“ფრონტერას” განაცხადი საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოში 5 ტრილიონი კუბური მეტრი გაზის რესურსის შესახებ არარეალურად ჟღერს, თუმცა როგორც ინვესტორი ამბობს, მათ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები აქვთ. “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ” გასულ წელს ფრონტერას აღნიშნული საბადოდან მხოლოდ 23 მილიონი კუბური მეტრი გაზის მოპოვების ლიცენზია მისცა, დამატებითი მარაგების შესახებ გაკეთებული განცხადებების შემდეგ კი შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა მოსთხოვა, რაზეც ფრონტერამ მაშინ უარი განაცხადა. სააგენტოს მხრიდან გამოწერილი ჯარიმის გასაჩივრების შემდეგ კომპანიას აღნიშნული დოკუმენტების წარდგენა აპრილის ბოლომდე სასამართლომ დაავალა.
აქვს თუ არა “ფრონტერას” მწარე ხევის საბადოს პოტენციალის შესახებ საფუძვლიანი არგუმენტები და რა წერია იმ დოკუმენტში რაც ინვესტორმა სახელმწიფოს წარუდგინა, ამ კითხვებით “ბიზნესკონტაქტმა” ფრონტერას ამერიკულ ოფისს მივმართეთ. მათ მიერ მოწოდებულ განცხადებაში წერია: “ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსა და ნავთობისა და გაზის კორპორაციისთვის ოფიციალურად გვაქვს გაგზავნილი მარაგების ანგარიში, რომელიც დადასტურებულია ერთ-ერთი უმსხვილესი მარაგების სერთიფიცირების ამერიკული კომპანიის netherland sewell and associates მიერ”.
ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ დაგვიდასტურა, რომ ფრონტერამ მათ გაზის რესურსების დამადასტურებელი კვლევა წარუდგინა, თუმცა როგორც მარიამ ვალიშვილი ამბობს, კომპანია ისევ რესურსებზე საუბრობს და ეს არ არის დამტკიცებული მარაგები.
“საკმაოდ პერსპექტიული მესიჯები მოდის ამ კომპანიისგან რესურსებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ კვლევა, რომელიც ადასტურებს რესურსების არსებობას, თუმცა ეს არ არის მარაგების ფორმატში დამტკიცებული მარაგები, რომლის მოპოვება შეიძლება ხვალ დაიწყოს. ვართ ოპტიმისტები, რომ დადასტურდება ის მოცულობები, რასაც რესურსი ქვია. ამისათვის ბევრი წელი და ინვესტიციაა საჭირო”, – აცხადებს მარიამ ვალიშვილი.