რუსეთი ცდილობს მონღოლეთში ჰესების ყველა პროექტი გაყინოს

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ენერგეტიკასთან და კერძოდ ჰიდრო ენერგეტიკასთან ბრძოლამ წარმოაჩინა ზოგიერთი გარემოს დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციის მცდელობები, რომ ეს ბრძოლა გადაიყვანონ თანდათანობით უფრო რადიკალურ, შეიძლება ითქვას ექსტრემისტულ ტაქტიკაზე (მაგალითისთვის საკმარისი იქნებოდა პანკისში მცირე ჰესის პროტესტი და ლენტეხში ხელედულას ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული გამოსვლები).

თავდაპირველად, როგორც მე, ასევე ალბათ ბევრს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ დაიწყო მცდელობა ტრადიციული, ზომიერი გარემოს დამცველი ორგანიზაციიდან გარდაქმნილიყვნენ უკომპრომისო, რადიკალურ ორგანიზაციად, რომელიც პირდაპირ და დაუფიქრებლად აირჩევდა გზას, რომელზედაც უმწვავეს კონფლიქტებზე წავიდოდა ოპონენტებთან, სადაც აპრიორი გამორიცხული იქნებოდა ნებისმიერი კომპრომისი. მათი მოთხოვნები მხოლოდ მაქსიმალისტური იქნებოდა, რაც საერთოდ გამორიცხავდა ქვეყნის რეალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებას.

ასეთი მისწრაფებებიდან და იდეოლოგიური არჩევანიდან გამომდინარე, მათი ამოცანა უფრო ფუნდამენტური უნდა ყოფილიყო, როგორც უამრავი ასეთი ტიპის ორგანიზაციის დასავლეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომ საქმე არაა კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით ან სახელმწიფო უწყებებთან, ან პროექტის მეპატრონეებთან, არამედ მცდელობასთან მიეღწიათ და შეეცვალათ საზოგადოებრივი ინსტიტუტები და პოლიტიკური სისტემებიც კი ეკონომიკურ და გრძელვადიან პერსპექტივაში.

ამ შემთხვევაში მათი ეკოლოგიური ფილოსოფია იბრძვის იერარქიასთან ან კაპიტალთან და მათთვის პროექტის სახეობასაც არა აქვს მნიშვნელობა, არის ეს ჰიდროენერგეტიკა, საგზაო მშენებლობა, გადამამუშავებელი, ქიმიური მრეწველობა, თბოენერგეტიკა თუ ნებისმიერი სხვა სახის პროექტი, რომელსაც მინიმალური გავლენაც კი აქვს გარემოზე. ასეთი ქმედება აშკარად ჩაეწერებოდა ამ მოძრაობის ფილოსოფიურ, ეთიკურ, სოციალურ-პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ კონცეფციაში.

უნდა აღინიშნოს, რომ იყო ძალიან დიდი განსხვავებაც და ეჭვებიც მათ „სიღრმისეულ ეკოლოგისტობასთან“ (არნე ნეშის ტერმინი, 1973წ.), რის გამოც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ჩემთვის და უამრავი ადამიანისთვის ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრე. ამ არასამთავროების ინტერესი ჩვენთან არის მხოლოდ ჰიდროენერგეტიკის წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც საქართველოს ძირითადი სიმდიდრეა და რეალურად ერთადერთი ენერგეტიკული რესურსი და გააჩნია პოტენციალი ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარების. არასოდეს, რაღაც არ მახსენდება სხვა ენერგეტიკული გენერაციის ობიექტით ან მაგალითად, მაღალი ეკოლოგიური რისკის მატარებელი სხვა სფეროებით რომ დაინტერესებულიყვნენ, ყოველ შემთხვევაში გაეპროტესტებინათ მაინც. მე ესეთი გამოსვლები არ მახსოვს სხვადასხვა საწვავზე მომუშავე თბოსადგურების წინააღმდეგ, რაც პრიორიტეტულია მსოფლიოში ბევრი გარემოს დამცველი ორგანიზაციებისთვის, ესაა მათი სპეციფიკა და ხელწერა.

2019-20 წლები აშკარად გამორჩეული იყო საზოგადოების გარკვეული ნაწილის პერმანენტული პროტესტებით ნებისმიერი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს მცირე ჰესი იყო, საშუალო სიმძლავრის თუ დიდი ჰესი. მაგალითად ადრეულ წლებში მცირე ჰესების მშენებლობას ნაკლებად აპროტესტებდნენ, ბოლო ორი წელიწადია, რაც ნებისმიერი ჰესი იწვევს ასეთ პროტესტს. ქვეყნის საკუთარი ერთადერთი ენერგეტიკული რესურსის ათვისების წინააღმდეგ ანალოგიური გამოსვლების მაგალითი მსოფლიოში ძალიან ცოტაა.

დიდი მცდელობის მიუხედავად, მე, მხოლოდ უკრაინაში მოვიძიე. უკრაინაში სადაც ასევე პერმანენტული ბრძოლა დაიწყო საკუთარი ენერგეტიკული რესურსის ფიქლის გაზის მოპოვების წინააღმდეგ. უკრაინაში ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2013-2014 წლებში ამერიკული გიგანტის „შევრონის“ ფიქლის გაზის გეგმის განხორციელების წინააღმდეგ დაიწყო, ადრე არნახული მასშტაბის, ძალიან კარგად ორგანიზებული ბრძოლა. ამერიკული კომპანია და საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევდნენ, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი იყო უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის, რითაც ბუნებრივად შემცირდებოდა მისი ენერგეტიკული დამოკიდებულება რუსეთზე. როგორც ექსპერტები აღნიშნავდნენ, ჰორიზონტალური ბურღვის დაწყება ყველა გარემოსდაცვითი დასაბუთებით მიმდინარეობდა.

ასეთივე მძაფრი და სტრუქტურულად, ფინანსურად კარგად ორგანიზებული პროტესტები დაიწყო უკრაინაში, როდესაც დასავლეთის უდიდესმა ნავთობ კომპანიამ “შელმა“ მოაწერა ხელი 10 მილიარდ დოლარიან კონტრაქტს- ფიქლის გაზის მოპოვებასთან დაკავშირებით (იუზოვკა, დონეცკის რეგიონი). უკრაინის ზოგიერთი არასამთავრობოს ამ ბრძოლას დიდი საერთაშორისო რეზონანსი და სოლიდარობა მოჰყვა დასავლეთის გარკვეული გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან. და, აქ პირველად 2014 წელს “ფაინენშალ ტაიმსში” (ივნისი 19, 2014) გამოქვეყნდა სტატია, რომლის გამოქვეყნება ბომბის აფეთქებას გავდა როგორც უკრაინელებისათვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, სტატია-“ ნატო ამტკიცებს, რომ მოსკოვი აფინანსებს „ანტი ფრაკინგის ( ჰიდრო გახლეჩვის)“ ჯგუფებს“.

სტატიაში აღნიშნული იყო, რომ „რუსეთის სადაზვერვო სააგენტოები ფარულად აფინანსებენ და თანამშრომლობენ ევროპულ გარემოს დაცვით ჯგუფებთან, რათა შეინარჩუნონ ევროკავშირის დამოკიდებულება რუსულ გაზზე, განაცხადა ნატოს ხელმძღვანელმა ლონდონში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ანდრეს ფონ რასმუსენმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა, განაცხადა, რომ ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესება ”უდიდესი მნიშვნელობისაა” და დაადანაშაულა მოსკოვი ”შანტაჟში” ევროპასთან ურთიერთობაში. სტატიაში ასევე აღნიშნული იყო: 28 ქვეყნის ევროკავშირის ბლოკი დამოკიდებულია რუსეთზე ნავთობისა და გაზის საჭიროებების დაახლოებით მესამედით, მაგრამ აქვს ფიქლის გაზის მნიშვნელოვანი მარაგი, რაც მუდმივად შეაჩერებს მის დიდ დამოკიდებულებას რუსეთიდან იმპორტზე. ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, განუცხადა “ფაინენშალ ტაიმს”, რომ ალიანსი მიიჩნევს, რომ რუსეთი ჩართულია ”დეზინფორმაციის კამპანიაში ბევრ საკითხზე, მათ შორის ენერგეტიკაზე”.

”შემაშფოთებელია რუსეთის პოტენციალი და ამ პოტენციალით მანიპულირება, როდესაც ენერგომომარაგებას იყენებს ევროპულ ქვეყნებზე ზეწოლისათვის. არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს მიწოდების შეწყვეტა და ფასები, როგორც იძულების იარაღები”, – თქვეს მათ. ”ჩვენ ვიზიარებთ ზოგიერთი მოკავშირის შეშფოთებას იმის შესახებ, რომ რუსეთი შეეცდება შეაფერხოს შესაძლო პროექტები ფიქალი გაზის ძებნაზე ევროპაში, რათა შეინარჩუნოს ევროპული დამოკიდებულება რუსულ გაზზე.”
ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ რუსეთის ერთ – ერთი მოტივაცია აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატიზმის გაღვივებაში არის რეგიონის ფიქლის გაზის მარაგების განვითარების მცდელობა“.  სამწუხაროდ, ამის შემდგომ მოვლენები აღმოსავლეთ უკრაინაში როგორც განვითარდა, კარგადაა ჩვენთვის ცნობილი.

კიდევ ერთი ქეისი, რუსეთის მიერ მეზობელი ქვეყნის ენერგეტიკული განვითარების არჩევანით დაინტერესების. 2018 წელს რუსეთის ენერგეტიკულმა კომპანიამ “როსსეტმა“ დაიწყო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება მონღოლეთისათვის ელექტროენერგიის საექსპორტო დამატებითი კორიდორის უზრუნველსაყოფად, რუსეთის რეგიონებიდან ბურიატიიდან და ტუვიდან. რუსი ჩინოვნიკები მიიჩნევდნენ, რომ ასეთი ქსელის მშენებლობა მონღოლეთში იყო ერთადერთი და უალტერნატივო გადაწყვეტილება მეზობელი სახელმწიფოსათვის და არავითარ ამის ალტერნატივად, მათი საკუთარი ჰესების მშენებლობა, არც კი უნდა განხილულიყო. აღშფოთებას ვერ მალავდნენ რუსები: იქ ეტყობა, არც ფიქრობენ და არც განიხილავენ უარის თქმას საკუთარი ჰესების მშენებლობაზე, მინიმუმ ყველაზე დიდი სიმძლავრის ჰესზე მდინარე ეგიინ-გოლზე (მდ. სელენგის მარცხენა შენაკადი) არ ამბობენ უარს. შემდეგი არგუმენტიც საინტერესოა ( ალბათ, განსაკუთრებით მონღოლებისათვის) „ამ პროექტით-დენის ექსპორტით მონღოლეთში, ძალიან დაინტერესებულია რუსეთის რეგიონები ტუვა და ბურიატია“, „ჩვენ დავხურავთ მათ 400მგვტ პრობლემას ექსპორტით, რომელიც აინტერესებს და ჭირდება მონღოლეთს“. და შემდეგ იყო ტრადიციული პოლიტიკური ზეწოლა, ახალ-ახალი რაუნდები რუსეთ მონღოლეთის სამთავრობო შეხვედრების დროს.

რუსეთის პრეზიდენტმაც კი დაიმსახურა მადლობა „ბურიატიის საზოგადოებისაგან“, რადგან აქტიურად ჩაერთო ამ საკითხის გადაწყვეტაში და პირადად დაიწყო ამ საკითხის განხილვა მონღოლ კოლეგასთან. „- თქვენი დაგეგმილი ჰესები ეკოლოგიურ პრობლემას ქმნიან ბურიატიისათვის, ბაიკალისთვის, მდინარე სელენგა ხომ ბაიკალს ერთვის და კვებავს“. რას ამბობთ მთავარია მონღოლეთში ჰესები არ აშენდეს თუნდაც ერთიც, ელექტროენერგიით რუსეთი ყოველთვის „დაეხმარება“ „მოძმე“ მონღოლეთს. რა თქმა უნდა, როდესაც რუსეთი თავად აშენებს ჰესს ბაიკალის მკვებავ მდ. ანგარზე, ისინი ბაიკალის პრობლემას ვერ ამჩნევენ. 2017 წლიდან სრული სიმძლავრით ფუნქციონირებს ახალი დიდი (ენგურჰესზე სიმძლავრით 2 ჯერ მეტი) 2997მგვტ „ბოგუჩანსკის ჰესი“ და ის უკვე მეოთხე ჰესია ამ ბაიკალის ტბის მკვებავ მდინარეზე. მაგრამ ეს არაა მთავარი, მთავარი არის, რომ მონღოლეთმა არ ააშენოს ჰესები, არასდროს და არც ერთი.

საქართველოს ტერიტორიები, რომ არ ჰქონდეს რუსეთს ოკუპირებული და დიპლომატიური ურთიერთობები რომ არ გვქონდეს მათთან გაწყვეტილი, დარწმუნებული ვარ, ჩვენც ასეთი „ძმური რჩევებით“ ვიქნებოდით მომარაგებული მონღოლების მსგავსად, მეტიც რუსეთიდან „ექსპერტების“ უწყვეტი ნაკადი ჭირში და ლხინში ფიზიკურად მხარში ამოუდგებოდა ჩვენ ჰესების მოწინააღმდეგე ჯგუფებს. უნდა ვაღიარო ბრძოლა, პროტესტი, რევოლუცია და ომი მათ კარგად იციან!

სხვათა შორის, მონღოლეთში ჰესების წინააღმდეგ, კერძოდ სწორედ მდ. სელენგის ბასეინში მათ მშენებლობის წინააღმდეგ, რუსეთში „ბურიატიის საზოგადოების“ გასაჭირის მხარდასაჭერად საქართველომაც გაილაშქრა. კერძოდ, მიმართვა თბილისშიც მომზადდა 2017 წელს გამართულ კონფერენციაზე ( Bankwatch together with International Rivers and Green Alternative will convene an international meeting of river and dam activists in Tbilisi, Georgia on 28-31 March 2017). 79 ეკოლოგმა 30 ქვეყნიდან ხელი მოაწერეს მიმართვას ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგოდ მდ.სელენგზე და მის შენაერთებზე. მიმართვა გაეგზავნათ მონღოლეთის მთავრობას და მსოფლიო ბანკს. თბილისიდან ეს მიმართვა რუსეთის ყველა ფედერალურმა და ადგილობრივმა მედიამ გააშუქა.

რუსეთმა ოპერატიულად ასევე გამოძებნა სხვა გადაწყვეტილებაც, რომ მინიმუმ მონღოლეთში გაყინულიყო ჰესების პროექტები (ციტატა „способным как минимум «заморозить» проекты монгольских ГЭС“) და ეს იყო ელეტროენერგიის გრძელვადიანი საექსპორტო მიწოდება. “ინტერ რაოს“ ინფორმაციით, გაკეთდა ფასზე 30% იანი დისკაუნტი კვტ. ზე და ეს საექსპორტო მიმართულება ეხლა ითვლება დინამიურად მზარდად. უნდა აღინიშნოს, რომ მონღოლეთის 25 ჰიდროსადგურის განვითარების გეგმა თავის დროზე საბჭოთა კავშირში მომზადებულა, რუსეთის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქ ლენინგრადში, იმ პერიოდში მონღოლეთი ფაქტიურად მე 16 „ძმა“ რესპუბლიკა იყო.

საქართველოს მიმართულებითაც რუსეთს ელექტროენერგიის სახით დიდი საექსპორტო პოტენციალი აქვს. მითუმეტეს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ როსტოვის ატომური ელექტროსადგურის ახალი ბლოკიც შეიყვანა მწყობრში და არნახულად გაზარდა ეს პოტენციალი. გარდა ამისა, კარგადაა ცნობილი, რომ ჩვენ ჰიდროენერგეტიკულ პოტენციალზე, თუ ჰესების პროექტებზე მოსკოვმა გაცილებით მეტი იცის ვიდრე მონღოლურ პროექტებზე. შეგახსენებთ საბჭოეთში თბილისის „ჰიდროპროექტი“, ხომ რუსეთის ჰიდროპროექტის ფილიალი იყო და დეტალურად ვყავართ შესწავლილი ჰიდროპოტენციალის კუთხით. ხშირად ვფიქრობ, როგორ გაუმართლა პატარა შვეიცარიას, ავსტრიას, რომ რუსეთის მეზობლები არ არიან თორემ დღეს ვერ იამაყებდნენ იმის გამო, რომ თავიანთი ჰიდრო პოტენციალის 90% ათვისებული აქვთ და მდინარე არ დატოვეს, სადაც ჰესი არ ჰქონდეთ აშენებული. თუმცა ასეთი მეზობლის არ არსებობამ მათი ბუნება, ხომ ეტყობა, რომ ძალიან დააზიანა. ვინც ამ ქვეყნებში ნამყოფი ხართ, მათ ამ უბედურებას აშკარად შეამჩნევდით და ასევე, არ დამავიწყდეს, აშკარა თვალშისაცემ ტურისტების ნაკლებობასაც. მონღოლეთში ტურისტების ზრდაზე რუსეთი ზრუნავს!

ხუმრობა იქეთ იყოს, მართლა არ არის ეს სახუმარო თემა, ზემოთ მოყვანილიდან აშკარად ჩანს, რომ ნებისმიერი ქვეყნისათვის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა და ის პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ და ეროვნულ უსაფრთხოებასთან.

ენერგეტიკული უსაფრთხოების სამი ჰიპოსტასია: 1.პოლიტიკური და გეოპოლიტიკური პრობლემები, 2. ტექნოლოგიური პრობლემები, ენერგომომარაგების საიმედოობა, 3.ინსტიტუციონალური პრობლემები, დერეგულირება.

ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მექანიზმები და საშუალებები სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება ერთმანეთისგან, განსხვავებულია ინვესტიციების მოცულობებით, განსხვავდება რისკებით და ა.შ. ენერგეტიკული უსაფრთხოების ანბანია, რომ პოლიტიკური რისკებისაგან თავის დასაცავად უნდა განხორციელდეს ენერგორესურსების მიწოდების წყაროების ასევე მიწოდების მარშრუტები.

ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების რადიკალური ცვლილება 2007 წელს მოხდა, როდესაც საქართველოს გაუჩნდა ბუნებრივი გაზის მიღების საშუალება ჩვენი სტრატეგიული, ენერგეტიკული პარტნიორისგან და ნამდვილად კეთილი მეზობლისგან აზერბაიჯანისგან. საქართველომ აზერბაიჯანიდან დაიწყო ბუნებრივი გაზის სტაბილური მიღება და იმ დიდი ბენეფიტებით სარგებლობა, რომელიც 2002 წელს ქართული მხარის მიერ საერთაშორისო კონსორციუმთან ხელმოწერილი ვფიქრობ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ხელშეკრულებას მოჰყვა. (ამ ხელშეკრულებაზეც ალბათ როდესმე დავწერ, ყოველ შემთხევაში დიდი სურვილი მაქვს) ქვეყნისათვის ამდენი წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულებით მიღებული სარგებლის, ფინანსური ექვივალენტი რომ გადავთვალოთ საქართველოსთვის უპრეცედენტოდ უზარმაზარი ციფრია. მიღებული ბენეფიტები ალბათ ყველას ახსოვს: 5% ¬_იანი სატრანზიტო მოცულობა უფასოდ და 500 მილონი მ3 გაზი სპეციალურ ფასად (ძალიან დაბალ), გახსოვთ ასევე ამ მოცულობას ემატებოდა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ჩვენი მაგისტრალური გაზსადენებით მიწოდებული ბუნებრივი გაზის მოცულობის 10% -ი, რაც დაახლოებით 200 მილონი მ3. (ეს 10% იც დავკარგეთ 2017 წელს, ვფიქრობ, სუსტად ჩატარებული მოლაპარკებების შედეგად გაზექსპორტის ხელმძღვანელთან და გადავედით ტრანზიტის ფინანსურ ანაზღაურებაზე, რაც ფინანსურად შედარებით, წამგებიანი არის ქვეყნისათვის).

რამდენად დიდი საფრთხის, რისკების შემცველი იყო საქართველოსთვის ჩრდილოეთიდან ბუნებრივი გაზის მიღება მხოლოდ რამდენიმე ფაქტს შეგახსენებთ. აფეთქებები მაგისტრალურ გაზსადენებზე 2003 წელს და 2006 წელს, როდესაც ორივე შემთხვევაში ქვეყანა მისი მოსახლეობა, ენერგეტიკა მთლიანად დარჩა ბუნებრივი გაზის გარეშე. ბუნებრივია ამ აფეთქების გამო გაზის მიწოდება უწყდებოდა რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორს სომხეთსაც, თუმცა მას გაზსაცავი გააჩნდა და ასევე საშულება ჰქონდა უშუალოდ მეზობელი ირანიდანაც მიეღო ბუნებრივი გაზის გარკვული მოცულობა. ვფიქრობ, “ეჭვიანად“, რომ ყველა აფეთქების წინ სომხეთის გაზით უზრუნველყოფის გეგმა და კრიტიკული ვადები რუსეთის მიერ გათვლილი და გათვალისწინებული იყო ასეთი „შემთხვევით“ აფეთქებების დროს.

შეიძლება ასევე მოვიყვანოთ მაგალითი, როცა 2001 წლის 28 დეკემბერს ამერიკული კომპანია „ეიიეს თელასის“ საკუთრებში არსებული თბოსადგურებისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო რუსეთმა და შესაბამისად აფრინა წერილი- „დეპეშა“ იმ დროინდელი რუსეთის მთავრობის ვიცე პრემიერის ხრისტენკოს ხელმოწერით, რომელიც ენერგეტიკას კურირებდა. გაზის მიწოდების ხელშეკრულების არამართლზომიერ პირთან გაფორმების მოტივით რუსეთი ქვეყანას ახალ წელს რეალურად ენერგეტიკულ კოლაფსში აგდებდა.

სხვათა შორის, მკითხველს მინდა გავახსენო მეტად საინტერესო ფაქტი (მეც აღმოვაჩინე და პატიება ვითხოვო ზემოთ ნათქვამზე ჰესების გარდა სხვა გაპროტესტებული ობიექტის არ არსებობა ეს ერთადერთი ფაქტი არსებობს), რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციები ებრძოდნენ „ბაქო თბილისი ჯეიჰანის“ და „შაჰდენიზის გაზსადენის“ პროექტებს და მსოფლიოში არსებობდა ამ პროექტების კიდევ სხვა ძლიერი მოწინააღმდეგე და ის ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, რუსეთი იყო.

სახელმწიფომ უნდა მოახერხოს მსხვილი უცხოური კომპანიის გავლენის რეგულირება ეროვნულ ბაზარზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა მაგალითების მოყვანა ჩვენი ენერგეტიკის უახლოესი ისტორიიდან და კიდევ ერთხელ ყურადღების გამახვილება თუ რა მნიშვნელობისაა ეს საკითხი ქვეყნის ენერგეტიკული, ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისათვის. საქართველო სრულიად შეგნებულად აშკარად დიდი რისკების ქვეშ იგდებდა თავს, როცა 2008 წელს აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო კონფიდენციალური, სამთავრობო მოლაპარაკებები რუსეთთან, სხვადასხვა ენერგეტიკული და წყალ სამეურნეო აქტივების გადასაცემად. (კაპიტულანტურ პოლიტიკურ მოტივებზე ამ მოლაპარაკებების არ შევჩერდები) ყველას გახსოვთ ამ მოლაპარაკების საფუძველზე ხრამი 1 ჰესი და ხრამი 2 ჰესი, რომელიც მართვაში ჰქონდა კომპანია თელასის მფლობელ რუსულ “ინტერ რაოს“ და ხელშეკრულებით 4 წელიწადში, 2024 წელს უნდა დაბრუნებოდა ჩვენ სახელმწიფოს, პრივატიზაციის ხელშეკრულებით რუსულ კომპანიას სამუდამო მფლობელობაში გადაეცა.

გარდა ამისა, რაც საზოგადოებისათვის კარგადაა ცნობილი კონფიდენციალური მოლაპარაკებებით იგეგმებოდა ენგურჰესის კასკადის მართვაში გადაცემა რუსული კომპანიისათვის, მხარეებს შორის გაფორმებული მემორანდუმი უკვე ვიზირებული და შეთანხმებული იყო. მადლობა ღმერთს და ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების ოპერატიული, მკაცრი ჩარევით შეჩერებულ იქნა აშკარად საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს ქმედება. აქ ასევე საკმაოდ საინტერესოა აფხაზური მხარის ძალიან ნეგატიური, უარყოფითი დამოკიდებულება ამ დაგეგმილ ხელშეკრულებაზე, მაგრამ ეს სხვა თემაა. ამ პერიოდში ასევე რუსეთს გადაეცა პრივატიზაციით კიდევ ერთი დიდი წყალ სამეურნეო, ენერგეტიკული კომპანია და ეს ფაქტიც კარგადაა ცნობილი ჩვენი საზოგადოებისათვის.ყველა ქვეყნა ცდილობს იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსების ჩანაცვლებას საკუთარი რესურსებით, სამწუხაროდ ჩვენთან გარკვეული ძალები ამის საშუალებას არ იძლევიან.

ჩვენი ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული რესურსი ჰიდრო ენერგიაა, ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვერ მოახერხა ამ რესურსის ათვისება, რაც დღესაც გრძელდება. პირველი ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საშუალო სიმძლავრის (24მგვტ) ხადორის ჰესი 2000-2004 წლებში აშენდა. ნაციონალური მართველობის 9 წლიან პერიოდში ფაქტიურად არც ერთი ჰესი არ აშენებულა. 2012 წლიდან, უფრო ზუსტად 2013 წლიდან დაიწყო სხვადასხვა სიმძლავრის ჰესების ინტენსიური მშენებლობა და ეს ნამდვილად თვალშისაცემი იყო, რაც გაგრძელდა დაახლოებით 2018 წლამდე, ამ პროცესების შეჩერების მიზეზებზე ახლა არ ვისაუბრებ. მინდა ყურადღება მივაპყრო იმ ფაქტზე, რომ საქართველომ ვერ მოახერხა ვერც ერთი დიდი ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რომლითაც რადიკალურ ნახტომს გააკეთებდა სწორედ იმპორტირებული რესურსის ჩანაცვლების კუთხით. ასეთი კი, საქართველოში მხოლოდ სამი მარეგულირებელი ჰესის პროექტია: ხუდონი ჰესი, ნამახვანი ჰესი და ნესკრა ჰესი.

მრავალწლიანი ბრძოლები ხუდონჰესის წინააღმდეგ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო და დღემდე გრძელდება, დღეს ეს პროექტი გაურკვეველი ვადით არის გაჩერებული. ნენსკრას პროქტის წინააღმდეგ დიდი ბრძოლები იყო და ეხლაც გრძელდება. ნამახვანი ჰესი, რომელიც უცხოელი და ქართველი ენერგეტიკოსების აზრით, დღეს, ყველაზე საჭირო და აუცილებელი პროექტია საქართველოს ენერგოსისტემისათვის, რომლის პროექტის საწყისი ვარიანტის მოდიფიცირების შემდგომ, (პროექტის ცვლილება, როგორც ჩემთვის ცნობილია გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებით იყო ნაკარნახები) გადავიდა მშენებლობის ეტაპზე და ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების მენეჯმენტით, კარგად სტრუქტურირებული და მართული პროცესით (ეს უნდა ვაღიაროთ), ამ პროექტის განხორციელების წინააღმდეგ დაიწყო გამალებული ბრძოლა. მოტივაცია თითქოს გარემოს დაცვის თემატიკაა, ნაგებობების უსაფრთხოება, სეისმომედეგობა, გავლენა ადგილობრივ კლიმატზე, ადამიანების ჯანმრთელობა და ა.შ. მომზადებული დეზინფორმაციის კასკადი: ჰიდროენერგეტიკა მე-20 საუკუნის 70 წლებში დასრულდა და ის დღეს ჩამორჩენილი ტექნოლოგიაა, რჩევები ძველი რეპერტუარიდან „ჯერ არსებულის რეაბილიტაციას მიხედეთ“…. ვითომ რეაბილიტაცია არ უტარდებოდეს ჰესებს ქვეყანაში და საქართველოს ენერგოსისტემაში, ჰიდროსადგურები თითქმის საპროექტო გამომუშავებას არ აღწევდეს უკვე მრავალი წელია.

ის რომ ქართულმა ენერგეტიკამ დამოუკიდებლობის პერიოდში საწყისად, სწორედ ჰესების რეაბილიტაციას მიაქცია ყურადღება ეს არც იციან, არც აინტერესებთ და არც განიხილება. არადა, ამის შესანიშნავი მაგალითია ენგურჰესი, რომლის მრავალწლიანი რეაბილიტაციის პირველი ეტაპი 2002 წელს დაიწყო და 2014 წელს დასრულდა. და სწორედ ამ წელს, მრავალი წლის შემდეგ პირველად იქნა აღებული დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ. აპელირება ლაჯანურ ჰესის 67 წლის წინ აშენებული კაშხლის დალამულ წყალსაცავზე, ვითომ გულშემატკივარი “სპეციალისტის“ კომენტარი, რომელმაც არ იცის, ლამის გაწმენდა მხოლოდ მანევრირებას შესძენს ჰესს და არ გაზრდის გამომუშავებას. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ რეალური გარემოსდაცვითი შეფასებები, კვლევები და მათი ხარისხი. დარწმუნებული ვარ, რომ უმაღლეს დონეზეც შესრულებულ კვლევებს ეს ადამიანები არც კი განიხილავენ. მათი მიზანი ერთადერთია, არ დაუშვან საქართველოში იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსის საკუთარით ჩანაცვლება.

საუბარი მზის და ქარის რესურსის ათვისებაზეც აშკარად ტყუილია, შეიძლება არა უბრალო ადამიანების მხრიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ მათი კოორდინატორების მხრიდან, რომელთაც მშვენივრად იციან, რომ ეს რესურსი მაინც შეზღუდულია და ვერასოდეს ვერ შეასრულებს იმპორტირებული რესურსის ჩანაცვლებაში ისეთივე როლს, რასაც ჩვენ ჰიდროენერგეტიკას შეუძლია. აშკარაა ეს ადმიანთა ჯგუფი დღეს, რომ ენგურჰესის ან ჟინვალჰესის აშენების საკითხი იდგეს ქვეყანაში ასევე შეუშლიდნენ ხელს. იგივე ხდება მცირე ჰესებზეც. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არც წარმატებული ქვეყნების საერთაშორისო გამოცდილება ჰიდრო მშენებლობის კუთხით. მათი მიზანი ერთია, საქართველომ არ და ვერ მოახერხოს ჰიდროენერგეტიკის განვითარება.

ძალიან მძიმე კიდევ ერთ ფაქტზე მინდა აუცილებლად შევჩერდე, აშკარად გვქონდა პრეცედენტები კუთხური განწყობების გაღვივების დიდი მცდელობების (სვანეთში, პანკისში, აჭარაში) ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტების დროს, რაც პირდაპირ შეიძლება გარე ძალის ჰიბრიდული მოქმედება იყოს. ეს კი ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი პრობლემაა.

ასეთი რადიკალური ქმედებები ნებისმიერი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ არა მარტო, სახელმწიფოს ენერგეტიკული უსაფრთხოების არამედ რეალურად ეროვნული უსაფრთხოების უდიდესი პრობლემა გახდა.

ქვეყნის, სახელწიფოს მიზანი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს და ამისათვის უნდა ააშენოს ახალი გენერაციის ობიექტები. საქართველოში ჰიდროსადგურების განვითარება და ამ დიდი პოტენციური რესურსის (ათვისება) გამოყენება დღეს არსებული 20% დან თუნდაც საშუალო ევროპულთან მიახლოებულ სიდიდეზე, აწყდება არნახულ წინააღმდეგობას ზოგიერთი რადიკალური გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან. საუბარიც არაა გამოყენების იმ პროცენტის მიღწევაზე, რაც ჰიდრორესურსით მდიდარ და წარმატებულ ევროპულ ქვეყნებში ხდება.

2019 წელს ჰიდროსადგურებით გაჯერებულ ევროპაში მშენებლობის ეტაპზე იყო 3500 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროსადგურები. ენერგიის მოხმარება საქართველოში იზრდება და სულ რაღაც 10 წელიწადში 2030 წლისათვის, ყველაზე კონსერვატული პროგნოზით, მოხმარება 22 მილიონ კვტ.სთ-ს შეადგენს. როგორ დააკმაყოფილებს ამ გაზრდილ მოხმარებას საქართველოს ენერგოსისტემა? ესაა მთავარი საკითხი იმ ბრძოლის, რომელიც ეხლა მიმდინარეობს, რამდენად იქნება ჩვენი ეკონომიკა უზრუნველყოფილი საკუთარი ენერგეტიკით და ეს მისცემს მას წარმატებით განვითარების უპირატესობებს. ენერგეტიკული პროექტების მდგრადი განვითარება ნიშნავს საუკეთესო ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი ოპტიმალური გადაწყვეტილების მოძებნას და არა უარის თქმას ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე. როდის შევძლებთ ამ ოქროს შუალედის პოვნას ვერ გეტყვით…

მანამდე კი მონღოლეთში და საქართველოში ჰესების პროექტები გაყინულია…

და, ამ დროს შუა ევროპაში, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში, ყოფილი იუგოსლავიის ადგილას შექმნილ დემოკრატიულ ქვეყნებში, რომლებმაც თითქმის 30 წლის წინ, რუსეთის გავლენას თავი დააღწიეს, უამრავი ჰიდროსადგურის მშენებლობა იგეგმება: სულ 1315 ჰესი აშენდება, მათი უმეტესობა მცირე ზომისაა (883), თუმცა 294 საშუალო ზომისაა და138 დიდია. დაგეგმილი ჰესების გეოგრაფიული განაწილება შემდეგია: სლოვენიაში 150, ხორვატიაში 106, ბოსნია და ჰერცოგოვინაში 266, სერბეთში 780, მონტენეგროში 53. უფრო მეტიც, მიმდინარე გეგმები მოითხოვს დიდი ჰესების მშენებლობით ტრანს სასაზღვრო დიდი მდინარეების დრავასა და სავას შემდგომ გამოყენებას (Renewable and Sustainable Energy Reviews 117 (2020) 109434).

წყარო: ipress.ge

Leave a Reply