ევროპას აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის იმედი აქვს, თუმცა აზერბაიჯანი უკვე ახლა განიცდის გაზის დეფიციტს. „გაზპრომი“ აცხადებს, რომ მზადაა რესპუბლიკის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ბაზრის ექსპერტები ამბობენ, რომ აზერბაიჯანის გაზი მიაღწევს ევროპას, მაგრამ 10 მილიარდი კუბური მეტრი არის მაქსიმუმი, რაც აზერბაიჯანს შეუძლია გაიღოს. ევროკავშირის მოთხოვნა კი 2030 წელს 100–150 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.
„გაზპრომმა“ განაცხადა, რომ მზადაა აზერბაიჯანისთვის გაზის მისაწოდებლად. მიმდინარე წლამდე კი რუსული მონოპოლისტი თავად ყიდულობდა აზერბაიჯანულ გაზს.
თუმცა, აზერბაიჯანის ეკონომიკის ზრდისა და შიდა მოხმარების გააქტიურების გამო, „გაზპრომმა“ მზადყოფნა გამოთქვა, დააკმაყოფილოს რესპუბლიკის მოთხოვნა ბუნებრივი აირის იმპორტზე, საჭირო მოცულობით.
ამის შესახებ მონოპოლიის ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ექსპერტების განცხადებით, ნავთობზე ფასების დაცემამ ბუნებრივი აირის გაიაფებაც გამოიწვია, რადგან გაზის გრძელვადიანი კონტრაქტები ნავთობის კვოტირებებზეა მიბმული.
რაც შეეხება აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირების ვადებს, საუბარია 2022 წელზე, თუმცა, ექსპერტების პროგნოზით, ეს 2025 წლამდე ადრე ვერ მოხდება. დასახელებული 10 მილიარდიც უკვე დაკონტრაქტებულია – 8 მილიარდს იტალია მიიღებს, თითო მილიარდს ბულგარეთი და საბერძნეთი. ეს მოცულობები კი ევროპის ბაზარზე სიტუაციას ვერ შეცვლის.