"TANAP-ის პროექტით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ელის"

“TANAP-ის პროექტით საქართველოს ეკონომიკის განვითარებას ელის”

საქართველოს პრემიერი ტრანსანატოლიის გაზსადენის მშენებლობით ენერგეტიკულ რუკაზე საქართველოს გაძლიერებას ელის, ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გამოცემა caspianenergy.net -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, სამხრეთის დერეფნის მეშვეობით ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას წელიწადში 6-დან 22 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე დამატებითად ხელმისაწვდომი იქნება 0,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი.

„მას შემდეგ, რაც დაგეგმილი პროექტები და რეგიონალური ინიციატივები განხორციელდება, საქართველოს, როგორც სანდო სატრანზიტო პარტნიორის, როლი კიდევ უფრო გაიზრდება, ასევე განმტკიცდება მისი ენერგოუსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება. გარდა ამისა, ეს ფართომასშტაბიანი პროექტი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას საქართველოში. ბუნებრივი აირის სამხრეთის დერეფნის კონსორციუმი ახორციელებს მრავალმილიონიან ინვესტიციებს საქართველოში ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად, რის შედეგადაც იქმნება სამუშაო ადგილები და უზრუნველყოფილია ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული განვითარების მხარდაჭერა”,

– ამბობს კვირიკაშვილი.

პრემიერს იმ კითხვაზეც მოუხდა პასუხის გაცემა,  რატომ გადაწყვიტა საქართველომ ბუნებრივი აირის სექტორში აზერბაიჯანთან გრძელვადიანი ურთიერთობების გადახედვა.

კვირიკაშვილი ირწმუნება, რომ საქართველო არ ეძებს ბუნებრივი აირის გრძელვადიანი მიმწოდებლის ალტერნატივას.

„რამდენიმე კონტრაქტის საფუძველზე, აზერბაიჯანი უზრუნველყოფს ქართულ ბაზარზე გაზის 90 პროცენტის მიწოდებას. შაჰ-დენიზის მეორე ფაზის განხორციელება საქართველოს უზრუნველყოფს გაზის დამატებითი ოდენობით, რასაც საფუძვლად უდევს კონსორციუმთან გაფორმებული გრძელვადიანი ხელშეკრულებები. მანამდე კი, 2030 წლამდე, სოკართან 2016 წლის 4 მარტს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით 500 მილიონი კუბომეტრი გაზი დამატებითად მიეწოდება „სოციალურ” სექტორს (მეურნეობები და ელექტროენერგიის თერმული გამომუშავება). კომერციულ სექტორში არ მოქმედებს საკანონმდებლო შეზღუდვები და კომერციულ მომხმარებლებს შეუძლიათ მიმწოდებლის არჩევა კომერციული პირობების საფუძველზე“,

-ამბობს პრემიერ მინისტრი.

წყარო: Gbc.ge

Leave a Reply