საქართველო აზერბაიჯანულ ელექტროენერგიაზე უარის თქმას არ აპირებს, მიუხედავად დაგეგმილი ჰესების პროექტისა, – განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმა აზერბაიჯანული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, საქართველო 100-მდე ენერგეტიკული პროექტი აქვს დაგეგმილი. როგორც ვალიშვილი აცხადებს, ჰესები სრულად ვერ აკმაყოფილებს ქვეყნის ენერგეტიკულ მოთხოვნას, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში.
“საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება განსაკუთრებით ზამთარში იზრდება, როდესაც ქვეყანა იმპორტირებულ ენერგიას იყენებს”, – აცხადებს ვალიშვილი. მისივე თქმით, შემოდგომაზე საქართველოში გარდაბნის თბოელექტროსადგური ამოქმედდება, რომელიც ნაწილობრივ დააკომპენსირებს ზამთარში არსებულ ელექტროენერგიის დეფიციტს.
როგორც ვალიშვილი აღნიშნავს, არსებული ელექტროგადამცემი ხაზები საშუალებას იძლევა ელექტროენერგიის ტრანზიტი განხორციელდეს. აზერბაიჯანთან ტრანზიტი ჯერ-ჯერობით არ განხორციელებულა, თუმცა ქართული მხარე ამ კუთხით მზადყოფნას გამოთქვავს. როგორც ვალიშვილი აღნიშნავს, ელექტროენერგიის ფასი თურქეთში, ნახშირსა და გაზზე შემცირებული ფასის გამო, ბოლო პერიოდში ეცემა და მიწოდება შესაძლოა წამგებიანი გახდეს.
“აზერბაიჯანმა უნდა გადაწყვიტოს რამდენად მომგებიანია მისთვის ელექტროენერგიის ტრანსპორტირება. ყველაფერი დამოკიდებულია ფასზე. ზაფხულის პერიოდში, როდესაც საქართველოში ენერგიის წარმოება აღემატება მოხმარებას ქვეყანა ახორციელებს ექსპორტს”, – აცხადებს ვალიშვილი.