გარდაბანის თბოსადგური – 2-ის მშენებლობისთვის 190 მილიონის ინვესტიციაა საჭირო, – იტყობინება „გალტ ენდ თაგარტი“.
საინვესტიციონ ბანკის ცნობით, თბოსადგურის მშენებლობის დაწყება 2017 წლისთვის იგეგმება. 240 მგვტ დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურს არსებული, გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოსადგურის მსგავსი ტექნიკური მახასიათებლები ექნება.
ამასთან, ახალი თბოსადგურის მშენებლობის სურვილი 6 კომპანიამ გამოთქვა, რომელთა ვინაობა ჯერ არ კონკრეტდება.
შეგახსენებთ, გარდაბანის თბოსადგური „ჩალიკ ენერჯი ჰოლდინგმა“ ააშენა, ჯამურმა ინვესტიციამ – 220 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
შპს “გარდაბანის თბოსადგური 1”-ის 51 % -იანი წილი “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას”, 49% “საპარტნიორო ფონდს” ეკუთვნის.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს დამატებითი სიმძლავრეები სჭირდება.
2016 წლის მარტში ელექტროენერგიის წარმოება 9.5%-ით იყო შემცირებული, რაც თბოსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების შემცირებამ გამოიწვია.
თბოელექტროსადგურების მიერ წარმოებული ელექტროენერგია მარტში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56.2%-ით არის შემცირებული. შემცირების მთავარი მიზეზი თბილსრესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის 98.7%-იანი შემცირება იყო. გარდა ამისა, მარტში გამორთული იყო მტკვარი ენერგეტიკის მე-9 ბლოკი, რომლის წარმოება 2015 წლის მარტში 172 გვტ/სთ-ს შეადგენდა.
დეფიციტის შევსება კი, რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე მოხდა. 2016 წლის მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით იმპორტი 76.2%-ით გაიზარდა და ქვეყნის მოხმარების 14.2% დააკმაყოფილა.
წყარო: gbc.ge