"მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ ჩვენი გენერაცია, რათა არსებულ გამოწვევას ვუპასუხოთ"

“მაქსიმალურად უნდა განვავითაროთ ჩვენი გენერაცია, რათა არსებულ გამოწვევას ვუპასუხოთ”

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდის გათვალისწინებით, ქვეყანაში უნდა განვითარდეს 4000 მგვტ-მდე ახალი გენერაციის ობიექტები, მათ შორის აუცილებელია სტრატეგიული ობიექტების მშენებლობა, როგორებიცაა: ხუდონჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, ნენსკრაჰესი.

“როდესაც ვსაუბრობთ ელექტროენერგეტიკაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ელექტროენერგია არის საქონელი, რომლის დასაწყობებაც შეუძლებელია. თუ არ არის საკმარისი გენერაციის ობიექტები დროის იმ მონაკვეთში, როდესაც არის დეფიციტი, რაც არ უნდა ჭარბი იყოს გენერაცია წლიურ ჭრილში – ის ჭარბი ენერგია დეფიციტს ვერ დაფარავს. შესაბამისად, ჩვენ უნდა განვავითაროთ ჩვენი გენერაცია მაქსიმალურად, რათა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში (პიკებზე) ჩვენ გვქონდეს საკმარისი გენერაცია, რომ ვუპასუხოთ ამ გამოწვევას. ამისთვის საჭიროა დაახლოებით 4000 მგვტ-მდე ახალი სადგურების განვითარება, საიდანაც დაახლოებით 1500 მგვტ არის დიდი/სტრატეგიული პროექტები: ხუდონჰესი, ნამახვანის ჰესების კასკადი, ონის ჰესების კასკადი და ნენსკრაჰესი, ხოლო დანარჩენი არის მცირე და საშუალო ჰესები”,

– განაცხადა ილია ელოშვილმა.

ელოშვილის განმარტებით, ე.წ. მოდინებაზე მომუშავე ჰესები ძირითადად აქტიურები არიან გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში, ხოლო შემოდგომა-ზამთრის პერიოდში გამოიმუშავებენ წლიური გამომუშავების 20-30% ელექტროენერგიას.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ქარის ენერგიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ რამდენიმე ასეული მეგავატის ქარის სადგურების მშენებლობაც უნდა განხორციელდეს.

Leave a Reply