აზერბაიჯანულმა კომპანიამ 1000 კუბურ მეტრზე გაზის საფასური 44 დოლარით შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზე 10 თეთრით აისახა.
რომ არა საქართველოს მთავრობის პრინციპული დამოკიდებულება, საავტომობილო აირი ახლაც ძვირად გასაღდებოდა.
კომპანია “ველოგაზ პლუსის” დირექტორი როინ ნოზაძე ადასტურებს, რომ აზერბაიჯანულმა კომპანიამ 1000 კუბ.მ-ზე გაზის საფასური 44 დოლარით შეამცირა, რაც სამომხმარებლო ტარიფზეც შესაბამისად აისახა. მისი ინფორმაციით, ადრე 1000 კუბ.მ გაზს 316 დოლარად ყიდულობდნენ, ახლა კი 270 დოლარად მიიღეს. ფასის ცვლილების შემდეგ კომპანიამ მომწოდებელთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა და ახალი ტარიფი დაადგინა.
რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფს, როინ ნოზაძე აცხადებს, რომ მომხმარებლებისთვის გაზის საფასურმა 1 აპრილის შემდეგ 10 თეთრით დაიწია და ახლა 1,15 ლარს შეადგენს.
კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ფასის დაკლება დადებითად აისახა რეალიზაციაზე და გაყიდვები 30%-ით გაეზარდათ.
“სოკარის” მიერ ფასის კლებას ადასტურებენ გაზგასამართი სადგურების კომპანია “თიბიეს ჯგუფშიც”. როგორც კომპანიაში განაცხადეს, 1000 კუბ.მ-ზე ტარიფი დაახლოებით 40 დოლარით შეუმცირდათ და სამომხმარებლო ტარიფსაც 10 თეთრი დააკლეს.
ავტოგაზის საფასურის შემცირება ენერგეტიკის სამინისტროს მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად განხორციელდა, რის შემდეგაც კომპანია სოკართან ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული ხელშეკრულებით, “სოკარმა” მზადყოფნა გამოთქვა 1000 კუბ.მ-ზე 35-40 აშშ დოლარით შეემცირებინა გაზგასამართი სადგურებისთვის კომერციული გაზის ფასი.