დავით მიმინოშვილი: "სენტაში" საწვავზე დაბალი ფასი არ ნიშნავს უხარისხოს

დავით მიმინოშვილი: “სენტაში” საწვავზე დაბალი ფასი არ ნიშნავს უხარისხოს

საწვავის ბაზარზე საკმაოდ საინტერესო ცვლილებებია, ნავთობკომპანია “სენტა” ბრუნდება, კომპანიის მესვეურები სხვა ბრენდირებულ კომპანიებთან შედარებით 20 თეთრით დაბალი ფასებით ოპერირებას გეგმავენ. კომპანიის სამომავლო პრიორიტეტებთან და კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით კომენტარი მის ერთ-ერთ მფლობელს დავით მიმინოშვილს ვესაუბრეთ.

კომპანია “სენტა პეტროლიუმი” ბაზარზე ბრუნდება, თუმცა ამ ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანი ძლიერი ქსელის აწყობაა. თქვენ უკვე გაქვთ ორი ავტოგასამართი სადგური ქუთაისსა და ბათუმში, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტი დედაქალაქია, როდიდან იქნება შესაძლებელი “სენტას” სადგურების ნახვა თბილისში და რამდენი ბენზინგასამართი სადგურით აპირებთ თბილისში ოპერირებას?

გასაგებია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლები ელოდებიან “სენტას” სადგურების გამოჩენას, ჩვენც ძალიან ვჩქარობთ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები რამდენიმე არაბრენდირებულ, მზა სადგურებთან მიმდინარეობს. აღნიშნული მოლაპარაკებები დასრულების სტადიაზეა და ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ერთ თვეში შესაძლებელი იქნება “სენტას” ავტოგასამართი სადგურის თბილისში ნახვა.

მასმედიის საშუალებით ცნობილი გახდა, რომ “სენტა” ავტოგასამართ სადგურებს იჯარით იღებს, რამდენ ავტოგასამართ სადგურთან გაქვთ მოლაპარაკებები, გეგმავთ თუ არა ახალი სადგურების მშენებლობას და გაქვთ თუ არა ამ კუთხით რაიმე პროექტი დამუშავებული?

ამ ეტაპზე სამ სადგურთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს. ახლა კომპანიისთვის მთავარი პრიორიტეტი დედაქალაქის ცენტრსა და გასასვლელებში სადგურების ქონაა, მომხმარებლისთვის უფრო მეტი კომფორტის შესაქმნელად. მხედველობაში დიღმის გასასვლელი, კახეთისკენ მიმავალი მაგისტრალი და რუსთავი-მარნეულის მიმართულებები მაქვს. ხოლო რაც შეეხება ახალ მშენებლობებს, ამ ეტაპზე ახალი სადგურების აშენებას არ ვგეგმავთ.

ქალაქის გასასვლელები, გარკვეული კუთხით, სტრატეგიულად შეიძლება ჩავთვალოთ?

სტრატეგიულია, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ადამიანი საწვავს ასხამს, როცა ქალაქიდან გადის. შესაბამისად, უფრო მეტად მნიშვნელოვანი გასასვლელების აღებაა და არა ქალაქში შემოსასვლელების.

გასაგებია, რომ თქვენს ბიზნესჯგუფს გააჩნია შესაბამისი გამოცდილება ამ ბიზნესში, თუმცა, აღნიშნულ ბაზარზე დამკვიდრებას საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. რა ტიპის ინვესტიციის განხორციელებას აპირებთ და ჩაიდება თუ არა “სენტას” აღდგენაში უცხოური კაპიტალი?

უცხოურ ინვესტიციაზე ჯერჯერობით არ ვფიქრობთ და დიდი თანხების დახარჯვას ამ ეტაპზე არც ვაპირებთ. თუმცა, გარკვეული ინვესტიციების განხორციელებას, რა თქმა უნდა, ვგეგმავთ. ეს პატარა ინვესტიციები იქნება, დაახლოებით 20-30 ათასი დოლარის ფარგლებში, რაც სჭირდება ავტოგასამართი სადგურების შეფუთვას, აუცილებელ სარემონტო სამუშაოებს, სადგურზე რეკლამის გაკეთებას, ახალი დისპენსერების დადგმას და ა.შ. აქვე ვიტყვი, რომ არ გამოვრიცხავ ავტოგასამართი სადგურის ყიდვას ან მშენებლობასაც, თუ ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ადგილი იქნება.

ბიზნესის გამართვაში ქართული ბანკები გვეხმარებიან. თითქმის ყველა წამყვან ბანკთან ვთანამშრომლობთ და ბანკებთან თანამშრმლობის ძალიან კარგი 20 წლიანი ისტორია გვაქვს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საბანკო კრედიტებზე არსებული საპროცენტო განაკვეთები და საერთოდ, საბანკო მომსახურების ფასი. მახსოვს, სესხის პროცენტი 22–24%-ი იყო, რაც თავისთავად კატასტროფის ტოლფასია ჩვენს ბიზნესში. დღესდღეობით, საპროცენტო განაკვეთების კუთხით, ვითარება საკმაოდ შეცვლილია და ქართულ ბანკებში ფულის მოძიება 8–9%–ის ფარგლებშია შესაძლებელი. თუ კლების ტენდენცია გაგრძელდება, ძალიან წაადგება ქართულ ეკონომიკას და ბიზნესს, მოგეხსენებათ, ევროპაში საპროცენტო განაკვეთები 5–6%–ით ნაკლებია, ქართულ ბანკებთან შედარებით.

ასევე, არ გამოვრიცხავ უცხოურ ბანკებთან თანამშრომლობას. ჩვენ ამის გამოცდილებაც გვაქვს, წარმატებით ვთანამშრომლობდით BNP პარიბას–თან და სხვა უცხოურ ბანკებთან, რომლებსაც საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობის კარგი გამოცდილება აქვთ.

ჩვენი ყველაზე დიდი პლუსი სწორედ ის გამოცდილებაა, რაც დაგროვილი გვაქვს, ასევე, არსებული ბაზრის, მოთამაშეების და თამაშის წესების ცოდნა. ჩვენთვის ასევე ძალიან დიდი უპირატესობა ის ურთიერთობებია, რომელიც თავის დროზე გვქონდა. ასევე, ის წრე ადამიანებისა, რომლებიც მუშაობდნენ და მუშაობენ ჩვენთან ერთად. ავტოგასამართი სადგურის მენეჯერები, შუამავლები, მძღოლები, პარტნიორი კომპანიები და ა.შ

ამ ბაზარზე დამკვიდრების და წარმატების უმთავრესი წინაპირობა ხარისხიანი საწვავია. საიდან გეგმავთ ნავთობპროდუქტების იმპორტს?

ოცი წლის განმავლობაში საწვავი ძალიან ბევრი ქვეყნიდან სემოგვაქვს. გვაქვს ძველი კონტაქტები, მეგობრობა და პარტნიორობა, შესაბამისად, ამაზე დროს არ ვკარგავთ. დღეის მდგომარეობით, საკმაოდ მაღალი ხარისხის ბენზინი საბერძნეთიდან შემოგვაქვს, ხოლო რაც შეეხება დიზელს, ამ ტიპის საწვავის იმპორტს რუსეთიდან ვეწევით.

სხვათა შორის, რადგან საწვავის ხარისხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ საზოგადოებაში აზერბაიჯანულ და თურქმენულ საწვავთან მიმართებაში ძალიან არასწორი სტერეოტიპი არის ჩამოყალიბებული – თითქოს ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავი უხარისხოა. ეს ასე არ არის. ამ ქვეყნებმა მოახერხეს ახალი ქარხნების აშენება და ძველი ქარხნების გადაიარაღება, რაც ევრო 5-ის სტანდარტის უმაღლესი ხარისხის, პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

აქვე მინდა ვთქვა ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე არსებული საწვავის შესახებ. ჩვენი კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი სწორედ საწვავის ხარისხია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ დაბალი ფასი არ ნიშნავს უხარისხოს, პირიქით, ~სენტა” ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი საწვავით არის წარმოდგენილი ბაზარზე.

ბოლო დროს საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი მნიშვნელოვნად იაფდება. თითქმის 60%–ით არის შემცირებული საერთაშორისო ფასები, რაც ქართულ რეალობაში საკმაოდ არაადეკვატურად აისახება, ამ ფონზე, როგორი იქნება თქვენი საფასო პოლიტიკა და მოკლედ რომ შეაფასოთ, რატომ არ იკლებს ფასები ჩვენთან?

60% – იანი ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე ფასი, საცალო გაყიდვებში, ამავე რაოდენობით შემცირდება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო იმპორტიორი ქვეყანაა, ჩვენთვის იგივე რჩება ისეთი ტიპის ხარჯები, როგორებიცაა ტრანსპორტირება, აქციზი, დღგ, საოპერაციო ხარჯები, დისტრიბუცია და ა.შ.

რაც შეეხება ადეკვატურობას, ძნელი სათქმელია. თუმცა, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ბევრი მოთამაშის არსებობა ბაზარზე აუცილებლად მოახდენს ფასებზე ზეგავლენას. კონკურენციის ჯანსაღი პირობები აიძულებს მოთამაშეებს მოგების მარჟა მინიმუმამდე დაიყვანონ. ეს თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის უმთავრესი პრინციპია.

რაც შეეხება “სენტას” საფასო პოლიტიკას, ჩვენ ბევრჯერ განვაცხადეთ, რომ საცალო ქსელში ძალიან დაბალი ფასები გვექნება. ჩვენ კონკურენტებთან შედარებით ბაზარზე 15–20 თეთრით დაბალი ფასით ვიქნებით წარმოდგენილი. დაბალი ფასი მხოლოდ მოგების მარჟის დაწევის ხარჯზე გვექნება.

ცნობილია, რომ თქვენი კომპანია სამართლებრივ ბრძოლაშია კომპანია “გალფთან”, რა ეტაპზეა აღნიშნული დავა, რამდენად არის იმის სამართლებრივი საფუძველი, რომ კუთვნილი ავტოგასამართი სადგურები ისევ “სენტას” მფლობელობაში გადავიდეს?

საქმე საქალაქო სასამართლოშია და 4 თებერვალს არის პროცესი ჩანიშნული. აღნიშნული დავა სამოქალაქო კუთხით მიდის. სარჩელი პროკურატურაშიც გვქონდა შეტანილი, თუმცა, ამ კუთხით საქმე ძალიან გაჭიანურდა. აქვე მინდა იმედი გამოვთქვა იმ ახალი დეპარტამენტის მიმართ, რომელიც პროკურატურაში პრემიერის ინიციატივით იქმნება და უკანონოდ ჩამორთმეული ქონებების დაბრუნების საკითხებზე იმუშავებს.

ამ ეტაპზე მივაღწიეთ იმას, რომ დაყადაღებულია “სენტას” ქონება, – 50 ავტოგასამართი სადგური, 3 ნავთობტერმინალი და 20–მდე ბენზინმზიდი. ასე რომ, ქონების დაბრუნების შანსები ძალიან მაღალია. იმედი გვაქვს, რომ მოსამართლე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას.

Leave a Reply