"რიგი პირები, კანონის მოთხოვნათა გამიზნულად არასწორი მიწოდებით, ცდილობენ თავს მოახვიონ ფასიანი მომსახურება"

“რიგი პირები, კანონის მოთხოვნათა გამიზნულად არასწორი მიწოდებით, ცდილობენ თავს მოახვიონ ფასიანი მომსახურება”

თეიმურაზ მურღულია: “სოციალურ ქსელში ისევ ვრცელდება ინფორმაცია, რომ საწარმოებს, რომლებსაც „ნარჩენების მართვის კოდექსის” მოთხოვნათა შესაბამისად, აქვთ გარემოსდაცვითი მმართველის ყოლის ვალდებულება, რიგი პირები, კანონის მოთხოვნათა გამიზნულად არასწორი მიწოდებით, ცდილობენ თავს მოახვიონ ფასიანი მომსახურება. რადგან ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადება არ იქნა სათანადოდ გაშუქებული, როგორც შესაბამისი დარგის კურატორი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ:

1. გარემოსდაცვითი მმართველი არის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის იმპლემენტაცია საქართველოში. მისი ამოცანა არსებითად სცდება ნარჩენების განთავსების საკითხებს და ორიენტირებულია ორგანიზაციაში მწვანე, სუფთა და ჭკვიანი ბიზნესპროცესის დანერგვაზე, რაც, მაღალი კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

2. გარემოსდაცვითი მმართველის ყოლა არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ახალი სუბიექტის დაქირავება. ორგანიზაციის/საწარმოს ნებისმიერ თანამშრომელს შეიძლება დაევალოს ამ ფუნქციის შესრულება.

3. მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს გარემოდაცვითი მმართველის სერტიფიცირების ან რაიმე ფორმით აკრედიტების ვალდებულება, „ნარჩენების მართვის კოდექსის” მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ვალდებულია ჰყავდეს გარემოსდაცვითი მმართველი, მხოლოდ შეტყობინებას უგზავნის სამინისტროს მისი ვინაობის შესახებ.

4. გარემოსდაცვითი მმართველის უფლება/მოვალეობები გათვალისწინებულია მე-15 მუხლის მე-2 ნაწილით. შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს ნებისმიერ პირს, რომელიც გაეცნობა საჭირო ნორმატიულ ბაზას.

5. სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს გარემოსდაცვითი მმართველების მომზადებას, მაგრამ ეს პროცესი არის ნებაყოფლობითი, ორიენტირებულია განგრძობით განათლებაზე და არ არსებობს არანაირი განსხვავება ცენტრის მიერ მომზადებულ და თვითნასწავლ მმართველებს შორის როგორც კანონის, ასევე სამინისტროს პოზიციიდან.

6. სამინისტროს ოფიციალური პირების მიერ, არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ გარემოსდაცვითი მმართველის მომსახურების დაძალება, მით უმეტეს, კანონის მოთხოვნათა არასწორი ფორმულირების მიწოდებით, არის თაღლითობა. კვლავაც ვთხოვ ყველას, ვინც ასეთ ფაქტს შეესწრებით, შეაყოვნოთ თაღლითი და მიმართოთ პოლიციას და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს. ამასთან, თაღლითობისაგან თავის დაცვის ყველაზე კარგ საშუალებად კვლავაც რჩება საოპერაციო კანონმდებლობის ცოდნა.

7. იმისათვის, რომ მცირე და მიკროსაწარმოებისათვის გარემოდაცვითი მმართველის ტვირთი არ იყოს მძიმე, მ.წ ივნისში, მთავრობის ინიციატივით, პარლამენტმა დაამტკიცა კოდექსში ცვლილებები, მოთხოვნათა ნაწილის შემსუბუქებისა და გადავადებების შესახებ.

8. როგორც გარემოსდაცვითი მმართველის, ასევე რიგი სხვა ინიციატივების ფარგლებში, სამინისტრო მთლიანად ორიენტირებულია და კვლავაც გააგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება – იცხოვრონ ჯანსაღ გარემოში.”

Leave a Reply