გურიაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

გურიაში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა იწყება

გურიაში, ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურს კომპანია ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი ააშენებს.

მთავრობის 11 ივნისის განკარგულება №1206-ის მიხედვით, კომპანია ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობისა და ფლობის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოვლინდა.

განკარგულების მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტრომ, გამარჯვებულთან გასაფორმებელი ურთიერთგაგების მემორანდუმის პროექტი მთავრობის სხდომაზე განსახილველად უნდა წარადგინოს.

ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 20 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 110 მილიონი კვტ/სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი დოლარია.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, კომპანია ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერი 2001 წელს არის დარეგისტრირებული, მისი დამფუძნებელი კი, კერძო პირი შამილ ბირკაძეა, რომელიც ამავდროულად ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერ EPC-ის თანადამფუძნებელი და 49%-იანი წილის მფლობელია. დანარჩენი 51% კი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისაა.

Leave a Reply