ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, რომელიც მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგვტ.სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.
საწარმოს ინვესტორია შპს “ფაზის ოილი”. იგი წარმოადგენს შპს Socar Georgia Investments-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი “ბიზნესკონტაქტთან” საუბრისას აცხადებს, რომ ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტები საქართველოსთან ერთად რეგიონის სხვა ქვეყნებში საექსპორტოდაც არის გათვალისწინებული.
“ჩვენი ქვეყანა არ არის ნავთობის მწარმოებელი და არც მსხვილი გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში არ ყოფილა. დამოუკიდებლობის პერიოდში ამის მცდელობები იყო, მაგრამ მცირე მასშტაბებით.
“სოკარის” საინვესტიციო ვალდებულება იყო კარბამიდის ქარხნის მშენებლობა, რომელიც კონკრეტული მიზეზების გამო არ განხორციელდა. თუმცა სოკარს ჰქონდა ტერიტორია, მიწის ფართი სადაც უნდა განეხორციელებინა ინდუსტრიული პროექტი, იყო მოსაზრება, რომ ეს ყოფილიყო ქიმიური ქარხანა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალურად ამ ინდუსტრიულ ზონაში ის ჩანაცვლადა „ფაზის ოილით“. პირობებით გათვალისწინებულია 2 მილიონი ტონა, რაც ძალიან ბევრია ჩვენი ადგილობრივი ბაზრისთვის. ეს ნიშნავს, იმას რომ ეს იქნება საექსპორტო რესურსი. ქარხანაში წარმოებიული ნავთოროექდუტები გათვალისწინებული იქნება რეგიონის და ევრიპის ბაზრისთვის“, – განაცხადა ვალიშვილმა.