ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილა, რომლებიც ძირითადად, ხანდაზმულ დავალიანებებს შეეხებოდა. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, მთლიანობაში მოქალაქეებს ჩამოაწერეს 241 672.
ხანდაზმულ დავალიანებად ითვლება ისეთი ტიპის დავალიანება, რომლის მოთხოვნაზე უფლების წარმოშობიდან გასულია 3 წელზე მეტი.
აღნიშნული ვადა დავალიანების ხანდაზმულად ცნობასთან დაკავშირებით განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად. ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში გამანაწილებელ კომპანიას შეუძლია მოქალაქეს (აბონენტს) მოსთხოვოს მისი გადახდა. თუმცა, თავის მხრივ მოქალაქეს შეუძლია არ გააფორმოს კომპანიასთან ხელშეკრულება, ხანდაზმული დავალიანების აღიარებასთან დაკავშირებით, მიმართოს სემეკს ან ენერგოომბუდსმენის სამსახურს შესაბამისი განცხადება/საჩივრით და კომისია იმსჯელებს ასეთი სახის დავალიანების ჩამოწერის საკითხზე.
ამასთან, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი მიწოდებისა და მოხმარების წესების შესაბამისად, ხანდაზმული დავალიანების არსებობის შემთხვევაში, გამანაწილებელ კომპანიას უფლება არ აქვს აბონენტს შეუწყვიტოს კონკრეტული მომსახურების მიწოდება. ხანდაზმული დავალიანების არსებობა კონკრეტული აბონენტის მიმართ, არ ნიშნავს იმას, რომ აბონენტმა არ უნდა გადაიხადოს შესაბამისი მომსახურების მიმდინარე გადასახადი.