რაჭაში წელს ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები მოწესრიგდება

რაჭაში წელს ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზები მოწესრიგდება

რაჭაში ტურისტული სეზონისთვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დაიწყო. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე რადიო „კომერსანტთან” აცხადებს, რომ წელს საკმაოდ ტევადი და მნიშვნელოვანი პროექტებია დაგეგმილი, რომელთა ნაწილის განხორციელება დაწყებულია  იმისათვის, რომ ზაფხულის სეზონისთვის მოესწროს დასრულება.

მარგველიძე ამბობს, რომ პირველ რიგში საჭიროა რაჭის შიდა გზების მოწესრიგება. მათ შორის კურორტებთან მისასვლელი, ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. გუბერნატორი ამბობს, რომ ამ მიმართულებით წელს დაგეგმილია უწერადან შოვისკენ მიმავალი გზის რეაბილიტაცია, რომლის ტენდერი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დაიწყება სამშენებლო სამუშაოები და იგეგმება ზაფხულის სეზონამდე დასრულება იმისათვის, რომ ყველა მსურველს მიეცეს შესაძლებლობა კომფორტულად მივიდეს შოვის კურორტამდე. მისივე ინფორმაციით, კეთდება ჭრებალოს მიმართულებით გზა, ასევე ალპანა-ცაგერის მიმართულებით ასფალტირებული გზის მოწყობა იგეგმება.

პაპუნა მარგველიძე ამბობს, რომ წელს ასევე გეგმაშია ისტორიულ ძეგლებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება.  საუბარია გზების კაპიტალურ შეკეთებაზე. ამას გარდა, მოხდება ლენტეხის მიმართულებით გზის მშენებლობა და ამ მიზნით ტენდერი უკვე მაისში გამოცხადდება. რაც შეეხება საჩხერე-შქმერის გზას , რომლის მშენებლობაც  რეგიონული განვითარების სამინისტრომ 2014 წელს დააანონსა, თუმცა უსახსრობის გამო შეჩერებული იყო, პაპუნა მარგველიძე დღეს ამბობს, რომ ეს სრულიად რეალური პროექტია და არსებობს პრემიერ-მინისტრის თანხმობა, განიხილება რამდენიმე ვარიანტი და შეირჩევა საუკეთესო, რომელიც დაპროექტდება და მოხდება დაფინანსება. პროექტის განხორციელების შემთხვევაში  თბილისიდან ზემო რაჭაში ჩასვლა ორსაათნახევარში იქნება შესაძლებელი.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply