ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ასევე შეეხო „ჯვარი-ხორგა“-ს ქვესადგურის როლს მეზობელ ქვეყნებთან ელ.ენერგიის გაცვლის საკითხში და ენერგოდამოუკიდებლობის ხარისხის განვითარებაში.
„საგულისხმოა, რომ ახალი ქვესადგურის ძირითადი ოპერირების არეალი იქნება აფხაზეთის, აჭარისა და გურიის რეგიონები. აჭარის გადამცემი ქსელის ინფრსატრუქტურა სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ყველაზე დიდი საექსპორტო ბაზარი არის თურქეთი და აჭარაში გაძლიერებული ინფრასტრუქტურა პოტენციურად შეიძლება გახდეს თურქეთთან ახალი გადამცემი ქსელის მშენებლობის წინაპირობა.
„ჯვარი-ხორგა“-ს პროექტს ასევე მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს საქართველოს გადამცემი ქსელის ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობის განვითარებაში. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული საქართველოს გადამცემი ქსელების ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იყო რუსეთის ინფრასტრუქტურაზე, რაც საკმაოდ უარყოფითად აისახება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე. აღნიშნული ქვესადგურის მშენებლობით მნიშვნელოვნად შემცირდება რუსეთის გადამცემ ქსელზე დამოკიდებულება, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში.“- აცხადებს გვიდიანი.