ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წელს ენერგეტიკაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებას ლარის დევალვაციას უკავშირებს.
როგორც კალაძემ განაცხადა, ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკაში არსებულ კომპანიებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა.
“ეს ყველაფერი გამოწვეულია ლარის დევალვაციის გამო. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ლარის გაუფასურებამ სერიოზული პრობლემები შეუქმნა დარგში არსებულ კომპანიებს, ძირითადად, ეს არის სადისტრიბუციო კომპანიები. ფაქტობრივად, ყველა კომპანიამ, რომლებიც დღეს ბაზარზე არინ, ზარალი დააფიქსირა. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრჯერ ვისაუბრეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. მე ვიცი, რომ გარკვეულ კომპანიებს მარეგულირებელ კომისიაში აქვთ შეტანილი განაცხადი ტარიფთან დაკავშირებით. დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ენერგო-პრო ჯორჯიამ და თბოელექტროსადგურებმა ლარი კურსის ცვლილების გამო სემეკს მიმართეს ტარიფის კორექტირების მიზნით, რადგანაც ენერგო-პროს გაეზარდა შესასყიდი ელექტროენერგიის ფასი, ხოლო თბოელექტროსადგურებს შესასყიდი ბუნებრივი აირის ღირებულება.