საბურთალოს რაიონის ელექტრომომარაგების საიმედოობის გაზრდის მიზნით კომპანია „თელასმა“ ექსპლუატაციაში გაუშვა ახალი 35-კილოვოლტიანი გადამცემი ხაზი „საბურთალო-4“.
კომპანიის ინფორმაციით, საჰაერო ხაზი, რომლის სიგრძე 1,1 კილომეტრს შეადგენს, ერთმანეთთან აკავშირებს ქვესადგურებს „დიდუბე-220“ და „სანაპირო“.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა საბურთალოს რაიონის 19 ათასამდე აბონენტის, მათ შორის სასიცოცოხლო მნიშვნელობის ობიექტების, ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა.
„თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაო“–ს შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაო“-ს მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“- დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაო“-ს სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება.
„ინტერ რაო“-ს ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს