თბილისში ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად EBRD 27 მლნ ევროს გამოყოფს

თბილისში ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად EBRD 27 მლნ ევროს გამოყოფს

თბილისში ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე ავტობუსების შესაძენად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 27 მლნ ევროს გამოყოფს.

სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, ფინანსთა მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის“ ბანკი 27 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით გამოყოფს 7 მილიონ ევროს.

პროექტით გათვალისწინებულია თბილისის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ხელშეკრულებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში გააფორმებს. ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი 11-12 მაისს, ლონდონში გაიმართება.

11 მაისს, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გახსნასა და პლენარულ სესიაში.

დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.

ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს, მეთ მალოის (Matt Mallloy). მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ს ხაზინას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივა.

დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID), სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO), საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების (Moody’s; FitchRatings) წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი სტუმრობდა.

Leave a Reply