რა ევალება გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს?
სანამ ჰესის პროქტი აშენების ეტაპზე გადავა, ამისთვის შესაბამისი ნებართვები სჭირდება გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებიდან. როგორც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე ამბობს, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მზადდება, რომელიც თავის თავში უნდა მოიცავდეს არსებული სიტუაციის შეფასებას, ეკოლოგიური კუთხით. მინისტრის მოადგილე „ახალ გაზეთთან“ საუბარში დეტალურად განმარტავს, რა პროცედურებს გადის ჰესის პროექტი გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში.
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში (გზშ) გამოყენებული უნდა იყოს უკვე არსებული კვლევის შედეგები, მდინარესთან, იხტიოფაუნასთან და ზოგადად, ფლორასთან და ფაუნასთან მიმართებით, რომელიც განლაგებულია როგორც სამშენებლო ობიექტის ტერიტორიაზე, ასევე გარკვეული დაფარვის ზონებზე. გააჩნია, რა არის მისი დაფარვის ზონა. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი უნდა მოიცავდეს შესაძლო ალტერნატივებს. როგორც ობიექტთან, ასევე ადგილმდებარეობასთან მიმართებით. ალტერნატივების განხილვის შედეგად უნდა აირჩეს საუკეთესო პროექტი. როდესაც გზშ მომზადდება, ინვესტორი აცხადებს საჯარო განხილვებს, როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ორგანოში და ინიშნება საჯარო განხილვის დღე.
იმავდოულად გზშ წარედგინება გარემოს დაცვის სმაინისტროს. რომელიც როგორც თავისი, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების საშუალებით სწავლობს ამ დოკუმენტს. ამ ბოლო დროს დავნერგეთ პრაქტიკა. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად სიტუაციას ადგილზე ვსწავლობთ, რაც ხარისხიანი რეკომენდაციის გაწევის შესაძლებლობას იძლევა. საჯარო განხილვებს ვესწრებით ჩვენც, რომელიც გამოცხადების დღიდან 2 თვეში იმართება.
ამის შემდეგ ინვესტორს ჩვენ შენიშვნებიანად ვუბრუნებთ პროექტს. მეორე ეტაპზე უკვე მშენებლობის აღება სჭირდება ინვესტორს. გარემოს დაცვის სამინისტრო ვალდებულია ეკონომიკის სამინისტროდან შემოსულ მოთხოვნაზე გასცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ან არ გასცეს. ამ შემთხვევაში ჩვენ იმაზე ვართ დამოკიდებული, წინასწარი შენიშვნები რომ მივეცით, რამდენად გაითვალისწინა ეს ინვესტორმა. ჩვენი დასკვნის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო გასცემს, ან არ გასცემს მშენებლობის ნებართვას. ნებართვის გაცემის შემდეგ ეკოლოგიური ექსპერტიზის ნაწილში ჩვენ ვატარებთ სამუშაოებს, ხოლო ტექნიკური ზედამხედველობის საკითხს ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს“, – განმარტავს მაია ბითაძე.
რაც შეეხება პრაქტიკას, რამდენად დროულად აგვარებს და ითვალისწინებს ინვესტორი შენიშვნებს, მაია ბითაძე გვპასუხობს, რომ არის პროექტები, რომლებიც 2 წლის შემდეგ დაბრუნებულა სამინისტროში და ზოგიც საერთოდ არ დაბრუნებულა. ყოფილა შემთხვევები, რომ აღმოჩენილა დაცული ტერიტორია და ინვესტორისთვის უარი უთქვამთ, იმიტომ რომ დაცულ ტერიტორიაზე ნებართვის გაცემა იკრძალება.
„გააჩნია რეგიონს. ზოგან კერძო საკუთრება იკვეთება. შეიძლება წიაღის საბადო იყოს და უარი ვთქვათ. პროექტის წარმოდგენის შემდეგ ჩვენ ადგილზე გავდივართ და ვსწავლობთ, რა მდგომარეობაა, მაგალითად იგივე მყინვარებთან მიმართებით, არის თუ არა დნობის პროგრესი, კვლევებს ვატარებთ. შეიძლება მეწყერსაშიში ზონები, კასრტული მღვიმე იყოს, ასევე დინამიკაში მყოფი მყინვარები, რომელიც აქტიურ დნობას განიცდის. აქ მარტო იმაზე საუბარი არ არის, ჰესმა რა ზიანი შეიძლება მოუტანოს გარემოს. გარემომ რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ჰესს და ეს ჩვენ ვნახეთ დარიალჰესის მაგალითზე. ჰესი თვითონ ამ პრობლემას არ ქმნიდა, პრობლემა მას შეუქმნა ღვარცოფმა. ამიტომ ათმაგი ყურადღებით, ათმაგი სიფრთხილით ვეკიდებით თითოეულ თემას და ასე მოვეკიდებით ბოლომდე. აქ არ არის მხოლოდ ინდივიდუალურ უფლებებზე საუბარი, საქმე გვაქვს კოლექტიურ უფლებებთან. ინვესტორისთვისაც არ იქნება კარგი, როდესაც მის პროექტს გარემო პრობლემას შეუქმნის“, – ამბობს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე.
newpress.ge