“წყალსაცავიანი ჰესები აუცულებელია, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება პიკური ენერგია”– ამის შესახებ ხუდონჰესის ინვესტორი კომპანიის “ტრანსელექტრიკას” ტექნიკურმა ხელმძღვანელმა დავით მირცხულავამ განაცხადა.
“ჩვენ არ ვარ განებივრებული ნახშირწყალბადების დიდი რესურსით, რომ ქვეყანა დამოკიდებული იყოს თავის შიდა რესურსზე. მე-20 საუკუნის მთელი პერიოდის განმავლობაში ენერგოშემცველების დაახლოებით 85%-ის იმპორტი ხდებოდა. ანალოგიურად გრძელდება 21-ე საუკუნეშიც, უბრალოდ მდგომარეობა ოდნავ გაუმჯობესებულია. დღეს, დაახლოებით 70-75%-ით ისევ დამოკიდებული ვართ ენერგოშემცველის იმპორტზე. თუმცა, რეალურად ქვეყანას გააჩნია ჰიდროპოტენციალი და შეიძლება ითქვას, რომ ერთ სულზე მოსული რესურსით ჩვენ მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზე ვართ. ასევე, ჩვენ გაგვაჩნია სხვა რესურსები, მაგრამ ჩვენი რეალური ენერგეტიკული პოტენციალი არის ჰიდროსადგურებთან, ჰიდროპოტენციალთან დაკავშირებული”, – განაცხადა დავით მირცხულავამ.
მირცხულავამ ასევე ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა შვეიცარია და ავსტრია, იქ ახლაც მიმდინარეობს ჰიდროენერგეტიკული მშენებლობები.
” – მე მოვიყვან მარტივ მაგალითს, ისეთი ქვეყნების როგორიცაა: შვეიცარია, ავსტრია, იტალია. შვეიცარიაში სულ არის 550-ზე მეტი ჰიდროსადგური, აქედან 265 არის წყალსაცავიანი. კაშხლების ზომებზე თუ ვილაპარაკებთ, უფრო მაღალი კაშხლებია, ვიდრე ენრგურის კაშხალი.ასევეა ავსტრიაში, იქ ახლაც გრძელდება ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების მშენებლობა. ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენთან ეს აუცილებლად განსავითარებელია. რეალურადაც პოტენციალს ჩვენ ვითვისებთ და ქვეყანაში წყალსაცავიანი სულ რამდენიმე სადგურის მშენებლობა იგეგმება, იმიტომ რომ სხვა არ გაგვაჩნია – ეს არის ენგურისა და რიონის ბასეინში. წყალსაცავიანი ჰესები აუცულებელია, იმიტომ რომ ქვეყანას სჭირდება პიკური ენერგია”, – აღნიშნა მირცხულავამ.
წყარო: ენერგოპლატფორმა