არის თუ არა საქართველოში ტრილიონობით კუბური მეტრი გაზის მარაგი – საკითხზე 17 ივნისს იმსჯელებენ.
კომპანია Frontera-ს მიერ წარდგენილი,ანგარიშის საჯარო განხილვა სწორედ მომავალ პარასკევს გაიმართება. ანგარიში Netherland, Sewell & Associates -ის მიერ არის მომზადებული და მასში სხვადასხვა ზონებში რამდენიმე ტრილიონი კუბ. მეტრი გაზის არსებობაზეა მინიშნებული: http://www.fronteraresources.com/wp-content/uploads/2015/04/Frontera-Mtsarekhevi.pdf
„ნავთობის და გაზის სახელმწიფო სააგენტოს“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ ანგარიში მოიცავს 2015 წლის მონაცემებს და არ პასუხობს მარეგულირებლის წესებს მარაგების შესახებ. თუმცა, იმიტომ რომ არ სურთ სამუშაო პროცესი იყოს ფორმალურობაზე აგებული და გათვალისწინებული იყოს შინაარსობრივი ნაწილი, ანგარიშის საჯარო განხილვა დაინიშნა.
გიორგი ტატიშვილი აღნიშნავს, რომ არსებობს კითხვები დაინტერესებული მხარეებისგან, ეროვნული კომპანიებისგან, სააგენტოს მხრიდან, ვინაიდან საქმე ეხება სახელმწიფოს რესურსებს.
საუბარი იქნება იმაზეც, თუ რა ინვესტიციები იქნება საჭირო იმისათვის, რომ რესურსები გახდეს მარაგები.
„საუბარია სხვადასხვა სახის მოცულობებზე და საუბარია ტრილიონებზე, თუმცა აქ საუბარია რესურსებზე, რომელიც წარმოადგენს თეორიულ პროგნოზებს და არა მარაგებს, რომელიც მარტივი ენით არის უკვე ის რესურსი, რომლის კომერციალიზაციაც ხდება“, – განმარტავს ტატიშვილი, ამბობს, რომ განიხილება ისიც, როგორ განახორციელებს კომპანია მარაგების კომერციალიზაციას.
ამ რესურსების ათვისება სწორედ Frontera-ს პირდაპირი ვალდებულებაა და ინტერესიც მაღალი უნდა იყოს.
ამასთან, ტატიშვილის თქმით, Frontera-ს მხრიდან იყო ინიციატივა ხელშეკრულებაში შესულიყო ცვლილებები, რამდენიმე ტექნიკურ საკითხზე და სააგენტო ცდილობს, რომ მიიღონ ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ორივე მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული.
წყარო: Gbc.ge