კონცერნ Hyundai Motor Company–ის განცხადებით, ახალი სისტემის წყალობით მანქანას შეეძლება „ურთიერთობის“ დამყარება მოძრაობის სხვა მონაწილეებთან. ამაში მას ღრუბლოვანი სერვისი დაეხმარება, რომელიც ინფორმაციის დიდ მასივებს გადაამუშავებს. პროექტს ეწოდება Car to Life – „ავტომობილი სიცოცხლისთვის.“
ესაა მორიგი ნაბიჯი სრულიად ავტომატურ მართვაზე მყოფი ავტომობილის შექმნისკენ. სპეციალური სისტემის წყალობით, მანქანებმა უნდა „იგრძნონ“ მოძრაობის სხვა მონაწილეები. ინფორმაცია მანქანების ადგილმდებარეობის შესახებ ერთიან დატა–ცენტრში შეიკრიბება.
ახლახანს, ხელოვნური ინტელექტის მქონე ავტომობილის შექმნის შესახებ Toyota–მაც განაცხადა. „ჭკვიანი“ ავტომობილის შექმნაზე იაპონური კონცერნი Microsoft–თან ერთად მუშაობს.
რომელ ფირმასთან თანამშრომლობს Hyundai ამ მიმართულებით და როდის გამოჩნდება „ჭკვიანი“ ავტომობილის მზა პროტოტიპი, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, კორეელები 2020 წლისთვის პროტოტიპს მაინც წარმოადგენენ.
ამ დროისთვის Toyota და მთელი რიგი სხვა მსოფლიო ბრენდები ავტომატურ მართვაზე მყოფი ავტომობილების პრეზენტაციას გეგმავენ.
ექსპერტების აზრით, ავტომატური მართვის მქონე ავტომობილებს პირველ რიგში იმ მაგისტრალებზე დაუშვებენ, სადაც მანევრების რაოდენობა მინიმალურია.