ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენაში გაურკვევლობაა

ენერგოუსაფრთხოების პარამეტრების დადგენაში გაურკვევლობაა

საქართველო საკმაოდ მდიდარი ქვეყანაა თავისი ჰიდრორესურსებით. ქვეყნის ჰიდროენერგეტიკის ტექნიკური პოტენციალი დაახლოებით 80 მლრდ/კვტ.საათია თუმცა აქედან ეკონომიკური კუთხით საინტერესო მხოლოდ 40 მლრდ/კვტ.სთს აღწევს, ბუნებრივია ამხელა რესურსები აუცილებლად ასათვისებელია მაგრამ ჯერჯერობით დარგში პრობლემები საკმაოდ მრავლად არის, რომლის მოგვარებასაც დრო სჭირდება. დარგში არსებული პრობლემებისა და ზოგადად საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განვითარების კონცეპტუალური ხედვები აქვს საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის ვიცე პრეზიდენტ ანზორ ჭითანავას, რომელსაც ამ დარგში საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია და ამასთან პირდაპირი შემხებლობა აქვს ყველა იმ პროცესთან რომელიც ხორციელდება საქართველოს ენერგეტიკაში.

ჰიდრორესურსების ათვისება რთული საინჟინრო და სამეცნიერო პროცესია, რომელსაც დიდი ეკონომიკური, სოციალური და ბუნებადაცვითი მნიშვნელობა აქვს. აღნიშნული რესურსების რეალურად არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება წყალმომარაგების, ენერგეტიკის, ირიგაციის, წყალდიდობის დამანგრეველი მოქმედების შესარბილებლად და სხვა თანმდევი პრობლემების გადასაწყვეტად ჰიდროენერგეტიკული ობიექტების გონივრულად განთავსების ხარჯზე შესაძლებელია  ტურიზმის, სპორტის, თევზის მეურნეობის, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ქვეყანას დღემდე არ გააჩნია მისი აღიცხვა-შეფასების და გამოყენება-მართვის კომპლექსურად გააზრებული და რისკების ანალიზზე დაფუძნებული სამოქმედო პროგრამა. ამის გამო ინვესტორს არა აქვს საშუალება გააკეთოს არჩევანი სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ობიექტებიდან და განავითაროს იგი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით. უფრო მეტიც, ინვესტორს, ნორმატიული დოკუმენტაციის, წესების და ინსტრუქციების არარსებობის პირობებში, საშუალება  ეძლევა ისარგებლოს საკუთარი ან სხვა ქვეყნების ანალოგიური მასალებით და მასზე დაფუძნებით განახორციელოს ტექნიკური გადაწყვეტილებების დასაბუთება და უპირატესობა ენერგეტიკული მდგრადობის წარმოჩენას მიანიჭოს. გაუგებარია, რატომ არ ხდება სახელმწიფოსათვის ამ უპირველესი პრობლემის გადაწყვეტა ორგანიზაციული, ფინანსური და საკანონმდებლო მხარდაჭერით მაშინ, როდესაც სახეზეა წყლის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებით სერიოზული ხარვეზები, რაზეც  მოსახლეობა სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს.

საზოგადოებაში დაბნეულობას აღვივებს მცირე ენერგეტიკის და განახლებად ენერგიის წყაროების გამოყენების მასშტაბების და მიმართულებების დაუდგენლობა, რომელიც უმტკივნეულო იქნებოდა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით და განაპირობებდა ელექტროენერგიის გამოთავისუფლებას საყოფაცხოვრებო თუ სამეურნეო საქმიანობის გარკვეულ სფეროებში მოხმარებისაგან. მიუხედავად აღნიშნული მიმართულებების პერსპექტიურობისა, დღემდე ვერ ხერხდება მისი საკანონმდებლო მხარდაჭერაც. დავიწყებას მიეცა მცირე ჰესების მცირე მასშტაბის სამეურნეო მიზნებისათვის გამოყენების მდიდარი პრაქტიკა. მცირე ჰესებისა და ქარის ენერგიის დაწყვილების მიზანშეწონილობის შესახებ, საქართველოში შესრულებულმა კვლევებმა ჰპოვეს სათანადო მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ეს თემა მხარდაჭერილი აღმოჩნდა, როგორც პოსტ საბჭოთა ქვეყნებში, ისე მის ფარგლებს გარეთაც.

გაურკვევლობაა ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის პარამეტრების დადგენაშიც. მსოფლიო პრაქტიკაში არსებული ტენდენციების მიხედვით, ეს საკითხი ელექტროენერგიის მოხმარების აბსოლუტური ზრდის ფონზე უნდა გადაწყდეს. იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება და ადგილობრივი რესურსების გამოყენება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული სათბობ-ენერგეტიკული მეურნეობის განვითარების საშუალოვადიან და გრძელვადიან პროგნოზებში. ამისთვის მოწოდებული სტრუქტურები ყველა ქვეყანაში ფუნქციონირებენ და დაკავებული არიან მსოფლიო გამოცდილების განზოგადება-გავრცელებით ენერგიის და ენერგორესურსების წარმოების ტრანსპორტირების, გარდაქმნისა და გამოყენების სფეროში. სამწუხაროდ, ჩვენთან არც ასეთი სტრუქტურა და არც ასეთი დოკუმენტი არ არსებობს და ქართული ენერგეტიკული სკოლა თანდათანობით კარგავს ადაპტირების უნარს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ.

ჩატარებულმა რეფორმებმა გარდატეხა მოახდინეს წარმოებისა და ბაზრის განვითარებაზე, მაგრამ მომხმარებლებისათვის არასამართლიანი და დისკრიმინანციული ხასიათის მატარებელი აღმოჩნდა დარგის მართვაში ადრე დაშვებული შეცდომების ანალიზისა და პასუხისმგებლობის გამო. საკითხი აქტუალურია და პრობლემების გადაჭრის პროცესი დროულად უნდა დაიწყოს თუ გვინდა, რომ ენერგიის უკმარისობის ტყვედ არ ვიქცეთ.

 

Leave a Reply