალედური დასკვნა, მათ შორის გარემოს დაცვის სამინისტროს მხრიდანაც გაწეულია შესაბამისი რეკომენდაციები. სამინისტრომ რეკომენდაციის სახით კომპანიას 101 შენიშვნა გადაუგზავნა, რომელიც პრობლემატური იყო გარემოზე ზემოქმედების კუთხით. თუ კარგად გავაანალიზებთ პროექტის მასშტაბებს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შენიშვნების ეს რიცხვი ბევრი სულაც არ არის, მითუმეტეს კომპანია აღნიშნულ შენიშვნებს ეტაპობრივად აგვარებს.
გარდა გარემოს დამცველი ორგანიზაციებისა, ჰესის მშენებლობას აქტიურად ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. როგორი სტრატეგია გაქვთ ადგილობრივებთან კომუნიკაციიც მხრივ და არის თუ არა რაიმე წინ გადადგმული ნაბიჯი მათთან მოლაპარაკებებში?
სოციალური საკითხი მართლაც მნიშვნელოვანი და პრობლემური კომპონენტია ამ პროექტში. პრობლემა არის ის, რომ მშენებლობის დროს უნდა დაიტბოროს ის ტერიტორიები, სადაც დღეს 184 ოჯახი ცხოვრობს. ინვესტორს ჰქონდა ვალდებულება, რომ შეემუშავებინა განსახლების გეგმა. სწორედ ამ გეგმის შემუშავების ფარგლებში ინვესტორებმა დაიქირავეს კანადური, მსოფლიო დონის კომპანია Replan-ი, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს ამ სფეროში მუშაობის კუთხით. ასევე ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მემორანდუმში პირდაპირ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც განსახლების გეგმის შემუშავებას მსოფლიო ბანკის 4.12 სტანდარტის მიხედვით გულისხმობს. აღნიშნული სტანდარტი დღესდღეობით ყველაზე მაღალია და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე მიღებულია.
აქვე მინდა გითხრათ, რომ ხაიშის მოსახლეობა ერთხელ უკვე იყო განსახლებული საბჭოთა კავშირის დროს. ასევე წინა ხელისუფლების დროს 1500 ჰექტარი მიწის ფართობი ერთ ღამეში 1 ლარად გადაეცა ინვესტორს, თუმცა პროტესტი გამოხატული არ ყოფილა, რადგანაც, როგორც მოგეხსენებათ, მაშინ სხვა მეთოდებით ხდებოდა მოსახლეობასთან ურთიერთობა. დღეს ურთიერთობის სხვანაირი სტრატეგია გვაქვს აღებული. ვცდილობთ, მეტად ჰუმანურები ვიყოთ. ასევე მხოლოდ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. ჩვენმა ხელისუფლებამ უარი თქვა იმ პრაქტიკაზე, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. მოსახლეობას სრული უფლება აქვს გამოხატოს პროტესტი კანონის ფარგლებში, თუმცა კანონის ჩარჩოებიდან გასვლის შემთხვევაში, სახელმწიფოც ადეკვატური იქნება და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
როცა მოსახლეობის პრობლემატიკაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ მაქსიმალურად დიდი ყურადღებით მოვეკიდებით მოსახლეობის ნებისმიერ მოთხოვნას და აუცილებლად გაზიარებული იქნება ყველა გონივრული მოთხოვნა. რაც შეეხება განსახლების თემას, ამ მიმართულებით ბევრი მოდელი განიხილება. შეიძლება ადგილზე აშენდეს ახალი სოფელი, რომელიც საკმაოდ მოდერნიზებული და ევროპული ტიპის სოფელი იქნება, შეიძლება მოხდეს კომპენსირება ფულადი სახით და ა.შ. მოკლედ კიდევ ვიმეორებ, რომ განვიხილავთ ნებისმიერ შემოთავაზებას, რაც იქნება გონივრულობის ფარგლებში. ჩატარდება საჯარო განხილვები განსახლებასთან დაკავშირებით ასევე გამოიკითხება ყველა ოჯახი და მხოლოდ ამის შემდგომ მოხდება ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.
ხუდონთან დაკავშირებით განიხილებოდა მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს სახელმწიფო აპირებდა ამ ჰესის აშენებას, თუმცა ბოლო ინფორმაციით ჰესის ამშენებელი კერძო ინვესტორი უკვე მოძიებულია. რას გვეტყვით ინვესტორის შესახებ და ზოგადად როგორ აფასებთ სახელმწიფოს შესაძლო ჩართულობას ჰესების მშენებლობაში?
რაც შეეხება ინვესტორს, როგორც მოგეხსენებათ, ხუდონის შესახებ ჩვენ მემორანდუმი გაფორმებული დაგვხვდა, თუმცა არსებობდა ბევრი შეკითხვა ამ ინვესტორის მიმართ. ერთ–ერთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი იყო ის, რომ ინვესტორი გენერირებული ენერგიის მხოლოდ 7%–ს ტოვებდა საქართველოში, ხოლო დანარჩენი ენერგიის გაყიდვა ინვესტორს თავის შეხედულებებისამებრ შეეძლო განეკარგა. ასეთი შეთანხმება სახელმწიფოსთვის ერთმნიშვნელოვნად წამგებიანი იყო, რადგანაც ხუდონის ენერგია აპრიორი თურქეთში გაიყიდებოდა და საერთოდ არ ექნებოდა გავლენა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში. მეორე პრობლემა გახლდათ ის, რომ კომპანია ოფშორულ ზონაში იყო დარეგისტრირებული, რაც თავისთავად კითხვებს აჩენდა გამჭვირვალეობასთან და გახსნილობასთან დაკავშირებით.
დღეის მდგომარეობით ეს პრობლემები პრაქტიკულად გადაჭრილია. ჩვენ მოლაპარაკებების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ გენერირებული ენერგია 12 თვის განმავლობაში საქართველოში დარჩება და საექსპორტოდ მხოლოდ ჭარბი ენერგია გავა. ასევე კომპანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გამოსულიყო ოფშორული ზონიდან. ამჟამას ყველა
დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია ამ ბიზნესჯგუფის შესახებ.
რაც შეეხება კომპანია transelectrica–ს, ინვესტორები არიან ინდური ბიზნესჯგუფის წარმომადგენლები. ჩვენი მხრიდან გადამოწმებულია მათ შესახებ ყველანაირი ინფორმაცია. მათ საკმაოდ მოცულობითი მატერიალური აქტივები გააჩნიათ. კომპანიას ასევე საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს მშენებლობის კუთხით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ძალიან საინტერესოა კომპანიის მიმართ ნდობისა და სტაბილურობის კუთხით ის გარემოება, რომ ამ ბიზნესჯგუფს მხარს უჭერს ინდოეთის განვითარების ბანკი, რომელიც ძალიან მძლავრი ფინანსური ინსტიტუტია. ეს გარემოება ამყარებს კომპანიის სანდოობას და მაღლა წევს მათი შეფასების დონეს. მოკლედ, კომპანიის სიძლიერისა და სანდოობის კუთხით არანაირი პრობლემა და კითხვის ნიშანი არ არსებობს.
რაც შეეხება სახელმწიფოს ჩართულობას ჰესების მშენებლობაში, ამ კუთხით საკმაოდ ბევრი მოსაზრება და პრაქტიკა არსებობს. მაგალითად არის ევროპული ქვეყნები, სადაც ჰესებს მხოლოდ სახელმწიფო კომპანიები აშენებენ. არის ქვეყნები, სადაც ფაქტიურად გამორიცხულია სახელმწიფოს ჩართულობა ჰესების მშენებლობაში. ასე რომ, რაიმე კონკრეტული მიდგომა, ზოგადად, ამ თემასთან დაკავშირებით არ არსებობს. საქართველოს მაგალითზე მინდა გითხრათ, რომ უკიდურეს შემთხვევაში სრულიად შესაძლებელია სახელმწიფო თავად ჩადგეს ინვესტორის პოზიციაში. თუმცა ჩემი პირადი მოსაზრებით, სახელმწიფომ, ალბათ, უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელშიც მაქსიმალურად იქნება შესაძლებელი ფულის ამოღება სხვადასხვა გადასახადებიდან, დაბეგვრის სისტემებიდან და ა.შ
მკითხველისთვის საკმაოდ საინტერესო იქნება, ამიტომ იქნებ კიდევ ერთხელ განმარტოთ,? რა გავლენას იქონიებს აღნიშნული ჰესი საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების კუთხით?
ხუდონჰესი, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია თავისი სტრატეგიული დატვირთვით და მოცულობით. როგორც მოგეხსენებათ, ხუდონის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ–ია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროექტში არის ის, რომ ხუდონს გააჩნია სეზონური რეგულირების თვისებები. კარგად რომ განვმარტო, ხუდონი არის კაშხლიანი ჰესი და მას შეუძლია თავისი გამომუშავების 70–80 პროცენტი გამოიმუშავოს შემოდგომისა და ზამთრის სეზონზე, გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლებელია წყლის დაგროვება. სწორედ ამიტომ, ხუდონის გენერირებულ ენერგიას ჩვენთვის ოქროს ფასი ექნება. ჩვენ შევძლებთ ყველაზე რთულ პერიოდში ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ენერგია. ზუსტი ციფრები რომ მოვიყვანო, ხუდონის აშენებით დაახლოებით 600 მილიონი კვტ/სთ გამომუშავება დაემატება ენგურს, რაც უდიდეს როლს შეასრულებს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობაში.
მინდა გკითხოთ სხვა დიდ ჰესებთან დაკავშირებით, რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით? მაგალითად ნენსკრასთან, ნამახვანთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით.
საქართველოს ენერგოსექტორში დღეს არის 4 სტრატეგიული პროექტი, ესენია: ხუდონი, ნენსკრა, ნამახვანი და დაონი. ამას ემატება მცირე და საშუალო ჰესები, რაც საბოლოო ჯამში 4000 მგვტ ენერგიამდე აღწევს. აქედან სტრატეგიულად მნიშვნელოვან ჰესებზე 2000 მგვტ დადგმული სიმძლავრე მოდის. თუ ყველა პროექტი გეგმის მიხედვით განხორციელდა, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაახლოებით 2025-2030 წლებისთვის საქართველო მაქსიმალურად მიაღწევს ენერგოდამოუკიდებლობას. დიდი და სტრატეგიული ჰესების მშენებლობა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისთვისაც, როგორც მოგეხსენებათ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად პირდაპირპროპორციულად იმატებს ენერგორესურსებზე მოთხოვნაც.