„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი "როსნეფტს" დაუთმო

„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის სტატუსი “როსნეფტს” დაუთმო

„გაზპრომმა“ რუსეთის ყველაზე ძვირადღირებული  კომპანიის სტატუსი დაკარგა. პირველად ისტორიაში, მას კაპიტალიზაციის მაჩვენებლით „როსნეფტმა“ გადაუსწრო. ადგილობრივი დროით 13:56 საათზე, Bloomberg–ის მონაცემებით, კომპანიის კაპიტალიზაციამ 3,466 ტრილიონ რუბლს მიაღწია, „გაზპრომის“ ანალოგიურმა მაჩვენებელმა კი იგივე პერიოდში 3,450 ტრილიონი შეადგინა. ანუ დოლარში მაჩვენებლებია შესაბამისად $52 მილიარდი  $51,7 მილიარდის წინააღმდეგ.

„როსნეფტის“ აქციები რუბლში ისტორიულ მაქსიმუმამდე ავიდა – რუსეთის უმსხვილესი ნავთობკომპანიის ფასიანი ქაღალდების ღირებულება 3,3%–ით გაიზარდა და 327,05 რუბლი შეადგინა. „გაზპრომის“ აქციები კი 145,8 რუბლი ღირს.

„როსნეფტის“ ახალი რეკორდი ნავთობზე ფასების ზრდით აიხსნება – ამჟამად Brent–ის ღირებულება ბარელზე დაახლოებით 42 დოლარს შეადგენს. ამასთან, „გაზპრომთან“ შედარებით „როსნეფტი“ უფრო მოქნილ, სტაბილურ და პერსპექტიულ კომპანიად გამოიყურება იმ დავალიანების ფონზეც კი, რომელსაც კომპანია თანდათანობით ამცირებს – აღნიშნავს Sberbank CIB–ის ანალიტიკოსი ვალერი ნესტეროვი.

წინა წლებში „გაზპრომი“ მსოფლიოში კაპიტალიზაციის მიხედვით მეოთხე კომპანია იყო.

გარდა ნავთობის ფასების ზრდისა, „როსნეფტისადმი“ ბაზრის ნდობა განაპირობა გასული წლის მეოთხე კვარტალში კომპანიის ძლიერმა ფინანსურმა ანგარიშმა. „ატონის“ ანალიტიკოსის ალექსანდრ კორნილოვის განცხადებით, „გაზპრომის“ მაჩვენებლები ნაკლებ საიმედოა: გაზზე ევროპული ფასების 130 დოლარამდე დაცემა (1000 კუბურ მეტრზე) აუარესებს მონოპოლიის ფინანსურ მონაცემებს.

მანამდე სააგენტო Bloomberg–მა ექსპერტების გამოკითხვის საფუძველზე გამოთქვა ვარაუდი, რომ „როსნეფტი“ უკვე 2016 წელს შეძლებს „გაზპრომთან“ გათანაბრებას კაპიტალიზაციის მაჩვენებლით. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ „გაზპრომი“ კონკურენციის გამწვავებისა და ევროპულ ბაზარზე ფასების 10 წლის მინიმუმზე დაცემის ფაქტის წინაშე დადგა. ამასთან, იძულებულია მილიარდობით დოლარი დახარჯოს ახალ გაზსადენებზე.

Bloomberg–ი ასევე ვარაუდობს, რომ „როსნეფტისთვის“ ისტორიულმა მომენტმა შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელისუფლებო ძალთა გადანაწილებაზე „კრემლის დერეფნებში“.

Leave a Reply