თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ნებისმიერი მეტეო პირობების, მათ შორის რთული ხილვადობის დროსაც კი შეეძლება, მომფრენ თუ გამფრენ საჰაერო ბორტებს უსაფრთხოდ და უმაღლეს დონეზე მოემსახუროს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციამ”, იტალიელ, უკრაინელ და ფრანგ კოლეგებთან ერთად, ყველაფერი გააკეთა, რათა საქართველოს მთავარ აეროპორტს უმაღლესი კატეგორიის შუქ-სასიგნალო სისტემა ჰქონოდა.
ახალი ICAO-ს (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საერთაშორისო სტანდარტების მეორე კატეგორიის შესაბამისი განათებით „საქაერონავიგაცია“ ავიაკომპანიებსა და მგზავრებს კიდევ უფრო მეტ კომფორტს სთავაზობს და უსაფრთხოების უფრო მეტ გარანტიას აძლევს.
ახალ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს და სამიმოსვლო ბილიკებს 1500-ზე მეტი სანათი ანათებს. საქაერონავიგაციამ არსებულ სისტემას 800 სანათი დაამატა, არსებული 720-იდან კი მოხსნა და შეცვალა 500 წერტილი.
განათების ახალი სისტემა კიდევ უფრო აამაღლებს ფრენების უსაფრთხოების დონეს საქართველოში და საჰაერო ხომალდებს, ძლიერი ნისლის, ცუდი მეტეოპირობებისა და მხედველობის დროს, აფრენა-დაფრენას საგრძნობლად გაუადვილებს. აგრეთვე მოიმატებს უსაფრთხოების დონე აეროდრომზე საჰაერო ხომალდების მანევრირებისას.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენი ზოლისა და სამიმოსვლო ბილიკების შუქ-სასიგნალო სისტემის რეაბილიტაციაში საქაერონავიგაციამ 10 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა.
შუქ-ტექნიკური სისტემის რეკონსტრუქციის პროექტი ფრანგულმა კომპანია „ADPI” -იმ შეასრულა, ახალი, თანამედროვე სანათები საქაერონავიგაციამ შუქ-ტექნიკური სისტემების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი იტალიური კომპანია „OCEM”-ისგან შეიძინა. სამონტაჟო სამუშაოები კი უკრაინულმა საინჟინრო კომპანიამ ჩაატარა.