ნავთობი - გზა მოპოვებიდან მომხმარებლამდე

ნავთობი – გზა მოპოვებიდან მომხმარებლამდე

ნავთობი უკვე ძალიან დიდი ხანია მსოფლიო პოლიტიკის განმსაზღვრელ ერთერთ მთავარ ფაქტორად იქცა და სავარაუდოდ მისი გავლენა კვლავაც დიდი ხნის მანძილზე გაგრძელდება. მასზე დამოკიდებულია მსოფლიო ეკონომიკა, ამიტომ დღემდე ის წარმოადგენს მწვავე კონკურენტული ბრძოლის საგანს, მრავალი საერთაშორისო კონფლიქტისა და ომების მიზეზს. ნავთობი გამოიყენება მრეწველობის პრაქტიკულად ყველა დარგში, ტრანსპორტის ყველა სახეობაში, სამხედრო და სამოქალაქო მშენებლობაში, სოფლის მეურნეობაში, ენერგეტიკაში და ა.შ.

საინტერესოა როგორ ხდება ნავთობის საბადოების წარმოშობა, მათი ძიება, ბურღვა, როგორ მოიპოვებენ ამ რესურსს, როგორ ხდება მისი ტრანსპორტირება და საერთაშორისო ბაზრებამდე მიტანა.

მეცნიერები დღემდე დაობენ ნავთობის წარმოშობის ჰიპოთეზების შესახებ. არსებობს სამი ძირითადი თეორია: კარბიდული (არაორგანული) წარმოშობის, კოსმოსური და ორგანული (ბიოგენური) წარმოშობის ჰიპოთეზები. მეცნიერების უდიდესი ნაწილი მესამე თეორიას ემხრობა, რომლის მიხედვითაც ნავთობი წარმოიქმნა ზღვებისა და ოკეანეების დანალექ ქანებში დაგროვილი მცენარეებისა და ცხოველების ნეშტისაგან.

რაც შეეხება ნავთობის ძებნას, ის ხორციელდება გეოლოგიური, გეოფიზიკური და გეოქიმიური მეთოდების გამოყენებით.

გეოლოგიური მეთოდი ითვალისწინებს დანალექი ქანების სტრუქურის შესწავლას გეოლოგიური გადაღებებისა და ბურღვის საშუალებით. ბურღვის შედეგების მიხედვით ადგენენ სტრუქტურულ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავენ მთის ქანების, განსაკუთრებით, ფენების რელიეფის შედგენილობას და ასაკს. შემდეგ ნავთობგაზური დამჭერების აღმოსაჩენად ბურღავენ სამძებრო ჭაბურღილებს. საბადოების აღმოჩენის შემდეგ, ნავთობისა და გაზის ზომებისა და მარაგების დადგენის მიზნით, იწყებენ საძიებო ბურღვას.

გეოფიზიკური მეთოდების გამოყენების დროს სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით ახდენენ ისეთი მოვლენების და პარამეტრების გაზომვას, როგორიცაა გრავიმეტრიული და მაგნიტური ანომალიები, ქანების ელექტროგამტარიანობა, ხელოვნური აფეთქების დროს წარმოქმნილი სეისმური რხევების გავრცელების თავისებურებები. ნავთობისა და გაზის დამჭერების ძებნისას წამყვან მეთოდს წარმოადგენს სეისმოძიება.

ნავთობისა და გაზის მოპოვების გეოქიმიურ მეთოდებს მიეკუთვნება გაზური გადაღება და გაზური კაროტაჟი. გაზური გადაღების დროს 2-3 მ-დან 10-50 მ. სიღრმეზე იღებენ გაზის (ნიადაგქვეშა ჰაერის) ან ქანების ნიმუშების სინჯებს და ამ სინჯებიდან გამოყოფენ მეთანს, ეთანს, პროპანს და სხვა ნახშირწყალბადებს. ანალიზის შედეგების მიხედვით ხდება გაზური ანომალიების გამომჟღავნება, რომლებიც საბადოს ქანების სიღრმეში მიანიშნებენ ნავთობისა და გაზის შესაძლო არსებობაზე.

ნავთობის ძებნის შემდეგ იწყება გეოლოგიურ-სადაზვერვო სამუშაოები, რომელიც სამ ეტაპად იყოფა: რეგიონალური, სამძებრო და საძიებო.

რეგიონალურ ეტაპზე ახდენენ რეგიონის პროგნოზული რესურსების და მარაგების შეფასებას; გეოფიზიკური მეთოდებით განისაზღვრება საძიებო სამუშაოების რაიონები. სამძებრო ეტაპი ითვალისწინებს დეტალურ გეოფიზიკურ კვლევებს და ბურღვისათვის ლოკალური ობიექტების გამომჟღავნებას. ამის შემდეგ ახდენენ სამძებრო ჭაბურღილების ბურღვას. სამძებრო ეტაპის დასრულების შედეგად მტკიცდება საბადოს არსებობის ფაქტი და მიმდინარეობს მარაგების წინასწარი შეფასება.

საძიებო ეტაპის ძირითადი მიზანია საბადოს მოხაზულობის დადგენა, ფენებისა და სავარაუდო მარაგების განსაზღვრა, რის შემდგომაც ხდება ექსპლუატაციაში საბადოს შესვლის რეკომენდაციების შემუშავება.

ამის შემდეგ კი იწყება საბადოს ბურღვა. ჭაბურღილი დედამიწის ქერქში გაჰყავთ ზედაპირზე დაყენებული მექანიზმების საშუალებით მანამ, სანამ არ მიაღწევენ ჭაბურღილის საპროექტო სიღრმეს. ბურღვის დროს ძირითადად იყენებენ ქანების დაშლის მექანიკურ მეთოდს, რომლის დროსაც დაშლა ხორციელდება სოლისებრი იარაღის დარტყმით. ქანების დაშლის ამ სახეობების შესაბამისად არსებობს ბურღვის დარტყმითი, ბრუნვითი და კომბინირებული დარტყმით-ბრუნვითი ხერხები. ბრუნვითი ბურღვისას ქანის დაშლა სანგრევზე განუწყვეტლივ მიმდინარეობს მბრუნავი სატეხით, რომელზეც ერთდროულად მოქმედებს ღერძული დაწოლა, ბრუნთა რიცხვი, სანგრევზე მიწოდებული ხსნარის რაოდენობა და წნევა. ამ ძალების მოქმედების შედეგად მიმდინარეობს სანგრევის ჩაღრმავება.

ბურღვის ერთ-ერთ მეთოდს წარმოადგენს ჰიდრავლიკური გახლეჩის მეთოდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით უფროდაუფრო პოპულარული ხდება და რომელიც ფიქალის ნავთობისა და გაზის რევოლუციის მიზეზი გახდა.

ბურღვის შემდეგ იწყება საბადოდან ნავთობის მოპოვება, რომლის დროსაც ორ მეთოდს იყენებენ. პირველ მეთოდს იყენებენ, როდესაც საბადოს ფენის წნევა საკმაოდ მაღალია და ნავთობი თვითდინებით ამოდის, რის გამოც ეს მეთოდი შედარებით ეკონომიურია, ხოლო მოპოვების ხერხს, რომლის დროსაც ნავთობი მიწის ზედაპირზე ამოდის გარედან მიწოდებული ენერგიის ხარჯზე, ეწოდება მექანიზებული, რომლის დროსაც ნავთობის ამოღება ხდება ხელოვნურად შექმნილი წნევის, ან სპეციალური სატუმბი მოწყობილობების მეშვეობით.

ნავთობის მოპოვების-საბადოდან ამოღების შემდეგ ხდება ნავთობის გაწმენდა სხვადასხვა მინერალებისგან და აირებისგან, რის შედეგადაც მაღლდება მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი, შემდგომ კი ხდება მისი გაუწყლოება და გაუმარილოება. ამ პროცესების დასრულების შემდეგ შესაძლებელი ხდება ნავთობის ჩატვირთვა სპეციალურ ჰერმეტულ რეზერვუარებში, ან მისი გადაზიდვა მილსადენებით და სხვა სატრანსპორტო საშუალებებით ნავთობის გადამამუშავებელ ქარხნებში, სადაც საბოლოო გადამუშავების შემდეგ მიიღება სასურველი ნავთობპროდუქტი, რომელიც შემდგომ უშუალოდ მომხმარებლამდე მიდის კვლავ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით

ენერგოდაიჯესტი

 

Leave a Reply