TANAP მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთი მხრივ, რეგიონის ქვეყნების და, მეორე მხრივ, ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას
ევროპა აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის გავლით ბუნებრივ აირს მიიღებს. ყარსში საფუძველი ჩაეყარა სამი ქვეყნის ტრანსანატოლიური გაზსადენის პროექტს. საქართველო პროექტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა. ევროპისთვის განკუთვნილმა ბუნებრივმა აირმა სწორედ საქართველოზე გამავალი გაზსადენით უნდა გაიაროს. შესაბამისად, შესაძლებლობა გვეძლევა მალე კიდევ უფრო მეტი იაფი გაზი მივიღოთ. ეს სულ რაღაც 3-5 წელიწადში მოხდება.
ყარსში ტრანსანატოლიური გაზსადენის პრეზენტაციაზე საქართველოს დელეგაცია თურქეთის პრეზიდენტის მიწვევით გაემგზავრა. დელეგაციაში იმყოფებიან – საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე.
საზეიმო ცერემონიალის შემდეგ სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
“დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ ტრანსანატოლიური გაზსადენის საფუძვლის ჩაყრაში. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებული იქნება. აღნიშნულის თქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი ქვეყნების არაერთი მიმართულებით განხორციელებული პროექტები. ამ ქვეყნების როლი ძალიან მნიშვნელოვნად არის წარმოჩენილი მსოფლიო რუქაზე. საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება იმ სატრანზიტო როლს, რომელიც ჩვენ გვაკისრია. მიუხედავად არსებული სირთულეებისა, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს როლს სატრანზიტო დერეფანში არ შეექმნას რაიმე პრობლემა, რადგან ამაზე არის დამოკიდებული არა მარტო საქართველოს, არამედ ჩვენი მეგობრების, თურქეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობა. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ქვეყნის სარგებელი. ჩვენი სატრანზიტო როლი ევრაზიის კონტინენტის მჭიდრო და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ეკონომიკური
თანამშრომლობის საფუძველია. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, მოვახერხოთ ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის სავაჭრო ნაკადების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასპიის ენერგორესურსების ევროპის მიმართულებით გადაადგილება და ევროპის ენერგოუსაფრთხოება.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს და მსოფლიოს აჩვენეს, თუ როგორია რეგიონალური თანამშრომლობის წარმატების მოდელი. არა მხოლოდ ენერგეტიკის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც.
მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება, შაჰ–დენიზის მეორე ფაზას წარმოადგენს. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთის მხრივ, რეგიონის ქვეყნების და, მეორეს მხრივ, ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს გართულებული და არასტაბილური პოლიტიკური ვითარების ფონზე, როდესაც ისტორიულად გაზრდილია ენერგორესურსების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენების საფრთხე”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
“ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი. სწორედ “ტანაპის” საშუალებით ევროკავშირს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის გავლით დამატებით მიეწოდება ბუნებრივი აირი. იგი ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი პროექტია და საქართველოს მონაწილეობა ასეთი ტიპის პროექტში, თავისთავად მნიშვნელოვანია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა.
ენერგოკომისიის წარმომადგენლის მაროშ შეფჩოვის განცხადებით, “ტანაპი” არის მნიშვნელოვანი პროექტი არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ევროპისთვისაც.
“გაზის სამხრეთის დერეფანი” და “ტანაპი” ესაა საკვანძო პროექტები, რომლებსაც ევროკავშირი ძალიან დიდ პრიორიტეტს ანიჭებს. შესაბამისად, პროექტის ყველა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მზადყოფნა, მიიყვანოს აზერბაიჯანული გაზი ევროპამდე.
დასაწყისისთვის მილსადენის გამტარუნარიანობა, როგორც ვარაუდობენ, წელიწადში 16 მლრდ კბ/მ იქნება. საიდანაც დაახლოებით 6 მლრდ კბ/მ გაზი თურქეთს მიეწოდება დანარჩენი კი – ევროპას.
თურქეთი გაზს უკვე 2018 წლიდან მიიღებს. რაც შეეხება ევროპას, იგი ბუნებრივი აირით 2020 წლიდან მომარაგდება, მას შემდეგ, რაც დასრულდება ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობა. პროექტის ღირებულება 11 მლრდ დოლარად ფასდება. ეს მარშრუტი უფრო მოკლე და იაფია, ვიდრე “ნაბუკო ვესტი”, რომელიც ტრანსადრიატიკული მილსადენის კონკურენტად განიხილებოდა.
ამ პროექტიდან საქართველოს სარგებელი არის ის, რომ შაჰ-დენიზის მილსადენის მოცულობა გაიზრდება და შესაბამისად, ქვეყანა ტრანზიტის საფასურად უფრო მეტ იაფ გაზს მიიღებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც მიმართული იქნება აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზის განსავითარებლად. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ტერიტორიაზე 2 ახალი საკომპრესორო სადგური და 50 კმ-მდე გაზსადენი აშენდება. თურქეთის ტერიტორიაზე კი, საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენი აშენდება.
“სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოვების” პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი – ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარება საქართველოს მოუტანს. შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, პროექტის მშენებლობის ეტაპზე 2000, ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა, 2019 წლიდან საქართველო როგორც პროექტის წევრი ქვეყანა, ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს.