კომპანია „თელასმა“ 2016 წლის პირველი კვარტლის ოპერაციული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2016 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ 719 მილიონი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 9,3% (61 მილიონი კვტ*სთ-ით) აღემატება 2015 წლის პირველი კვარტლის მოხმარების მოცულობას (658 მილიონი კვტ*სთ).
ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებამ და ახალი მომხმარებელთა რაოდენობის 3,4% (18,4 ათასით) ზრდამ გამოიწვია.
2016 წლის იანვარ-მარტში 2015 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 10,4%-ით (64,6 მილიონი კვტ*სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 685 მილიონი კვტ*სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების მატებამ განაპირობა.
2016 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 874 კმ შეადგინა, რაც 4,7%-ით (220 კმ-ით) აღემატება 2015 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელს (4 654 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.