ნიგოზა და ცენტრალური ქარის ელექტროსადგურების ფარგლებში სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” ძალებით დაიწყო 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟი.
სს “ჩალიკ ჯეორჯია ვინდის” დაკვეთით თურქული კომპანია ენისოლარი ახორციელებს 80 მეტრის სიგრძის მეტეოროლოგიური ანძების მონტაჟს შიდა ქართლის რეგიონში – სოფელ ნიგოზასთან და იმერეთის რეგიონში, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. თითო პროექტისთვის დამონტაჟდება ორი მეტეო ანძა. ანძების მეშვეობით კომპანია 1 წლის მანძილზე შეისწავლის ქარის ძირითად პარამეტრებს, რის საფუძველზეც მოხდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევების მომზადება.
წინასწარი მონაცემებით, ცენტრალური ქარის ელექტროსადგურის პროექტი ითვალისწინებს 150 მვტ-ის, ხოლო ნიგოზას პროექტი 50 მვტ სიმძლავრის ფარგლებში, ქარის ელექტროსადგურების მოწყობას.
ამ ეტაპზე, ორივე პროექტისთვის მომზადებულია წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა.
შეგახსენებთ, რომ „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“ წარმოადგენს თურქული კომპანია Calik Enerji Sanayi ve Ticaret A.S. და ქართული კომპანია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ ერთობლივ საწარმოს, რომელიც დაარსდა 2015 წლის 23 ივლისს.
სწორედ „ჩალიკ ჯორჯია ვინდ“-ის ძალებით იგეგმება აღნიშნული ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა.