ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები - ნაწილი 2

ახალი აბრეშუმის გზის ქართული გამოწვევები – ნაწილი 2

ნავთობის ინფრასტრუქტურის გამოწვევები

ჯერ კიდევ 2009 წელს აზერბაიჯანის ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ 2015 წლისათვის რესპუბლიკაში ნავთობის წარმოება ყოველწლიურად 60-65 მლნ ტონას მიაღწევდა, რაც საექსპორტო მილსადენებს სრულად შეავსებდა. თუმცა, 2010 წლის III კვარტალში ქვეყანაში   ნავთობის მოპოვების პიკის მიღწევის შემდეგ (ამ წელს მოპოვებული იქნა 50.83 მლნ ტონა ნავთობი), ამ მაჩვენებლის კლება შეინიშნება. კერძოდ, 2011 წელს აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვებამ 45.3 მლნ ტონა შეადგინა, ნაცვლად საპროგნოზო 51.4 მლნ ტონისა; 2012 წელს – 43.9 მლნ ტონა, ნაცვლად 46 მლნ ტონისა; 2013 წელს დაგეგმილი იყო ნავთობისა და გაზის კონდესატის მოპოვება 43.2 მლნ ტონის ოდენობით. აზერბაიჯანის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტის მონაცემებით, შემცირების ტრენდი 2013 – 2014 წლებშიც შენარჩუნებული იყო და ეს ახალი ჭაბურღილების ბურღვის, შელფზე ახალი პლატფორმების დადგმისა და ნანოტექნოლოგიების დანერგვის, ანუ ინვესტირების პირობებში ხდება.

შედეგად, სახეზეა საქართველოდან ნავთობის რეექსპორტის კლება. კერძოდ, 2012 წელს ექსპორტის მოცულობა წინა წლის ექსპორტზე 7.5%-ით ნაკლები იყო: თუ 2011 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 32.2 მლნ ტონა ნავთობის ტრანსპორტირება განხორციელდა, 2012 წელს ამ მაჩვენებელმა 29.67 მლნ ტონა შეადგინა. ეს ტენდენცია 2013 წელსაც გაგრძელდა. ამავე დროს, 2013 წლის იანვარ-ნოემბერში ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენით 1.6 მლნ ტონა ნავთობი იქნა გადატვირთული, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 13.7%-ით ჩამორჩება; ბაქო-სუფსას ნავთობსადენით გადაიტვირთა 2.5 მლნ ტონა ნედლეული, რაც 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 3.7%-ით ნაკლებია; 2013 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით 8.6 მლნ ტონა თურქმენული ნავთობის ტრანსპორტირების დაწყებამ პოზიტიურად ვერ შეცვალა სიტუაცია და ამ მილით სულ 18.3 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა, რაც 2012 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 1.4%-ით ნაკლებია. პოზიტიურად ვერ შეცვალა მდგომარეობა 2014 წელს ამ მილით 4 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის დამატებით ტრანსპორტირებამაც.

გარდა კასპიისპირეთიდან საქართველოს გავლით გადასაზიდი ნავთობის მოცულობის შემცირებისა, არსებობს ე. წ. ინსტიტუციური რისკიც. კერძოდ, თუ თენგიზიდან (ყაზახეთი) ნოვოროსიისკამდე (რუსეთი) მხოლოდ რკინიგზაა ნავთობის სატრანსპორტო კომპონენტი, საქართველოზე გამავალი მარშრუტი ყაზახეთის რკინიგზას და საპორტო ტერმინალებს, შემდეგ კასპიის სანაოსნოს ბორანს, აზერბაიჯანულ საპორტო ტერმინალებს, აზერბაიჯანის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზას და საქართველოს საპორტო ტერმინალებს გაივლის. შედეგად ვიღებთ ექვსკომპონენტიან საექსპორტო მარშრუტს, რომლის ჯამური ტარიფი, რა თქმა უნდა, რუსულზე მაღალი გამოდის.

ამასთან, რეგიონში ჩვენი გეოეკონომიკური კონკურენტი, რუსეთი, დივერსიფიცირებულ სატარიფო პოლიტიკას ახორციელებს. ამაში მას ხელს დიდი ტერიტორია უწყობს, რაც დამადაბლებელი კოეფიციენტების გამოყენების საშუალებას იძლევა; ს/ს «რუსეთის რკინიგზების“(РЖД) ხელშია შავი ზღვის ნავმისადგომების, სხვადასხვა სათავსოების (დაჭირხლული/გათხევადებული გაზის, ნავთობ-ქიმიური ტვირთების და ა.შ.) და მოძრავი შემადგენლობის უმეტესობა. მას გააჩნია მძლავრი კვლევითი ცენტრი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ტარიფების კონკურენტუნარიანობას იკვლევს; ერთი მესაკუთრის, РЖД-ს მიერ, სხვადასხვა ბერკეტების გამოყენება შესაძლებელს ხდის РЖД-ს ტარიფის შემცირებას.

რუსეთისაგან განსხვავებით საქართველოში არ არსებობს „რკინიგზის განვითარების სტრატეგია“, რომელშიც დარგის განვითარების ძირითადი მიმართულებები იქნება გამოყოფილი. კერძოდ, ახალი არეალის ათვისება, დამატებითი ფრახტის მოზიდვა, რაც თავისთავად გაზრდის ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციას. „სტრატეგია“ თავისთავად რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციას გულისხმობს. არსებობს სხვა პრიორიტეტებიც, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება ერთ მთავარ მიზანს – გაზარდოს ახალი აბრეშუმის გზის, სატრანზიტო მაგისტრალის გეოეკონომიკური კონკურენტუნარიანობა და ის უფრო მიმზიდველი გახდეს სხვა დერეფნებთან მიმართებაში. მიგვაჩნია, რომ ამ საკითხების უწყებათაშორის კოორდინაციასეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი უნდა ახორციელებდეს.

გაზის ინფრასტრუქტურის გამოწვევები

რუსეთის მიერ 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსიის და 2014 წლის ნოემბრის ბოლოს აფხაზეთთან ე.წ. მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შედეგად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ევროკავშირის „სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტები. კერძოდ ისინი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტისათვის გამოყენებას გულისხმობენ. ამ „დერეფანს“ დასავლეთი „ერთ მუშტად უნდა შეეკრა“ და ის რუსულ ენერგომატარებლებზე საბედისწერო დამოკიდებულებისაგან ეხსნა, მაგრამ რუსეთის მიერ ყირიმის და აფხაზეთის ფაქტობრივი ანექსიით საფრთხე დღეს სწორედ „დერეფანს“ შეექმნა. მიგვაჩნია, რომ უწყებათაშორისი ხასიათიდან გამომდინარე, ამ საკითხებზეც ეროვნული უშიშროების საბჭო უნდა მუშაობდეს.

საქმე ის არის, რომ შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე გაეროს წევრი სახელმწიფოები მიერთებულნი არიან გაეროს 1982 წლის „საზღვაო კონვენციას“ (UN Maritime Convenciaon), რომლითაც დადგენილია 12 საზღვაო მილიანი ტერიტორიული წყლები და 200 მილიანი განსაკუთრებული საზღვაო ეკონომიკური ზონები. შავი ზღვის წაგრძელებული გეომეტრიის გამო, მისი ჩრდილოეთ-სამხრეთის ნაპირები ჯამში 400 მილს ვერ აღწევს. ამიტომ, ამ ზღვაზე განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონად არა 200 მილი, არამედ ქვეყნებს შორის თანაბრად დაშორებული ხაზი, ანუ „მოდიფოცირებული მედიანა“ ითვლება და ზღვას ე.წ. ნეიტრალური წყლები არ გააჩნია.

ყირიმის და აფხაზეთის ანექსიამდე უკრაინასა და თურქეთს განსაკუთრებული ზონების ყველაზე დიდი სეგმენტები ჰქონდათ. სწორედ ამის გამო, უკრაინის გვერდის ამქცევი რუსული „სამხრეთის ნაკადის“ ნოვოროსიისკი-ვარნას საზღვაო სექციის გასაყვანად რუსეთი, მთელი რიგი დათმობების ფასად, თურქეთს 2009 წელს შეუთანხმდა. ამჟამად იმავე თემაზე მოლაპარაკებები „თურქული ნაკადის“ ირგვლივ მიმდინარეობს.

მართალია მოსკოვის ქმედებები არალეგიტიმურია, მაგრამ ყირიმის და აფხაზეთის ანექსიის შედეგად ბუნებრივია, მარშრუტის ასეთი ცვლილება აღარ იქნება აუცილებელი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შავ ზღვაში განსაკუთრებული ზონა უკრაინას ყირიმის სამხრეთით, საქართველოს კი აფხაზეთის სანაპიროსთან, უბრალოდ აღარ ექნებათ.

საქმე ისაა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ევროპის ენერგობაზარზე რუსეთი თავის „ენერგეტიკულ იარაღს“ საქართველოში შემოჭრაზე კრიტიკის შესამცირებლად იყენებდა. ამიტომ 2008 წლის ნოემბერში ბრიუსელმა „ევროკავშირის მეორე ენერგორევიუ – ენერგოუსაფრთხოებისა და სოლიდარობის სამოქმედო გეგმა“ დაამტკიცა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იქმნება ევროკავშირშის წევრი ქვეყნების ურთიერთდაკავშირებული მილსადენების სისტემა, ე.წ. „ტრანსევროპული ქსელი“ (TEN). ამავე დროს განისაზღვრა წევრი ქვეყნების „თამაშის საერთო წესები“ ენერგოპროექტების ირგვლივ მესამე მხარესთან მოლაპარაკებებში, ანუ შეიქმნა „საერთო ინტერესების პროექტების“ (PCI) ისეთი მექანიზმი, რომელიც წევრ ქვეყნებს ბრიუსელთან შეუთანხმებლად ენერგომომარაგებისა და ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმებას უკრძალავს.

ამის შემდეგ, 2009 წლის 8 მაისს ევროკავშირის პრაღის სამიტზე, მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „სამხრეთის დერეფანი – ახალი აბრეშუმის გზა“, რომელშიც კასპიისპირეთისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ერთად, საქართველოც მოიაზრება. ამ დოკუმენტით განისაზღვრა ოთხი სტრატეგიული პროექტი: „ნაბუქო“, „ინტერკონექტორი თურქეთი–საბერძნეთი-იტალია“ (ITGI), „ტრანსადრიატიული გაზსადენი“ (TAP) და “თეთრი ნაკადი“ (White Stream).

სწორედ ეს უკანასკნელი პროექტი დაზარალდა ყველაზე მეტად ყირიმის და აფხაზეთის ანექსიის შედეგად, რადგან ის საქართველო-უკრაინა(ყირიმი)-რუმინეთის მარშრუტს გულისხმობს და ევროკავშირისთვისაც, სხვა პროექტებთან შედარებით, უფრო მომგებიანია.

„დერეფნის“ დარჩენილი სამივე პროექტი გულისხმობს „შაჰდენიზის“ გაზის საქართველოზე გამავალი „სამხრეთკავკასიური გაზსადით“ (SCP) და თურქეთის ტერიტორიაზე დაპროექტებული „ტრანსანატოლიური გაზსადენით“, TANAP-ით ევროპაში ტრანზიტს.

ექსპერტები, ევროზონის ფინანსური პრობლემების ფონზე, არ გამორიცხავენ „დერეფნის“ პროექტების გაიაფების მიზნით, მათ სხვადასხვა ფორმით ტრანსფორმაციას, რომელთა პროექტებიც ეროვნული უშიშროების აპარატის ეგიდით უნდა განიხილებოდეს.

ერთ-ერთი ასეთი ტრანსფორმაციული იდეაა ევროპული და რუსული გაზსადენების გაერთიანება ფინანსური უზრუნველყოფის გასაუმჯობესებლად. ეს საკითხი პირველად 2010 წლის დასაწყისში დაისვა. 2011 წლის 10 იანვარს, ის კვლავ წამოჭრა აშშ-ს ელჩმა იტალიაში დ. ტორნმა. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პროექტზე მსჯელობა თითქმის არ ყოფილა.

ამგვარი გაერთიანების იდეას რუსეთში მართალია ღიად უარყოფდნენ, მაგრამ კულუარული ინფორმაციით, „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერებამ შეიძლება გარკვეული როლი ითამაშოს და „გაზპრომი“ აიძულოს, რომ უკრაინული გაზის ქსელის გვერდის ამქცევ სხვა მარშრუტზე დაიწყოს ფიქრი, ან ევროპულ ბაზარზე თავისი გაზი გაცილებით ნაკლებ დანახარჯიანი, მარშრუტით გადაგზავნოს. ამ პროექტებიდან უკრაინასთან, მხოლოდ ყველაზე ნაკლებად დამუშავებული, ჯერ იდეის დონეზე არსებული, „თეთრი ნაკადია“ ასოცირებული. თანაც, უკრაინის გაზის ქსელის გამტარუნარიანობა შეზღუდულია. ექსპერტების გათვლებით, უკრაინაზე ტრანზიტი გაზზე ევროპის მზარდ მოთხოვნას, სრულად ვერ დააკმაყოფილებს. ამიტომ, პროექტების არა უკრაინის საშუალებით, არამედ სხვა ფორმატში გაერთიანებას, ახლა რუსეთმა შეიძლება დაუჭიროს მხარი. ექსპერტულ წრეებში უკვე გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ შეიძლება მოსკოვში ევროპული „დერეფნის“ გაზსადენებთან რუსული აირის დაკავშირების ადგილის მოძიება დაიწყონ.

დღევანდელ პირობებში, ადგილი, სადაც რუსეთის და კასპიისპირეთის გაზის დასავლური მარშრუტები იკვეთება, არის საქართველო. კერძოდ, საქართველოში გადის „ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენი“, რომელიც რუსეთის ქ. მოზდოკიდან საქართველოს ტერიტორიით სომხეთს უკავშირდება. ის გარდაბანსა და ჯანდარას შორის კვეთს „სამხრეთკავკასიურ გაზსადენს“(SCP), რომლითაც ამჟამად „შაჰ-დენიზის“ პირველი სტადიის გაზი არა მარტო თურქეთს, არამედ მისი გაზის ქსელით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, – საბერძნეთსაც მიეწოდება. SCP გაზსადენიდან საქართველო, სატრანზიტო მოსაკრებლის სახით, გატარებული გაზის 5%-ს იღებს უფასოდ, 5%-ს – შეღავათიან ფასად.

„მაგისტრალური გაზსადენი“, ორი დაწყვილებული მილისგან შედგება, ძირითადი მილის დიამეტრია 1200 მმ, ხოლო სათადარიგოსი – 700 მმ. დღეს ამ გაზსადენის ძირითადი მილით გაზი სომხეთს მიეწოდება, ვინაიდან საქართველო 2007 წლიდან „შაჰ-დენიზი 1“-ის გაზით მარაგდება.

სსრკ-ს დაშლის შემდეგ, ეს გაზსადენი, საპროექტო სიმძლავრესთან შედარებით (წლიურად 18 მლრდ კუბმეტრი), გაცილებით ნაკლები დატვირთვით (1.93-1.44 მლრდ კუბმეტრი) მუშაობს. თუმცა, საბჭოთა პერიოდშიც, მისი დატვირთვა არ აჭარბებდა წლიურად 9.5 მლრდ კუბმეტრს. ამჟამად, „მაგისტრალური გაზსადენიდან“ ტრანზიტის საფასურად „საქართველოს გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“ გატარებული რუსული გაზის 10%-ს იღებს, რაც 2008-2014 წლებში 193-144 მლნ კუბმეტრის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი საქართველოს გაზის მოხმარების 11.2-11.0%-ია.

სომხეთის კონტროლის პალატის 2009-10 წწ. ენერგო-სისტემის შემოწმების მასალებიდან ირკვევა, რომ სომხეთში იმპორტირებული ირანული გაზის ნაწილი საქართველოსაც მიეწოდება, რის სანაცვლოდაც სომხეთში „ერევნის თბოელექტროსადგური“ საქართველოდან ელექტროენერგიას თანაფარდობით – 1 კუბმეტრ ირანულ გაზში 4.5 კვტ/სთ ელექტროენერგიას იღებს. სომხეთში იგივე ელექტროსადგური 1 კუბმეტრ ირანულ გაზში, რომელიც „არმროსგაზპრომის“ „თავრიზი-მეგრის“ გაზსადენით მიეწოდება, ირანს 3 კვტ/სთ ელექტროენერგიას უბრუნებს. ნათელია, რომ „ერევნის თბოელექტროსადგური“ საქართველოში გატანილსა და ირანიდან მიღებულ გაზის ყოველ კუბმეტრს შორის 1.5 კვტ/სთ ელექტროენერგიის ტოლ სხვაობას იღებს. ამის შედეგია, რომ თუ 2009 წელს „ერევნის თბოელექტროსადგურმა“ საქართველოში 259 მლნ დრამის გაზი შემოიტანა, უკვე 2010 წელს ეს მაჩვენებელი გაათმაგდა და 2.2 მლრდ დრამი შეადგინა, რამაც სომხეთს საკმაოდ დიდი რაოდენობით ქართული ელექტროენერგია მისცა.

ზემოაღნიშნულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ერთ-ერთი მილით საქართველოს ირანული გაზის მცირე რაოდენობა უკვე მიეწოდება. თუ ვთქვათ, ამ გაზსადენის 1200 მმ-იანი მილი ქ. გარდაბანთან SCP-ს დაუკავშირდება, მაშინ ის შესაძლებელია გადაიქცეს რუსული გაზის ერთი ნაწილის, რომელიც „სამხრეთის ნაკადისთვის“ იყო განკუთვნილი, დასავლეთისკენ საექსპორტო ახალ მარშრუტად. ეს გაზი, SCP-ს გავლით, შემდგომში „ნაბუქოთი“ ან „ტრანსადრიატიკით“ (TAP), ანუ „სამხრეთის გაზის დერეფნის“ რომელიმე გაზსადენით, ან «ტრანსანატოლიური გაზსადენით“, თურქეთიდან ევროპაში გაიგზავნება.

მიუხედავად ბრიუსელის წინააღმდეგობისა, სავარაუდოდ, აშშ-ს მხრივ გაზსადენების გაერთიანების იდეის კვლავ წამოწევა, ევროპაში გაზის საექსპორტო პროექტებს შორის კონკურენციის შესუსტებას ისახავს მიზნად. ამ მიზეზით, ეს იდეა ევროკავშირის ფინანსური პრობლემების ფონზე, შესაძლოა, მალე ბრიუსელისთვისაც მიმზიდველი აღმოჩნდეს. ეს ევროპას გაზმომარაგების ალტერნატიული მარშრუტების განხორციელებას გაუადვილებს, ვინაიდან „სამხრეთის გაზის დერეფნის“ განხორციელებით უკვე მოსკოვიც დაინტერესდება და მოიხსნება ამ დერეფნისადმი რუსეთის ანტაგონიზმი. მეტიც, ზოგიერთი ქართველი ექსპერტი და პოლიტიკოსი თვლის, რომ ეს კავშირი რუსულ და ევროპულ პროექტებს ურთიერთშემავსებელს გახდის, რითაც საქართველომაც შეიძლება ნახოს სარგებელი. კერძოდ: ამ გზით გაიზრდება საქართველოზე გამავალი რუსული, აზერბაიჯანული და ირანული გაზის ნაკადები. შესაბამისად, მოიმატებს ქვეყანაში უფასოდ და შეღავათიანად დარჩენილი გაზის მოცულობა. ამით შეივსება ნახევრად დაუტვირთავი SCP და „მაგისტრალური“ გაზსადენები და საქართველოს სატრანზიტო ამონაგები გაიზრდება, ისე რომ დამატებით ხარჯების გაწევა არც ქვეყნის ბიუჯეტიდან და არც დასავლეთელი დონორების მხრიდან საჭირო არ იქნება, – აუცილებელი იქნება მხოლოდ მილების გადაკვეთაზე – გარდაბანთან, სოფ. ჯანდარაში ე.წ. ინტერკონექტორის აგება.

მეორე, გაიზრდება ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოება, რადგან SCP-სთან მიერთებით რუსეთი „მაგისტრალური გაზსადენის“ მაქსიმალურად შევსებით და მისი გამართული მუშაობით დაინტერესდება, რადგან ეს მილი რუსეთს ახალი მარშრუტით, მაღალი წარმადობის დასავლურ საექსპორტო გაზსადენებთან დააკავშირებს. ასევე, გაიზრდება დასავლეთის მიერ საქართველოს უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნად გამოყენების ინტერესი, რადგანაც საქართველო გადაიქცევა გაზმომარაგების რეგიონალურ კვანძად.

მესამე, SCP-სა და „მაგისტრალური“ გაზსადენების ურთიერთდაკავშირება ირანისა და სომხეთის ინტერესებსაც დააკმაყოფილებს. ირანის გაზის ექსპორტის ეროვნული კომპანიის დირექტორმა განაცხადა, რომ ირანი აპირებს სამჯერ გაზარდოს გაზის ექსპორტი და მსოფლიო გაზით ვაჭრობაში თავისი წლი 2012 წლის 2%-დან 2015 წლის ბოლოსთვის 10%-მდე გაზარდოს. ჩინოვნიკმა ხაზი გაუსვა, რომ ამას თეირანი თავისი გაზის რუსეთში (რომელი მილით, უცნობია?!) და სხვა მეზობელ ქვეყნებში გატანით შეეცდება.

ზოგიერთი ქართველი სპეციალისტის ნაშრომში მითითებულია, რომ „მაგისტრალური გაზსადენის“ ძირითადი მილი, რომლითაც ის გარდაბანთან SCP-ს შეუერთდება, შესაძლებელია, მეორე ბოლოდან რევერსით, „თავრიზი-მეგრის“ გაზსადენის და სომხეთის გაზის ქსელის გავლით, გახდეს გარდაბნის მომავალ „ჰაბში“ ირანული გაზის სამხრეთიდან მიღების საშუალება. თავის დროზე – 2005-2006 წლებში, ამ აზრს, სრულიად სამართლიანად, „მაგისტრალური გაზსადენის“ პრივატიზაციის მოწინააღმდეგეები ავითარებდნენ. ეს იდეა სომხეთისთვის მისაღებია, რადგან ამ გზით ის თავის დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და პანევროპულ პროექტში ჩაერთვება. თანაც ერევანი რუსეთისაგან ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროს და სატრანზიტო მოსაკრებლებს მიიღებს. ამასთან, რუსეთიდან მისი გაზმომარაგება ჩვეულებრივ გაგრძელდება „მაგისტრალური გაზსადენის“ 700 მმ-იანი სათადარიგო მილით, რომლის სიმძლავრე, სომხეთის დღევანდელ მოთხოვნილებას (2011–2014 წწ. წელს ეს მაჩვენებელი საშუალოწლიურად დაახლოებით 2 მლრდ კუბმეტრი იყო), სრულად დააკმაყოფილებს. ამრიგად, გარდაბნის რუსულ-აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის „ჰაბი“ რეგიონის ყველა ქვეყნის, და არც მთავარია – საქართველოს, ინტერესებს დააკმაყოფილებს. ამ საკითხსაც. ეროვნული უშიშროების საბჭოს საპარატის კოორდინაცია სჭირდება.

ზურაბ გარაყანიძე, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი

Leave a Reply