საქართველოში პირველი გაზსაცავის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების პროექტი დასრულებულია.
ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა პროექტის წარმომადგენლებთან ერთად წარადგინეს სამგორის სამხრეთი თაღის საბადოზე გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საბოლოო ანგარიშის შედეგები.
ანგარიში საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ფრანგულმა კომპანია „ჯეოსტოკმა“ მოამზადა, რომელთანაც ხელშეკრულება საქართველოს ნავთობისა და გაზის კოპორაციამ 2015 წლის ივნისში გააფორმა.
მოსახლეობისა და ენერგეტიკის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს მთავრობამ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გადაწყვიტა მიწისქვეშა გაზსაცავის აშენება სამგორის სამხრეთი თაღის საბადოს ბაზაზე. მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობით ქვეყანა მიიღებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტს, რომელიც აამაღლებს მის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდებას კრიტიკულ სიტუაციებში გაზის მოწოდების შეფერხების შემთხვევაში და შეამცირებს გაზის მოწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული სეზონური დისბალანსით გამოწვეულ პრობლემებს.
გაზსაცავის მშენებლობის დასრულების შემდეგ მასში 210-280 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის შენახვა იქნება შესაძლებელი, რაც დღევანდელი მთლიანი წლიური მოხმარების დაახლოებით 15%-ს შეადგენს.