დაბა კოჯრის ელექტრომომარაგების გაუმჯობესების მიზნით კომპანია „თელასმა“ ქვესადგურში „კოჯორი“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.
კომპანიის ინფორმაციით, ქვესადგურში ძალოვანი ტრანსფორმატორის (T-2) და 35-კილოვოლტიანი ზეთიანი ამომრთველის (BT-35) სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად ქვესადგურის სიმძლავრე 4 მეგავატით გაიზარდა. აგრეთვე, გაუმჯობესდა დაბა კოჯრის 1437 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარება განსაკუთრებით აქტუალურია დაბა კოჯრის ინფრასტრუქტურის განვითარების, საკურორტო სეზონის მოახლოების და ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნილების პირობებში.
ცნობისთვის, სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას თბილისში. კომპანია ელექტროენერგიას აწვდის 500 ათასზე მეტ მომხმარებელს. 2003 წლის აგვისტოში სს „თელასი“ „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს“ მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.
ჯგუფი „ინტერ რაო“ დივერსიფიცირებული ენერგეტიკული ჰოლდინგია, რომელიც რუსეთსა და მის საზღვრებს გარეთ ელექტროენერგეტიკის სფეროს მრავალ სეგმენტში მონაწილეობს. კომპანიას რუსეთის ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის დარგში ლიდერის პოზიცია უკავია, მისი წილი აქტიურად იზრდება გენერაციის და რეალიზაციის სეგმენტებში, ასევე ავითარებს ბიზნესის ახალ მიმართულებებს. „ინტერ რაოს“ სტრატეგია მიმართულია გლობალური ენერგეტიკული კომპანიის შექმნისკენ, რომელიც მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრის ერთერთი გადამწყვეტი მოთამაშე იქნება. „ინტერ რაოს“ ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე 35 გიგავატს შეადგენს.