"სსე" ჯვარი ხორგას ქვესადგურების მშენებლობას იწყებს

“სსე” ჯვარი ხორგას ქვესადგურების მშენებლობას იწყებს

გადამცემი ქსელების განვითარება ენერგოსექტორში ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო საკითხია. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 2 ახალი ქვესადგურის, მშენებლობას ახორციელებს. ესენია ხორგასა და ჯვარის ქვესადგურები. ჯვრის ქვესადგურის მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადადის და 2016 წელს შევა ექსპლუატაციაში. რა მნიშვნელობის იქნება აღნიშნული სადგურები და კონკრეტულად რა კომპონენტებით გააუმჯობესებს ქსელის გამტარუნარიანობას ამაზე სახელმწიფო ელექტროსისტემის თავმჯდომარე სულხან ზუმბურიძე საუბრობს.

„იმასთან ერთად, რომ ძველ, უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას ვაუმჯობესებთ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ახალი ქვესადგურებისა და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნას.
ისტორიულად საქართველოს საკმაოდ სუსტი გადამცემი ქსელი აქვს. ჩვენ ვიყავით საბჭოთა კავშირის ნაწილი, სწორედ ამ დროს საქართველო ერთიან სისტემაში იყო ჩართული, ხოლო, როდესაც მარტო დავრჩით და მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა აღმოჩნდა, რომ გვაქვს გადამცემი ქსელი, რომელსაც არანაირი გადაზღვევა არ აქვს, რითიც საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ დგებოდა მთელი გადამცემი ქსელის მდგრადობა.“

როგორც ზუმბურიძე აღნიშნავს, 90–იან და 2000–იან წლების დასაწყისში ახალი ინფრასტრუქტურის შექმნაზე ფიქრს აზრი არ ჰქონდა და ამ დრომდე ფაქტიურად არსებული ქსელის განვითარება მიმდინარეობდა, ხოლო ახლა, უკვე სახელმწიფო ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ეტაპზე გადადის.

„რაც შეეხება ჯვარისა და ხორგას პროექტებს მინდა გითხრათ, რომ ეს ორი ქვესადგური ძალიან მნიშვნელოვანი რგოლი იქნება ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის განვითარებაში და საკმაოდ დიდი დატვირთვა ექნება გადამცემი ქსელის განტვირთვასა და მდგრადობის გაძლიერების კუთხით.
ჯვარი–ხორგას პროექტის დაწყება ასევე განპირობებული იყო იმით, რომ მოხდეს ენგურზე გენერირებული ენერგიის უსაფრთხოდ ათვისება და მთელი ქვეყნის მასშაბით ხარვეზების გარეშე გადანაწილება. როგორც მოგესხენებათ ენგური ქართულ ენერგეტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი გენერაციის წყაროა, რომელიც ქვეყნის ძალიან დიდ ნაწილს ამარაგებს. დღესდღეობით გვაქვს ერთი 500 კილოვოლტიანი „იმერეთი“–ის გადამცემი ხაზი, რომელზეც მცირედი ტექნიკური ხარვეზის არსებობის შემთხვევაში მთლიანი გადამცემი ქსელის მდგრადობა ეჭვ ქვეშ დგება.

ამ ქვესადგურების მშენებლობაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება პოტენციური გენერაციის ობიეტების მიერ გამომუშავებული ენერგიის ათვისება. მხედველობაში მაქვს ხუდონი, ნენსკრა და სხვა მცირე ჰესები. სწორედ ხორგას ქვესადგური იქნება ერთგვარი კვანძი რომელიც შეკრებს ამ ჰესების მიერ გამომუშავებულ ენერგიას და შემდგომში გაანაწილებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.“-აცხადებს ზუმბურიძე

როგორც ცნობილია საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემას შემუშავებული აქვს განვითარების 10 წლიანი სტრატეგია სადაც გადამცემი ქსელის განვითარებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება არის დაგეგმილი. მათ შორის ახალი გადამცემი ხაზებისა და ახალი ქვესადგურების მშენებლობა, როგორებიც არის ხორგასა და ჯვრის ქვესადგურები.

energynews.ge

Leave a Reply