საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2014 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციაზე სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, კომისიის მიერ რეგულირებად სექტორებში მოქმედი სუბიექტები, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიის წარმომადგენლები იყვნენ მოწვეულები.
კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ 2014 წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე დეტალურად ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგეტიკის სექტორში “ქსელის წესებზე”, წამახალისებელ სატარიფო მეთოდოლოგიაზე, ნორმატიული დანაკარგების გაანგარიშების ახალ წესზე.
შეხვედრის მონაწილეებმა ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების განახევრებულ საფასურსა და პროცედურებზე გაამახვილეს ყურადღება.
მილორავას განცხადებით, კომისიამ 2014 წელს შეიმუშავა ახალი პრინციპი ბუნებრივი გაზის ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებით. 600 ლარიდან 400 ლარამდე შემცირდა ქსელზე მიერთების საფასური და განისაზღვრა ქსელზე მიერთების ვადები. ამოქმედდა კომპენსირების წესი, რომლის მიხედვითაც კომპანიის მხრიდან გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მიერთების საფასური 400 ლარიდან 200 ლარამდე ნახევრდება.
ირინა მილორავამ ბუნებრივი გაზის ახალი სატარიფო მეთოდოლოგიაზე ისაუბრა, რომელიც ასევე 2014 წელს შემუშავდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასულ წელს კომისიაში შეიქმნა მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტი, რომელიც მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებულ დავებს განიხილავს.
რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით, 2014 წელს კომისიის მიზანი იყო ურთიერთობების გაღრმავება რეგიონის სტრატეგიულ პარტნიორებთან. თურქეთის, სომხეთის მარეგულირებელ კომისიებთან აქტიური თანამშრომლობა დაიწყო. გრძელდება პარტნიორობა ლიტვის მარეგულირებელ კომისიასთან.
“კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს USAID-თან, NARUC-ისთან (აშშ–ის კომუნალური რეგულირების კომისიების ნაციონალური ასოციაცია). კომისია არის ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) წევრ-დამფუძნებელი”, – აღნიშნა ირინა მილორავამ.
გასულ წელს შეიქმნა კომისიის ახალი ვებგვერდი, ამასთანავე, ამოქმედდა Facebook-ში კომისიის ოფიციალური გვერდი. “მედია კლუბის” ფარგლებში კომისიის საქმიანობის შესახებ ჩატარდა ტრენინგები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის.
კომისიის 2014 წლის საქმიანობის ანგარიშის ნახვა შესაძლებელია ორგანიზაციის ვებგვერდზე.