კომპანია „თელასმა“ ვერტმფრენის გამოყენებით სოფელ ახალდაბაში დიზელ-გენერატორი და საწვავი ჩაიტანა. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის ელექტრომომარაგების აღსადგენად ადგილზე ჩავიდა კომპანიის ტექნიკური ბრიგადა.
სტიქიური უბედურების ზონაში ასევე ჩავიდნენ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი და სს „თელასის“ გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი, რომლებიც ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას და სარეაბილიტაციო სამუშაოების გეგმა დასახეს.
სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე დიზელ-გენერატორი ელექტროენერგიით უზრუნველყოფს სოფელ ახალდაბის 134 აბონენტს. ამჟამად აღდგენითი სამუშაოების მეთოდების და ვადების განსაზღვრის მიზნით სპეციალისტები ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების ხარისხს აფასებენ.
დიზელ-გენერატორის ტრანსპორტირებისთვის ვერტმფრენის გამოყენების აუცილებლობა განაპირობა იმან, რომ სოფელთან მისასვლელი გზა პრაქტიკულად არ არსებობს, რადგან მეწყერითაა დაფარული.
მეწყრემა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. აგრეთვე დაზიანდა სოფელთან მისასვლელი გზა.