განახლებადი ენერგიიდან მიღებული წყალბადის წარმოება შეიძლება გახდეს წიაღისეული საწვავის ალტერნატივა. Siemens აპირებს გაუსწროს თავის მთავარ კონკურენტებს – Vestas-ს და General Electric-ს მსხვილი სამრეწველო კომპანიებისთვის მათი ობიექტების დეკარბონირების შესაძლებლობის მიცემით. კერძოდ, საუბარია ფოლადის, ნავთობგადამამუშავებელ და ქიმიურ მრეწველობაზე.
Siemens Energy ფლობს Siemens Gamesa- ს 67%-ს, რომელიც ოფშორული ქარის ტურბინების უდიდესი მწარმოებელია. “როიტერის” თანახმად, ორივე კომპანია აპირებს 120 მილიონი ევროს ინვესტიციას ახალი სისტემის შემუშავებაში, რომელიც ელექტროლიზის პროცესში სუფთა ენერგიას გამოიმუშავებს: ქარის ენერგიისგან გენერირებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება წყლის მოლეკულის წყალბადად და ჟანგბადად გახლეჩისთვის.
”ჩვენ მოგვიწია ტურბინის მთლიანად შეცვლა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ ელექტროენერგიის გენერირებისთვის იყო შექმნილი”, – განაცხადა ანდრეას ნაუენმა, Siemens Gamesa- ს დირექტორმა.

მწვანე წყალბადის წარმოება ხდება წყლის ორ კომპონენტად გახლეჩით, განახლებადი წყაროების – ქარის ან მზის ენერგიის გამოყენებით. ამის საპირისპიროდ, “ნაცრისფერი წყალბადის” მიიღება ხდება წიაღისეული საწვავიდან, როდესაც გახლეჩის პროცესი მიმდინარეობს არაგანახლებადი ენერგიის ხარჯზე.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტების უმეტესობა ახლა საპილოტე ეტაპზეა, ევროკავშირის შეფასებით, 2050 წლისთვის მწვანე წყალბადის ინვესტიციები ევროპაში 470 მილიარდ ევროს მიაღწევს და 1 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის. Siemens Energy- სა და Siemens Gamesa-ს გეგმებმა მიიღო მხარდაჭერა გერმანიის მთავრობისგან, რომელმაც გამოყო 9 მილიარდი ევრო წყალბადის ეროვნული ინდუსტრიის დასაწყებად, მსოფლიოში წამყვანი პოზიციის დაკავების მიზნით.
”მწვანე წყალბადის უნიკალური შესაძლებლობაა გერმანიისთვის ინოვაციებისა და ინდუსტრიის თვალსაზრისით,” – განაცხადა განათლებისა და კვლევების ფედერალურმა მინისტრმა ანია კარლიჩეკმა.

სურვილისა და დაფინანსების გარდა, გერმანიას აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული პოზიცია, ვინაიდან მას აქვს წვდომა ჩრდილოეთ და ბალტიის ზღვებზე.
NortH2 ალიანსი, რომელიც მოიცავს დიდ ევროპულ კომპანიებს, გეგმავს ჩრდილოეთ ზღვაში ოფშორული ელექტროსადგურის აშენებას ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის წარმოებისთვის. 1 გვ სიმძლავრის ელექტროსადგური 2027 წელს დაიწყებს ფუნქციონირებას და შემდეგ ეტაპობრივად გაფართოვდება. წინასწარი გამოთვლებით, 2030 წელს ქარის ელექტროსადგური გამოიმუშავებს 4 გვტ ენერგიას, ხოლო 2040 წლისთვის აღნიშნული მინიმუმ 10 გვტ – მდე გაიზრდება.