„მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიებები ზუგდიდში გაიმართა

„მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიებები ზუგდიდში გაიმართა

ევროკავშირის ინიციატივის – „მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ ფარგლებში ქ. ზუგდიდში გაიმართა „მდგრადი ენერგეტიკის დღის“ ღონისძიებები.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეული“ ევროკავშირის ინიციატივაა, რომლის მიზანია ინფორმაციის, იდეების და გამოცდილების გაზიარება უსაფრთხო, სუფთა და ეფექტური ენერგეტიკის შესახებ.

„მერების შეთანხმების“ ოფიციალური მხარდამჭერის – „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს“ მიერ მოეწყო შეხვედრა ზუგდიდის მერიაში, რომელსაც ესწრებოდნენ მერიის სხვადასხვა სამსახურების, აგრეთვე „მერების შეთანხმების“ რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის მიწოდება ევროკავშირის „მერების შეთანხმების“ ინიციატივასთან მიერთებით ქალაქის მიერ აღებული ვალდებულებების, მათი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების და ამისთვის საჭირო ფინანსური სახსრების მოძიების შესაძლებლობების შესახებ.

შეხვედრაზე განხილულ იქნა „მერების შეთანხმებასთან“ მიერთებული საქართველოს ქალაქების და თემების სტატუსი, მდგრადი ენერგეტიკის სამოქმედო გეგმის განხორციელების ასპექტები, ქალაქის მიერ პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ფინანსების მოძიების ახალი შესაძლებლობები.

აგრეთვე დამსწრე საზოგადოებასთან ერთად განხილულ იქნა ინფორმაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრის“ მიერ შერჩეული, ქ.ზუგდიდში განსახორციელებელი პოტენციური პროექტების შესახებ, გაიმართა დისკუსია აღნიშნული პროექტების ირგვლივ და გამოიკვეთა ქალაქისათვის პრიორიტეტული პროექტები.

„მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის“ შემდეგი ღონისძიება მოეწყო დადიანების მუზეუმის პარკში, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „ათინათის“ ხელშეწყობით, ქალაქის ეკოკლუბების წევრი მოსწავლეები ერთმანეთს შეეჯიბრნენ სხვადასხვა სპორტულ თამაშში. ღონისძიების დევიზი იყო „ჯანსაღი ცხოვრების წესი – ნაკლები ემისიები“.
ღონისძიების მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები – მაისურები.

Leave a Reply