თბილისში მტკვრის დონე ამ მიზეზით, 9 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით, დაიწევს და ბუნებრივ ნიშნულს დაუბრუნდება.
4 დღის განმავლობაში, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“, ზაჰესის და ორთაჭალჰესის წყალსაცავებზე გეგმიური გარეცხვის სამუშაოებს აწარმოებს, მოხდება წყალსაცავებზე დაგროვილი ნაგვის გატანა-გაწმენდა.
სამუშაოების მიმდინარეობისას 4 დღის განმავლობაში გაჩერდება ზაჰესი და 3 დღის განმავლობაში ორთაჭალჰესი. გეგმიური გარეცხვის სამუშაოების მიზანია, წყალსაცავების სასარგებლო მოცულობის შენარჩუნება.
აღნიშნული სამუშაოები, ყველა უსაფრთხო ნორმის დაცვით განხორციელდება, რომელიც შეთანხმებულია საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან და გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან.