მილიარდ ორას მილიონიანი ხუდონი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი პროექტი საქართველოში

ხუდონი არის ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი პროექტი საქართველოში

ხუდონჰესი ქართული ენერგეტიკის ყველაზე აქტუალურ საკითხად იქცა, მილიარდზე მეტი საინვესტიციო ღირებულების პროექტის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ბოლო დროს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ პროექტის წილში სახელმწიფო შევა. ხუდონჰესის შესახებ ბოლო დროს გაჩენილ აქტუალურ კითხვებს ინვესტორი კომპანიის, “ტრანსელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა, დავით მირცხულავამ უპასუხა.

– ხუდონჰესი აქტუალობას არ კარგავს. ბოლო დროს კეთდება ორაზროვანი განცხადებები სახელმწიფოს მხრიდან პროექტში თანამონაწილეობაზე. არის თუ არა გადაწყვეტილი ეს საკითხი და როგორ აფასებთ სახელმწიფოს თანამონაწილეობას ჰესების მშენებლობაში?

– ის, რომ ხუდონის თემა აქტუალობას არ კარგავს გასაგებია, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული სადგური ქართული ენერგოსექტრისთვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესია. ხუდონი უმნიშვნელოვანესი სადგურია საქართველოს ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე მდინარისთვის, ვგულისხმობ ენგურს. ამ მდინარეს ჯამური პოტენციალი 10 მილიარდ კილოვატსაათამდე გააჩნია და სწორედ ის არის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი საწარმოო რგოლი ამ ენერგოჯაჭვში.

აქვე შეგახსენებთ, აფხაზური მხრიდან გამოთქმულ განცხადებებს, სადაც ენგურჰესზე გარკვეული ტიპის პრეტენზიებს გამოთქვამენ. ბუნებრივია, ეს სიტუაცია დაწყნარდა, თუმცა, გარკვეული რისკი არსებობს, ხუდონის მნიშვნელობა მეტად ფასეული ხდება. ასევე მინდა ვთქვა, რაც არაერთხელ განმიცხადებია, რომ გარდა ხუდონის გენერირებული ენერგიისა, დამატებით ნახევარი მილიარდი კილოვატსაათი უიაფესი ენერგია ემატება ენგურის კასკადს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება სახელმწიფოს მონაწილეობას, მინდა ვთქვა, რომ ინვესტორი მიესალმება სახელმწიფოს ჩართულობას ამ პროექტში, თუმცა, სახელმწიფოს პროექტში მინორიტარული წილი უნდა ჰქონდეს და ეს უნდა იყოს 25%–ზე ნაკლები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ კეთდება იმისთვის, რომ ინვესტორებს სჭირდებათ ფინანსური დახმარება, არამედ სახელმწიფოს შემოსვლა პროექტში ხაზს უსვავს სახელმწიფოს ნებას და მიდგომას პროექტის მიმართ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები აქტიურ ფაზაშია, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ეს პროცესი საკმაოდ გაჭიანურებულია.

ზოგადად, რაც შეეხება ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს ჩართულობას, მიმაჩნია, რომ ასეთი მასშტაბების პროექტებში ჩართვა შესაძლებელია, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს წილი მინიმუმამდე იყოს დაყვანილი და ზუსტად იყოს განსაზღვრული ის ვადები, როცა სახელმწიფო პროექტიდან გავა.

– ხუდონის საკითხზე მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ უნდა დაწყოს საჯარო განხილვები, რას გულისხმობს ეს განხილვები და ვინ იქნებიან მხარეები?

– ხუდენჰესის პროექტს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ძალიან ბევრი განხილვებიც ყოფილა. მაგრამ კანონმდებლობა ითხოვს, რომ თავიდან მოხდეს გარემოზე ზემოქმედების და სოციალური შეფასებების საჯარო განხილვების მოწყობა. ამ განხილვებში ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება ჩართვა და თავიანთი შენიშვნებისა და შეფასებების დაფიქსირება. ჩვენ მადლობელი ვიქნებით, ყველა კვალიფიციური შენიშვნისთვის და რეკომენდაციის დაფიქსირებისთვის.

აქვე გეტყვით, რომ წინა განხილვების დროს მხოლოდ ორ ორგანიზაციას ჰქონდა შენიშვნები დაფიქსირებული, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა. საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი მასშტაბის პროექტებზე სხვადასხვა ორგანიზაციები ათასობით შენიშვნას გამოთქვამენ ხოლმე. იმედს ვიტოვებ, რომ განხილვებში ბევრი პროფესიონალი ადამიანი, ორგანიზაციები და ფოკუს ჯგუფები ჩაერთვებიან. ხოლო განხილვების შემდგომ უკვე ეკონომიკის სამინისტროში წარვადგენთ ყველა მასალას, მათ შორის საპროექტო მონაცემებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და ა.შ. ამის შემდეგ მოვითხოვთ მშენებლობის ნებართვას. ვფიქრობთ, რომ 2016 წლის დასაწყისში მშენებლობის ნებართვას ავიღებთ.

– როგორც ცნობილია, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, განსახლების პროცესი მსოფლიო ბანკის სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს, კონკრეტულად რას გულისხმობას აღნიშნული სტანდარტი და რა შეთავაზება გაქვთ ხაიშელებისთვის?

– ეს არის ყველაზე მაღალი სტანდარტი, რომელიც მოსახლეობას აძლევს საშუალებას, არჩევანი გააკეთონ ფულად კომპენსაციასა თუ სხვა სახის კომპენსაციის მიღებას შორის. ამ სტანდარტით, მოსახლეობას სრულ თავისუფლებას ვანიჭებთ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტით მოსახლეობა აშკარად გაიუმჯობესებს თავიანთ ფინანსურ შესაძლებლობებს და მათ მიეცემათ ახალი პერსპექტივები. ამაზე მაღალი სტანდარტი და უკეთესი პრაქტიკა, განსახლების კუთხით, მსოფლიოში არ არსებობს.

ბუნებრივია ეს არ არის მარტივი პროცესი, თუმცა, ჩემი აზრით, სახელმწიფო ინტერესი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით, არის უმნიშვნელოვანესი და ქვეყნისთვის ეს უნდა იყოს ყველაზე პრიორიტეტული.- ასევე მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა გარემოზე ზემოქმედების საკითხია. რა წერია გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში და არის თუ არა რეალური საფრთხე ეკოლოგიასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის კუთხით?- კომპანია ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხს. ვერავინ დამისახელებს პროექტს, რომელსაც იმდენივე კვლევა ჩაეტარებინოს გარემოსდაცვითი მიმართულებით, რამდენიც ამ პროექტის ირგვლივ ჩატარებულა. დავიწყოთ იქიდან, რომ თვითონ პროექტს აქვს ძალიან დიდი ისტორია, საბჭოთა კავშირის დროს 32 კვლევითი ინსტიტუტი იყო ამ პროექტში ჩართული, ხოლო მას შემდეგ რაც ინვესტორები შემოვიდნენ და სახელმწიფომ გააფორმა ურთიერთგაგების მემორანდუმი, ამის შემდგომ გარემოს დაცვითი საკითხები იყო სწორედ ის ქვაკუთხედი, რაც ინვესტორებისთვის მთავარ ინტერესის საგანს წარმოადგენდა.

ჩამოთვლა გამიჭირდება იმდენად მოცულობითი სამუშაოა ჩატარებული ხუდონზე და ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ გარემოს დაცვითი კუთხით, პროექტს აქვს მინიმალური პრობლემები.კვლევა დაახლოებით 7000 გვერდამდეა, რომელიც საჯარო განხილვების დროს მოსახლეობას წარედგინება. მიმაჩნია, რომ გარემოსდაცვითი კუთხით, ხუდონი ერთ–ერთი ყველაზე სრულყოფილი პროექტია. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენს მიერ ჩატარდა სეისმური კვლევებიც, რაც ასევე გამოარჩევს ამ პროექტს სხვა პროექტებისგან. მაგალითად, შემიძლია გითხრათ, რომ ენგურჰესი 8 ბალზეა გათვლილი, ხოლო ხუდონი 9-ზე ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ხუდონი არის ერთ–ერთი ყველაზე მდგრადი პროექტი საქართველოში.

ინვესტორი მიდის იმაზე, რომ ჩაატაროს დამატებითი კვლევები, გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი მიმართულებით თამასა საკმაოდ მაღლა გვაქვს აწეული და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად მაღალი სტანდარტების დაცვით განვახორციელოთ ყველაფერი.

– იმ შემთხვევაში თუ ხუდონის მშენებლობა ვერ მოხერხდა, ზოგადად, როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდება ქართული ენერგოსექტორი?

– ეს არის ჯამში დაახლოებით 2 მილიარდამდე ენერგია, რომელიც დაემატება ქართულ ენერგეტიკას. ეს არის მთლიანი ქართული ენერგეტიკის დაახლოებით 20%. გარდა ამისა, საუბარია პიკურ ენერგიაზე, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ ზამთრის განმავლობაში, – დაახლოებით, 700–800 მილიონ კილოვატსაათს, პიკზე შემოტანილი ენერგიის ფასი 9 ცენტზე მეტია, ვიდრე სხვა პერიოდში შეძენილის. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ხუდონის გამომუშავებული ენერგია 15 წლის განმავლობაში მთლიანად საქართველოში დარჩება.

ხუდონის მშენებლობით ჩვენ ვიბრუნებთ მდინარე ენგურის პოტენციალზე კონტროლს ეს არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით. ამიტომ იმის დაშვება, რომ ხუდონი არ აშენდება, არ შეიძლება. თუ გვინდა, რომ ქვეყნის ეკონომიკა განვითარდეს და ასევე გავიუმჯობესოთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა, სწორედ ასეთი პროექტები უნდა განვახორციელოთ. თუ გადავხედავთ ჩვენს ენერგობალანსს, რომელიც სამწუხაროდ დღეს უარყოფითია, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ასეთი პროექტების განხცორციელებას ხელი არ შეეშალოს.

საქართველოს აქვს საკმაოდ დიდი ჰიდრორესურსები და ამ რესურსებში ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარე სწორედ ენგურია, რომლის საერთო სიგრძე 213 კილომეტრია და მისი ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი 50%–ზე ნაკლებად გვაქვს ათვისებული, რაც ერთმნიშვნელოვნად ცუდია. აქვე მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს ჰიდრორესურსებზე და ვამბობთ, რომ 26 ათასი მდინარე გვაქვს აქედან ჰიდროენერგეტიკული თვალსაზრისით მხოლოდ სამასამდე მდინარე თუ იქნება საინტერესო და, რასაკვირველია, აუცილებლად უნდა მოხდეს ყველანაირი ჰიდრორესურსის გამოყენება.

– ბოლოს, რამდენიმე სიტყვით გვითხარით იმ ბიზნესჯგუფის შესახებ, რომელიც გეგმავს ხუდონის აშენებას. როგორია მათი გამოცდილება ჰესების მშენებლობის კუთხით, რამდენად მყარი ჯგუფია ფინანსურად და რამდენად შეძლებენ ხარვეზების გარეშე ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას?

– პროექტს ჰყავს ორი ინვესტორი. მოჰინდერ ვერმა და ბუპენდრა კანსაგრა, მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ სხვადასხვა მიმართულებით და, ვფიქრობ, ხუდონის განხორციელება მათთვის პრობლემა ნამდვილად არ იქნება. ეს ხალხი არის მსოფლიო დონის საკმაოდ გავლენიანი ბიზნესმენები.

მოჰინდერ ვერმა, ინდური ჰიდრომშენებელთა ოჯახის შთამომავალია. ის გახლავთ მსოფლიოში კარაგად ცნობილი “კონტინენტალ კონსტრაქციონ კორპორაციის” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, კომპანია, ძირითადად, საქმიანობს ჰიდროენერგეტიკის, ირიგაციისა და საზღვაო მშენებლობის ბიზნესში. სწორედ ამ კომპანიის სახელს უკავშირდება ახალი ტექნოლოგიების დამკვიდრება, მათ შორის – ბეტონის ჩასხმის უახლესი მეთოდოლოგია, საზღვაო მშენებლობების კონტროლი და მათი ხარისხობრივი შემოწმება. მოჰინდერ ვერმა ასევე არის კომპანია Word Energy Limited-ის დამფუძნებელი, რომელიც თავის მხრივ “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედის” დამფუძნებელია და პასუხისმგებელია ხუდონჰესის პროექტისთვის ტექნიკური და საპროექტო რესურსის მობილიზაციაზე.

“კონტინენტალ კონსტრაქშენ კორპორაციის”, აქტივშია კონსტრუირების და მშენებლობის სფეროში მოღვაწეობის 60 წლიანი გამოცდილება და დღემდე ინდოეთში დაპროექტებული და აშენებული აქვს 50-1500 მეგავატამდე ჰიდროელექტოსადგურები. რაც შეეხება კომპანიის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მნიშვნელოვანია 1500 მგვტ-იანი ნათპა ჯჰაკრის ჰიდროელექტროსადგური ჰიმაჩალ პრადეშში, 800 მგვტ-იანი კოლის ჰიდროელექტროსადგური, 540 მგვტ-იანი ჩემერას ჰესი, მაჩალ პრადეშში, განდაკის რკინიგზის პროექტი, ინდირა საგარის ჰიდროსადგური 1000მ გვტ-იანი ინდოეთში და ა.შ

ბუპენდრა კანსაგრა უმდიდრესი ინდური ოჯახის კანსანდრების შთამომავალია, ის რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრია, მათ შორის, – AGM – ქიმიური წარმოება, სამეფო ჰოლდინგი (სპაის ჯეტ), “ბიშოპვუუდ”, ის არის ასევე რამოდენიმე ნავთობსაბადოს მეპატრონე კენიაში და ა.შ. მან 2010 წელს დააფუძნა კომპანია SGGS Infrastructure Limited, რომელიც “ტრანს ელექტრიკა ლიმიტედის” დამფუძნებელია და პასუხისმგებელია ხუდონჰესის პროექტისთვის ინვესტიციებისა და ფინანსური რესურსის მობილიზაციაზე.

რაც შეეხება მის ბიზნესებს და ფინანსურ აქტივებს, ბჰუპენდრა კანსადრას კომპანია Spisejey-სა, (ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდ ავიაკომპანია) და ამერიკის ავიახაზებს შორის 30 ბოინგის შესყიდვაზე გაფორმდა ხელშეკრულება და გარიგების ღირებულება 2,7 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ასევე მისი ორგანიზაციაა Solai Holding Ltd. კომპანია, რომელიც წინა საუკუნის 80-იან წლებში ჩამოყალიბდა, როგორც ჰოლდინგური კომპანია დიდ ბრიტანეთში. 2014 წლის 31 მარტის მონაცემებით, კომპანიის წლიური ბრუნვა 860 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა.

ამ კომპანიის საკუთრებაა 11 სატვირთო და 3 სერვისგემი და რამდენიმე ათეული დიდი ტანკერი. ბიზნესმენი ასევე გამოირჩევა საქველმოქმედო საქმიანობით და უკანასკნელი წლების განმავლობაში ის წარმოადგენდა საქვეყნოდ ცნობილ კერძო ინვესტირების ფონდის სპეციალური მრჩეველს, რომელიც ფოკუსირებულია აფრიკაში სიღარიბის დაძლევასა და ქვეყნის განვითარებაზე.

გაზეთი”ბანკები და ფინანსები”

Leave a Reply