GWP -იმ საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

GWP -იმ საზაფხულო სტაჟირება დაიწყო

GWP სტუდენტებისა და კურსდამთავრებული ახალგაზრდებისთვის, უკვე მესამე წელია, საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამას ახორციელებს. გასული კვირიდან, პროგრამა კომპანიამ გახსნილად გამოაცხადა. წინა წელთან შედარებით, პროგრამა უფრო ფართომასშტაბიანია და მასში ჩართვას გაცილებით მეტი მსურველი შეძლებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ კადრების მოზიდვისა და წლევანდელ პროგრამაში ჩართვის მიზნით, თადარიგი წინასწარ დაიჭირეს და ყველა იმ უმაღლეს სასწავლებლებელს დაუკავშირდნენ, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აქვთ გაფორმებული. როგორც GWP –ის კადრების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სალომე ბაზერაშვილმა აღნიშნა, სტაჟირების გავლასთან დაკავშირებით მზაობა, ამ დროისთვის, უკვე 350-ზე მეტმა სტუდენტმა და კურსდამთავრებულმა გამოთქვა. პროგრამაში ჩასართავად, კი 100-მდე ახალგაზრდა შეირჩევა.

ბაზერაშვილის განცხადებითვე, კომპანიის მიზანი მოტივირებული და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენაა.

„იმისთვის, რომ კომპანია წარმატებით განვითარდეს, გვესაჭიროება ახალგაზრდა კადრები, რომლებსაც ხელს შევუწყობთ და დროთა განმავლობაში, კარგ სპეციალისტებად ჩამოვაყალიბებთ. საზაფხულო სტაჟირებისა და დასაქმების წლევანდელი პროგრამისთვის 100-მდე ახალგაზრდის შერჩევას ვგეგმავთ, რაც გასაუბრების მეთოდით მოხდება. შერჩეული ახალგაზრდები სტაჟირებას ისეთ ტექნიკურ სამსახურებში გაივლიან, როგორიცაა წყლის მოპოვებისა და განაწილების, წყალარინების, დისპეტჩერიზაციის, ქსელების მართვის, აღრიცხვის, ბილინგისა და ენერგეტიკის სამსახურები. საზაფხულო სტაჟირების პროგრამაში ჩართვით სტუდენტები და კურსდამთავრებულები შეეცდებიან მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები და პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც გამოიმუშაონ. ჩვენ კი მეტი საშუალება მოგვეცემა, ახლოს გავიცნოთ პროგრამის მონაწილეები და შევძლოთ მათი დაინტერესება კომპანიის ყოველდღიური საქმიანობით, ასევე, ობიექტურად შევაფასოთ მათი ცოდნა და პროგრამის ფარგლებში შეძენილი პრაქტიკული უნარ-ჩვევები“, – განაცხადა ბაზერაშვილმა.

მისი თქმით, რაც მთავარია, პროგრამის დასრულების შემდეგ, ყველაზე წარმატებულ სტაჟორებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ. გარდა ამისა, უკლებლივ ყველა სტაჟორს პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემა.

Leave a Reply