„კომერსანტის“ ინფორმაციით, „სოკარმა“ „კონკურენციის სააგენტოსთან“ სასამართლო წააგო. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ თავად კონკურენციის სააგენტოში დაგვიდასტურეს, სადაც განმარტავენ, რომ სასამართლომ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანიის 14 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ.
“სსიპ – კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება ნავთობკომპანიების საქმეზე ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად არ დააკმაყოფილა შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“-ს სარჩელი და ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 14 ივლისის N81 ბრძანება, რომლის მიხედვითაც, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ დაეკისრა 14 381 385 ლარის ოდენობის ჯარიმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულება, გადაწყვეტილება და შეთანხმებული ქმედება) დარღვევისათვის,” – აცხადებენ სააგენტოში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელის ბექა კემულარიას განცხადებით, სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ კონკურენციის სააგენტოს არგუმენტები დასაბუთებულია და მათი გაქარწყლება „სოკარის“ მიერ დაქირავებულმა იურისტებმაც ვერ შეძლეს, რომლებსაც კომპანიამ სოლიდური თანხა გადაუხადა.
„სოკარს ამ საქმეში ადვოკატად მიწვეული ჰყავდა ინგლისის დედოფლის მრჩეველი. მაგრამ სააგენტოს არგუმენტები იმდენად მყარი იყო, რომ დახარჯულმა მილიონებმა ვითარება ვერ შეცვალა,“ – აცხადებს კემულარია.
მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ბაზარზე ფასების მხრივ ცვლილებებია მოსალოდნელი კლების მიმართულებით, რადგან, კანონმდებლობის თანახმად, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი სწორედ სააგენტოა, რომელსაც აქვს უფლება, შეთანხმებული ფასების გაგრძელების შემთხვევაში, კომპანია ბრუნვის 10%–ით დააჯარიმოს.
კემულარიას განცხადებით, ეს პრეცედენტი ნიშნავს იმას, რომ დანარჩენი კომპანიების შემთხვევაშიც იგივე გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი. მისი თქმით, კომპანიები თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, სააპელაციო, შემდეგ კი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა ექსპერტი ვარაუდობს, რომ აღნიშნული ინსტანციებიც იგივე გადაწყვეტილებას მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ „სოკარი“ სასამართლოს გზით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა. კერძოდ, 2015 წლის ზაფხულში, სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის მიზეზით ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. კონკურენციის სააგენტომ ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დააკისრა. საუბარია კომპანიებზე – ვისოლი (10,426 393 ლარის ჯარიმა), ლუკოილი (4, 740 260), სოკარი (14 381 385), რომპეტროლი (10 885 806) და გალფი (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან.
როგორც 2015 წლის ზაფხულში სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ბარაბაძემ განაცხადა, მივიდნენ დასკვნამდე, რომ 2008–2014 წლებში ბაზარზე ირღვეოდა კონკურენციის დაცვის პრინციპები, მოქმედებდა ხელოვნური ბარიერები და მოქმედებდა შეთანხმებული ფასი. კონკურენციის სააგენტოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, დაეკისრათ ჯარიმა – ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით. დაჯარიმებულმა ნავთობკომპანიებმა აღნიშნული დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრეს