"ინტერ რაომ" ყოფილი "მეცხრე" და "მეათე" ბლოკები გაყიდა

“ინტერ რაომ” ყოფილი “მეცხრე” და “მეათე” ბლოკები გაყიდა

რუსულმა ენერგოგიგანტმა საქართველოში აქტივების გაყიდვა დაიწყო – „კომერსანტისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ „ინტერ რაო ეეს“–მა  ყოფილი “მეცხრე” და “მეათე” ბლოკები (მტკვარი ენერგეტიკის პირველი და მეორე ბლოკები) გაყიდა.

მანამდე “კომერსანტის” მიერ ამ თემაზე გავრცელებულ მასალაში უზუსტობა გაიპარა, რის გამოც ვაზუსტებთ, რომ საუბარია არა ჰესებზე – ხრამი–1–სა და ხრამი–2–ზე, არამედ მტკვარი ენერგეტიკას პირველ და მეორე ბლოკებზე, რომლებიც ყოფილი “მეცხრე” და “მეათე” ბლოკების სახელითაა ცნობილი.

აღნიშნული აქტივების მყიდველი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფია, რომლის ერთერთი დირექტორია გელა ბეჟუაშვილი.  ბეჟუაშვილი 2005–2008 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, მანამდე, 2004–ში კი – საქართველოს პირველი სამოქალაქო თავდაცვის მინისტრი. გელა ბეჟუაშვილი 2004–2005 წლებში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობდა.

მისი ძმა, ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი 1994 წლიდან არის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული ორი კომპანიის – CHEMEXIM INTERNATIONAL LTD-სა და KEMBLE TRADING LTD-ს პარტნიორია.

სწორედ CHEMEXIM INTERNATIONAL LTD–ია საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის მფლობელი.

დავით ბეჟუაშვილი იყო თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო არჩევნებზე – 2008 და 2012 წელს – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კვოტით. ის ამჟამადაც პარლამენტის წევრია და მაჟორიტარების ფრაქციაში ირიცხება.

“ინტერ რაოს” მიერ ქართული აქტივების გაყიდვასთან  დაკავშირებით კომენტარის მისაღებად “კომერსანტი” ენერგეტიკის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ აღნიშნული ბლოკების მიმართ დაინტერესება არის GIG-ს მხრიდან, თუმცა რამდენადაც სამინისტროსთვისაა ცნობილი, ჯერ მოლაპარაკებები დასრულებული არ არის.

ამასთან, “კომერსანტთან” სატელეფონო საუბარში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშილმა დაადასტურა რუსული ენერგოგიგანტის მიერ ქართული აქტივების GIG–სთვის მიყიდვის ფაქტი და განაცხადა: „დოკუმენტი არ მინახავს, თუმცა, ინფორმაცია მაქვს, რომ საერთაშორისო ენერგეტიკულმა კორპორაციამ ინტერრაოსგან ეს აქტივი შეიძინა.“

20–წლიანი გამოცდილების  მქონე საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნეს პორტფელი  მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირზე და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას.

ჰოლდინგის ორ ძირითად მიმართულებას ხელმძღვანელობს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ (სსეკ): ელექტოენერგიის გამომუშავება და ბუნებრივი აირის რეალიზაცია. კომპანია  დაარსების დღიდან 2005 წელიდან ქართული ელექტროენერგიის ბაზარზე  მნიშვნელოვანი მიმწოდებელია, ამავდროულად სსეკ აწარმოებს ენერგიის ექსპორტს მეზობელ ქვეყნებში. დღეისათვის სსეკ-ს მფლობელობაშია 8 მცირე ჰიდრო სადგური, ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგური და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზზე მომუშავე თბოელექტოსადგური. კომპანიის მთლიანი დადგმული სიმძლავრე 362 MW წარმოადგენს.

სსეკ წარმოდგენილია ბუნებრივი აირის როგორც საცალო ისე საბითუმო  ბაზრებზე, გაყიდვების პორტფელის 40% და 60%-ის შესაბამისი განაწილებით.

რაც შეეხება რუსულ „ინტერ რაოს,“ მისი აქციონერები რუსეთის ხელისუფლებასთან აფილირებული კომპანიები არიან.

„კომერსანტი“ ცდილობს გარიგების დეტალების გარკვევას და პასუხის მიღებას შეკითხვაზე – რატომ გადაწყვიტა „ინტერ რაომ“ ქართული აქტივების გაყიდვა, ხომ არ შედის მის გეგმებში საქართველოში არსებული სხვა აქტივების გაყიდვა და რა შეიცვლება ენერგეტიკის ქართულ ბაზარზე აღნიშნული გარიგების შემდეგ?

წყარო: commersant.ge

Leave a Reply