ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.
ქარხნის მშენებლობის, ასევე ადგილზე თიზ-ის მოწყობის ვალდებულება „სოკარ ჯორჯია ინვესტმენტის“ უფლებამონაცვლე კომპანიამ „ფაზის ოილმა“ აიღო.
საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შვეიცარიაში დარეგისტრირებული სს „სტრიმტრეიდია“ (ყოფილი Multiplex solutions).
კომპანიამ „სოკარ ჯორჯია ინვესტმენტში“ „ტრიდანის“ და „აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის“ (SOCAR) წილები, ჯამში 100% შეიძინა და აიღო ვალდებულება, რომ გააუქმებს ამ პროექტებისთვის გაცემულ წინა მფლობელების თავდებობას ან გამოითხოვს გარანტიებს.
ეკონომიკის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ახალი ინვესტორია შპს „ფაზის ოილი“. იგი წარმოადგენს შპს “სოკარ ჯორჯია ინვესტმენტის” უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.
ინვესტორმა აიღო ვალდებულებება გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლუატაციაში მიიღოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და ევრო 5 სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტების საწვავის წარმოების შესაძლებლობა.
ამასთან, წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.
აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს აზერბაიჯანულ მედიასთან საუბრისას „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ პრეზიდენტმაც უარყო ამ პროეტში მონაწილეობა, თუმცა მას არ გაუკეთებია განმარტება ყულევში საინვესტიციო პროექტების სრულად შეჩერებაზე.
შეგახსენებთ, რომ ამ ადგილას კარბამიდის ქარხნის მშენებლობა იგეგმებოდა, თუმცა პროექტი არ განხორციელდა.